დაფნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აპოლონი და დაფნე
ბერნინი, მარმარილო (1622-24 წ.წ.), რომი, ბორგეზეს მუზეუმი

დაფნე(ბერძნ.) („დაფნა“). ნიმფა, მდინარის ღმერთის, პენევსის ასული.

აპოლონი და დაფნე
ა. პოლაიოლო (დაახ. 1470 წ.). ლონდონი, ნაციონალური მუზეუმი
აპოლონი და დაფნე
ჰიდრიას ფერწერა (ძვ. წ. 450-440 წ.წ.). ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

ხელოვნების მფარველი ღმერთი აპოლონი უბადლო მოისარიც იყო. ერთხელ, მან თვალი შეასწრო სიყვარულის ღვთაებას, პატარა ეროსს, რომელსაც თავისი მშვილდი მოეზიდა. აპოლონს ღიმილი მოერია სახეზე და ეროსი მასხრად აიგდო, რა შენი საქმეა ისრის ტყორცნა, სჯობს სიყვარულით აღაგზნო ღმერთთა და კაცთა გულებიო. განაწყენდა ეროსი, პარნასოსზე აფრინდა და ორი ისარი ამოიღო: ერთი იყო ტრფობის აღმგზნები, მეორე კი – ჩამაქრობელი. ტრფობის აღმგზნები ოქროს ისარი აპოლონს სტყორცნა, ჩამაქრობელი კი – პენევსის ასულ დაფნეს. შეუყვარდა აპოლონს დაფნე და სცადა მისი დამორჩილება. გაიქცა ნიმფა. ნიავის ქროლამ თმა აუშალა, აუფრიალა სიომ სამოსი. სირბილმა უფრო დაამშვენა ქალწული. როდესაც სრბოლით დაიღალა, მამა-ღვთაებას შეევედრა, სახე ეცვალა მისთვის. მამამ სურვილი აღუსრულა და ზეცისკენ ვედრებით ხელაპყრობილი ნიმფა ხედ გარდაისახა. აპოლონმა ხელი მოჰხვია, ეამბორა და ასე მიმართა: „შენ არ ისურვე ჩემი ცოლობა, მაგრამ მუდამ ჩემთან იქნები. შენით შევიმკობ დღეიდან თმასაც, კითარასაც და კაპარჭსაც, დაფნე!“ ბოლოს ისურვა დიდმა ღვთაებამ, მარად უჭკნობი ყოფილიყო დაფნეს ფოთოლი.


მას შემდეგ დაფნა აპოლონის წმინდა ხედ ითვლება. დაფნის რტო მისი მუდმივი ატრიბუტია. აპოლონისადმი მიძღვნილ მუსიურ აგონებზე გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.


ანტიკურ ხელოვნებაში დაფნეს მითოსი დიდი სიყვარულით სარგებლობდა. ეს სიუჟეტი პოპულარული იყო აღორძინების ეპოქაშიც (ჯორჯონე, ბრეიგელი) და შემდგომაც (ბერნინი, პუსენი და სხვა).





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები