დებორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ დორე. დებორა, 1874.

დებორა (დაახლ. ძვ.წ. XII) – ბიბილიური გმირი და ისრაელის მსაჯული. ებრაელთა მეთაური და სულისჩამდგმელი ქანაანელთა ქალაქის, ხაცორის მეფის, იაბინის წინააღმდეგ ომში.

დებორას ისრაელისთვის მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, რადგან ქანაანში ახლამოსულ ებრაელებს უამრავი მტერი ჰყავდათ და ისინი ყველა მხრივ ავიწროებდნენ მათ. ქანაანური ქალაქის, ხაცორის მეფე, იაბინი აპირებდა ებრაელთა დაპყრობას და ამისთვის დიდი ლაშქარი შეკრიბა სიმამაცით და ფიზიკური ძალით განთქმული მხედართმთავრის, სისერას მეთაურობით. როდესაც ებრაელებმა ამის შესახებ შეიტყვეს, დებორას სთხოვეს წინამძღოლობა გაეწია მათთვის, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ჯარის სარდალი კაცი უნდა ყოფილიყო და დახმარებისთვის ბარაკს მიმართა, რომელიც ნაფთალის ტომის ტერიტორიაზე მოსახლეობდა. ბარაკს უნდა შეეკრიბა არმია ნაფთალისა და ზაბულონის ტომებისაგან და დებორასთან გამოცხადებულიყო თაბორის მთასთან. ბარაკი დასთანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ომში მასთან ერთად დებორაც უნდა ყოფილიყო. ამით ის ბრძოლაში გამარჯვების დიდებას მარტო ვერ მიიღებდა და დებორასაც გაუზიარებდა. როდესაც ბარაკი თაბორის მთასთან მივიდა ზაბულონისა და ნაფთალის ტომების ლაშქრით, მას იქ დებორა შეეგება, რომელსაც ეფრემის (ეფრაიმის), ბენიამინის, ისახარის და მენაშეს ტომთა ჯარი ახლდა. სხვა ტომების არმია არ მოიხსენიება. მალე თაბორის მთასთან ქანაანელთა არმიის სარდალმა, სისერამ მოუყარა თავი ჯარს. ბიბლიის მიხედვით მას რკინის საბრძოლო ეტლები ჰქონდა. ქანაანელი ქვეითები საკმაოდ კარგად იყვნენ აღჭურვილები შუბებით და დიდი ფარებით. ქანაანელ მსუბუქ ქვეითებს კი შურდულები და მშვილდ-ისრები ჰქონდათ. ებრაელთა ჯარი თითქმის მთლიანად ქვეითი მეომრებისგან შედგებოდა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ შურდულებით, შუბებით და ფარებით. მეგიდოს მახლობლად ებრაელებმა ქანაანელებს შეუტიეს და ბრძოლა გაუმართეს. თავდაპირველად ორივე მხარე გამხეცებით ჩეხავდა ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ ებრაელებმა ბარაკის მეთაურობით გაარღვიეს მტრის რიგები და ნელ-ნელა დაიწყეს ქანაანელების ამოჟლეტვა. სისერამ საბრძოლო ეტლები წარუმატებლად გამოიყენა, ამიტომ ამ დიდმა იარაღმა, რომელსაც გაშლილ ველზე საზარელი ძალა გააჩნდა, ვერანაირი ცვლილება ვერ შეიტანა შეტაკების მიმდინარეობაში.

თვითონ სისერა დამარცხების შემდეგ ბრძოლიდან გაიქცა და ერთგან კარავში გაჩერდა დასასვენებლად. ეს მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. კარვის მეპატრონე ქალმა, სახელად იაელმა ქანაანელი მხედართმთავარი ძილის დროს მოკლა.

ამ დიდებული გამარჯვების აღსანიშნავად დებორამ და ბარაკმა უფლის სადიდებელი ჰიმნი შეადგინეს, რომელსაც „დებორას სიმღერა“ ეწოდება. ეს ლექსი დაახლ. ძვ.წ. VIII საუკუნისაა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით ძვ.წ. XII საუკუნეშია დაწერილი. მიუხედავად ამისა, დებორას სიმღერა უძველესია ისრაელის პოეზიის ისტორიაში.

ამ ბრძოლის შემდეგ დებორაზე არავითარი ცნობები აღარ არსებობს. უცნობია როგორ გააგრძელა მსაჯულობა, სად გარდაიცვალა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან ორმოცწლიანი მშვიდობა მოუტანა თავის ხალხს.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები