დებულება საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ დებულება - 1918 წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის, თავმჯდომარეობით შედგა საგანგებო თათბირი განათლების რეფორმის გატარების თაობაზე, გადაწყდა, რომ სასკოლო და მოზრდილი (40 წლამდე) ასაკის ადამიანებისათვის შემოღებული ყოფილიყო საყოველთაო და სავალდებულო სწავლება. შედგა დებულება საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ.

დებულების I მუხლის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის საერთო განათლების ყველა საშუალო სკოლა ერთი ტიპის უნდა ყოფილიყო. ამ მუხლს ჰქონდა შენიშვნა:
საერთო (ზოგადი) განათლების საშუალო სკოლა, რომელიც ქალაქთა, ერობათა, საზოგადოებათა ან კერძო პირთა საშუალებით ინახებოდა, შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო ამ მუხლში აღნიშნული სკოლის საერთო ტიპისაგან იმ აუცილებელი პირობით, თუ ეს განსხვავება ყოველ კერძო შემთხვევაში დადასტურებული იქნებოდა განათლების სამინისტროს მიერ.

შემდეგი მუხლები დებულებისა ასე იყო ფორმულირებული:
II მუხლი: საერთო განათლების საშუალო სკოლის მიზანია აღზარდოს მოზარდი თაობა და მისცეს მას დასრულებული მთლიანი საშუალო განათლება და ამავე დროს მოამზადოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის;

III. განათლების საშუალო სკოლას აქვს 4 კლასი, ერთი წლის კურსით თითოეული;

შენიშვნა 1. 1919-1920 და 1920-1921 სასწ. წლებში გიმნაზიებში არსებულ 8 და 7-კლასიან საზოგადო განათლების საშუალო სკოლის და აგრეთვე საპრ. და სატეხნიკო სკოლების პირველი ოთხი კლასი გადაკეთებული იქნეს უმაღლეს დაწყებით სკოლებად.

შენიშვნა 2. გაუქმებული იქნეს საერთო განათლების საშუალო სკოლებთან არსებული მოსამზადებელი კლასები.

IV მუხლი: განახლებულ საშუალო სკოლებში შეისწავლებოდა შემდეგი საგნები: ქართული ენა და სიტყვიერება; რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, ორი უცხო ენა, მათ შორის ერთი რუსული, მეორე - არჩევით, ან ფრანგული, ან გერმანული, ან ინგლისური, ისტორია, პოლიტიკური ეკონომია, სამართლის მეცნიერება, ფსიქოლოგია, ლოგიკა, მათემატიკა, მათემატიკური გეოგრაფია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბუნებისმეტყველება და ჰიგიენა, ფიზიკური ვარჯიშობა, გალობა და მუსიკა, ხელსაქმე და ხელგარჯილობა.

V მუხლი: ლათინური ენა, როგორც სავალდებულო საგანი ამოღებული იქნა;

აღნიშნული დებულება, როგორც კანონპროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სკოლების მართვისა და სწავლა-აღზრდის ერთიანი პრინციპის შემოღების შესახებ, მოიწონა მთავრობამ და 1918 წლის 3 ივნისს წარუდგინა ეროვნულ საბჭოს დასამტკიცებლად. ერ. საბჭომ კანონპროექტი დაამტკიცა. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

  • დ. ჭუმბურიძე, განათლება 1918-1921 წლებში, თბ., 2000;
  • სცსა, ფ. 1935, აღწ. 1, საქ. 454;

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები