დედოფალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედოფალა

დედოფალა - ბავშვის, ან საერთოდ ადამიანის მიმსგავსებით გაკეთებული სათამაშო, ჩვეულებრივ, პატარა გოგონების შესაქცევარი.

დედოფალებს დიდი ხნის ისტორია აქვთ. თავდაპირველად ისინი უძველესი რელიგიური აზროვნების შესაბამისად, თაყვანისცემის ობიექტებს წარმოადგენდნენ. საქართველოს, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ზოგჯერ „ასეთ გამოსახულებებს შვილოსნობას და გამრავლებას შესთხოვდნენ. მაგ., სოფ. ფხელშელში არსებული „ქალების ხატი“, დედოფალას წარმოადგენდა და შემოსილი იყო თეთრი ტანსაცმელთ, მძივებით, ყელსაბამით, საყურეებითა, და ბეჭდებით, (ს. მაკალათია). ასევე საინტერესოა სოფ. ქორდაში „წმ. ბარბარეს ეკლესიაზე შეწირული სათამაშო, აკვანში ჩაწვენილი, დედოფალა, რაც ადასტურებს რწმენას ბარბარეს შესახებ, როგორც სხვადასხვა სენისაგან, მკურნალ და ავადმყოფობის მფარველ და დამცველ წმინდანზე“ (ვ. ბარდაველიძე). ხევში. სოფ. გარბანში, ყველიერის დროს ბავშვები თავისი გაკეთებული დედოფალებით კარდაკარ ჩამოუვლიდნენ, სურსათს ითხოვდნენ და მღეროდნენ.

ამენავ, ამენიასაო, ჯარელავ ჯარელაისაო,
ღმერთო, ხელი მოუმართე, ცხორ-მწყემსთ გარეთ გასულსაო
ამრავლე, და გააშენე ეს ოჯახიო

დადასტურებულია აგრეთვე დედოფალას გამოყენება გვალვის საწინააღმდეგო ცერემონიალში. ასეთი დედოფალები ცნობილია სხვადასხვა სახელებით „ლაზარე“, „გონჯა“, „საწვიმარი გუგა“, „ძივოუ“ და ა. შ. რაჭაში ბზობის კვირას „დედოფალობანა“ იმართებოდა. ერთ-ერთი ბავშვი დედოფალას ხელში დაიჭერდა, სიმღერითა და ლოცვით ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში, შეაგროვებდნენ კვერცხებს და განაწილებისას დედოფალას პატრონს არ ივიწყებდნენ.

დედოფალებს სამეურნეო დანიშნულებაც ჰქონდათ. ასეთია უკანასკნელი დრომდე შემორჩენილი ფრინველებისაგან ხილისა თუ ბოსტნეულის დასაცავად დადგმული „საფრთხობელა“ ივ. ჯავახიშვილი). ამ მხრივ აღსანიშნავია ქართლ დამოწმებული „ბოსტნის დედოფალა", კახეთში – „ბოსტნის კუკი“. აღნიშნული მაგალითები აშკარად ადასტურებენ დედოფალთა მაგიურ დანიშნულებას. მათ დიდი ხანია დაკარგეს ამგვარი გაგება. დღეს ისინი მხოლოდ გასართობი, სათამაშო დანიშნულებით გამოიყენებიან.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დედოფალების მდიდარი კოლექციაა დაცული. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ისინი საინტერესო სურათს გვიჩვენებენ მთის რაიონებში შემონახულია უძველესი ტიპის დედოფალები, ქალაქთან ახლო მყოფ რაიონების ნიმუშებს ქალაქური ჩაცმულობის ელფერი დაკრავს (ნ. ღოღობერიძე), ხალხში დედოფალას დასამზადებლად გამოყენებულია: ჯოხი, ჩხირი, ფიცრის ნაჭერი; ზოგჯერ დედოფალას ტანი ქსოვილისაგანაა შემზადებული. დედოფალას აკეთებენ აგრეთვე მცენარეული მასალისაგანაც (გოგრა, კვახი), (ცომისაგან და სხვ. ტანის ნაკვთების ხაზგასმით გამოკვეთის მიზნით იყენებენ მატყლს. ფეხები დედოფალას იშვიათად უჩანს, თავ-პირი ან ჯოხის წვერზე დაბმულ, მატყლით გამოვსებულ ბრტყელ-მომრგვალო ბურთს წარმოადგენს (ფშაური კახური) ან ქსოვილშემოვლებულ მრგვალსა და ბრტყელ ღილს, ლითონის ფულს. სახის ძირითადი ნაკვეთები დაქარგული ან მოხატულია. თმად გამოყენებულია ქალის ნამდვილი თმა, ან მატყლი. ხალხური დედოფალა ყოველთვის ქმნის ადამიანის სახის გარკვეულ ილუზიას.

საქართველოში დედოფალათა გავრცელებული სახელებია: „დედოფალა“ (ქართლი), „ტიკინა“ (კახეთი) „გუგა“ (თუშეთი), „კუკნა“ (ფშავი) „კუკი“, „ძონძი კუკი“ (კახეთი) „კიკო“ (საინგილო), „თოჯინა“ (ქართლი), „თოჯა ბიჭი“ (ქართლი), „თოჯა გოგო“ (ქართლი), „შვილიკა“ ანუ „შვილუკა“ (ხევსურეთი), „ძოძი-ქალა“ (გუდამაყარი, „დალ“, „მოშპარდალ“ (სვანეთი), „ლაზარე“ (ქართლი) და სხვ.


ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, ხევი, 1934;
  • ე. ბარდაველიძე, ქართუელთა ფუძე. სარწმუნოების ისტორიიდან, 1941;
  • დ. ჯანელიძე, ქართული თეატრის ხალხური საწყისები, 1948.
  • ნ. ღოღობერიძე, ქართული ხალხური დედოფალის კატალოგი, 1968,

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები