დემეტრე I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემეტრე I. მარცხვარიშის ფრესკა

დემეტრე (დიმიტრი I) - საქართველოს მეფე 1125-1146 წლებში. იგი იყო დავით აღმაშენებლის ძე. დემეტრემ ჭაბუკობიდანვე გამოიჩინა თავი ნიჭით, მხედრული სიმამაცით და სიქველით.

1117 წელს მეფე დავითმა იგი წარგზავნა შირვანს სალაშქროდ, სადაც დემეტრემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნადავლით დაბრუნდა უკან. გამეფების წელს თურქები გააძევა დმანისიდან და ხუნანიდან. მის დროს ანისში ისევ დაბრუნდნენ მაჰმადიანი მმართველები, მაგრამ დემეტრემ ისინი აიძულა საქართველოს ერთგულ ყმადნაფიცებად დარჩენილიყვნენ ბოლომდე.

1138 წელს დემეტრემ ილაშქრა განძას, აიღო იგი, მოხსნა მთავარი ალაყაფის კარები და ჩამოიტანა გელათში (დღესაც იქ ინახება). სასახლეში კი ამ დროს შეთქმულება მოაწყვეს დემეტრე მეფის წინააღმდეგ. მათ უნდა ჩამოეგდოთ დემეტრე, და ტახტზე უნდა აეყვანათ დავითის მეორე ძე ყივჩაყის ქალისაგან, ვახტანგი, მაგრამ დემეტრემ შეთქმულებს დაასწრო, ვახტანგს თვალები დასთხარა და დანარჩენ შეთქმულებს თავები დააყრევინა.

1150 წელს დემეტრეს მეორედ მოუწყვეს შეთქმულება, რომელსაც ამჟამად მისივე უფროსი ძე (შემდგომში დავით V, რომელმაც გამეფებიდან მხოლოდ ექვსი თვე იცოცხლა) დავითი ხელმძღვანელობდა. იგი ვერ ეგუებოდა იმას, რომ ტახტის მემკვიდრედ დემეტრე უმცროს ძეს, გიორგის (იგივე გიორგი მესამეს) ამზადებდა. დემეტრემ ეს შეთქმულებაც დროზე გაიგო, შვილს აპატია, მაგრამ მისი თანამზრახველები ზოგი დახოცა, ზოგი სამშობლოდან გააძევა.

1153 წელს ანისს შემოესია ამირა სალდუხი. დემეტრემ იგი სასტიკად დაამარცხა და ტყვედაც წამოიყვანა. 1155 წელს მისმა შვილმა დავითმა მაინც წაართვა მამას ტახტი, ხოლო დემეტრე მეფე ბერად შედგა გარეჯის მონასტერში დამიანე ბერის სახელით. მწვავე შინაპოლიტიკური ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა. შემორჩენილია მისი ოთხი საგალობელი, შესრულებული იამბიკოს სახით: ორი – წმინდა შიო მღვიმელის სახელზე, ხოლო ორი – ღვთისმშობლოსადმი მიძღვნილი; საგალობელი „შენ ხარ ვენახი...” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საეკლესიო (და არა მარტო საეკლესიო) საგალობელია; მისი საგალობლები საკმარისად დახვეწილი რითმებითაა გაწყობილი.

„შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.“

დემეტრე I-მა დაასრულა და აკურთხა გელათის ტაძარი 1125 წელს. გარდაიცვალა 1156 წელს და დაკრძალულია გელათში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები