დევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დევი – ფანტასტიკური ზღაპრის პერსონაჟი. ბოტების საწყისი, ეშმაკი, დემონი. უხეში ფიზიკურთ ძალის განსახიერება, გოლიათი.

სანსკრიტულსა და ლათინურ ენებში ღმერთის საერთო სახელწოდება, ირანულში – დემონური ძალის, მანკიერების სინონიმი: ძველ ქართულ ძეგლებში დევი ავსულის, ეშმაკის გაგებით იხმარება. ზღაპრული სახე შედარებით გვიან ყალიბდება და ადამიანისათვის მავნე თვისებათა მატარებელია. როგორც ბოროტების განსახიერება, დევი ითავსებს გველეშაპის ფუნქციებსა და გარეგნულ ნიშნებს: შთანთქავს მზეს, იტაცებს და ქვესკნელში მალავს მზეთუნახავს. გარეგნულად დევი ზოომორფული და მრავალთავიანია, გამოირჩევა გიგანტური გარეგნობით, განუზომელი მადით. ცხოვრობს ადამიანური ყოფით როგორც ქვესკნელში, ისე გამოქვაბულებსა და ჩვეულებრივ მიწაზე. ხშირად ფლობს დიდ სიმდიდრეს. გმირს უძნელდება დევის მოკვლა მისი სულის მრავალსაფეხურიანი საფარის გამო. დევისთვის დამახასიათებელია კანიბალური თვისებები, ადამიანის სუნის შეგრძნება და მისი შეჭმის სურვილი.

ქართულ ზღაპრებში დევი წარმოდგენილია სამი ფერით: თეთრით, შავით და წითლით. ფანტასტიკური ელემენტის დაქვეითებით დევის საზარელი გარეგნობა სატირულ ელფერს იღებს, სიბრიყვითა და უგუნურებით კომიკურ მდგომარეობაში ვარდება. საქართველოს მთიანეთში აღინიშნება დევის სახელის მიკუთვნება როგორც მჩაგვრელთათვის, ისე უცხო ტომის არასასურველ პირთათვის.

მ. ჩაჩავა



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, მიჯაჭვული ამირანი, 1947, 101;
  • მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, 1966.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები