დევკალიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადამიანის შექმნა
სარკოფაგი (ახ. წ. 270 წ.), რომი, კაპიტოლიუმის მუზეუმი

დევკალიონი(ბერძნ.) კეთილშობილი მეფე, პრომეთეს ძე, ელინთა მამამთავარი. მის სახელთან არის დაკავშირებული ცნობილი მითი სახელწოდებით „დევკალიონის წარღვნა“:

ზევსი განრისხდა ადამიანთა მოდგმაზე და განიზრახა მისი დაღუპვა. ფთიის მეფე დევკალიონმა ეს შეიტყო მამა-პრომეთესაგან, რომელიც მან მოინახულა კავკასიაში. დევკალიონმა ააგო კიდობანი, ამოავსო აუცილებელი საზრდოთი და შიგ ჩაიკეტა თავის მეუღლე პირასთან ერთად, რომელიც ეპიმეთევსის ასული იყო. მალე სამხრეთის ქარმაც დაბერა, წამოვიდა კოკისპირული წვიმა და მდინარეები ადიდდნენ. აზვირთებულნი ქუხილით მიედინებოდნენ ზღვისკენ, რომელიც სულ მაღლა და მაღლა იწევდა და თავისი ფსკერისკენ მიაქანებდა ქალაქებს. ბოლოს ისე მოხდა, რომ წყლის ქვეშ აღმოჩნდა მთელი სამყარო, ზოგიერთი მთის თხემის გარდა. ზღვად ჩაიძირა ყველა მოკვდავი. გადარჩა მხოლოდ დევკალიონი თავის მეუღლე პირასთან ერთად. ცხრა დღე მიქროდა ზვირთებზე მისი კიდობანი. როცა დამშვიდდა ზღვა, კიდობანი პარნასოსის მთაზე აღმოჩნდა.

დევკალიონმა და პირამ მსხვერპლი შესწირეს ზევსს – შემწყნარებელს და სალოცავად გაემართნენ თემისის სამსხვერპლოსაკენ. ისინი ღვთაებას ევედრებოდნენ ადამიანთა კვლავ აღდგენას, კვლავ წარმოშობას. მალე მათ თემისის ხმაც შემოესმათ: „თავს სარქმელები დაირქვით და დედა–ღვთაების ძვლები უკანმოუხედავად თავზე გადაიყარეთ!“ დევკალიონმა და პირამ იფიქრეს, რომ დედა-ღვთაება დედამიწაა, ძვლები კი მისი ქვები. ამიტომ, მათ თავსაფრებით დაიბურეს თავები, შეაგროვეს ქვები და იწყეს მათი თავს ზემოთ, უკან გადაყრა. იმ ქვებისაგან, რომელსაც ისროდა დევკალიონი, წარმოიშვნენ კაცები, პირასაგან ნასროლი ქვებისაგან კი – ქალები. ასე აღორძინდა ადამიანთა მოდგმა.

ლეგენდა დევკალიონზე მიეკუთვნება იმ თქმულებათა რიცხვს, რომელნიც მსოფლიო წარღვნაზე მოგვითხრობენ (ასურულ-ბაბილონური მითოსი, ინდური მითოსი, ძველი აღთქმა და სხვა).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები