დემოკრიტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემოკრიტე

დემოკრიტე - Demokritos, Демокрит, 460-370 ძვ.წ.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ატომების მატერიალისტური მოძღვრების შემქნელი. დემოკრიტეს თანახმად, ყველაფერი, რაც ხდება სამყაროში და ადამიანის ცხოვრებაში, მკაცრად არის განსაზღვრული და გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება (დეტერმინიზმი). ყოველივე არსებული შედგება უმცირესი განუყოფელი ნაწილაკებისაგან - ატომებისაგან (მონადა). ატომები ერთმანეთისაგან განსხვავდება ზომით, ფორმით და სიმაგრით. საგანთა მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, თუ როგორი ატომები ჭარბობს მათში და როგორაა ისინი განლაგებული. საგნების წარმოშობა არის ატომების გაერთიანება და და მოსპობა - ამ მთლიანობის დაშლა, რაც მოძრაობას გულისხმობს. თავის მხრივ, მოძრაობის პირობა სიცარიელეა. ამრიგად, დემოკრიტეს ფილოსოფიური სისტემა სამი ცნების საფუძველზეა აგებული, ესენია ატომი, სიცარიელე და მოძრაობა.

დემოკრიტეს შეხედულება სულის შესახებ სწორედ ამ სამი ცნებიდან ამოდის. სული სხეულის მოძრაობის მიზეზია. სულიც მატერიალურია და შედგება განსაკუთრებულად მოძრავი, პატარა და მრგვალი ატომებისაგან. სხეულის დაშლისას სულის ატომები ტოვებს მას, ესეიგი სხეულთან ერთად სულიც მოკვდავია. სუნთქვისას ჩვენში შემოდის სულის შემადგენელი ატომები, ამოსუნთქვისას ორგანიზმიდან სულის ნაწილიც ამოდის, ანუ იგი მუდმივი განახლების პროცესშია. საბოლოოდ ყველა ფიზიკურ სხეულს, ქვას, მცენარეს, ცხოველს აქვს სულის ატომების მცირე რაოდენობა და, ამ აზრით, აქვს სული, მეტ-ნაკლებად. მაშასადამე, დემოკრიტე პანფსიქიზმის თვალსაზრისს იზიარებს.

ავადმყოფობა ატომების ბუნებრივი პროპორციის დარღვევაა, დაბერება - სულის მოძრავი ატომების რაოდენობის კლება. მძიმე და მსუბუქი ატომების ყველაზე კარგი თანაფარდობა ტვინშია. ის შემეცნების ორგანოა, გული - მაღალი გრძნობებისა, ღვიძლი - დაბალი ვნებებისა, შეგრძნების ორგანოები კი - შეგრძნებისა. შეგრძნების ორგანოებში მოთავსებული სულის ატომები ზედაპირისკენ მოძრაობს და იქ ხვდება რეცეპტორში შეღწეული საგნების მიკროსკოპულ ასლებს, „სურათებს” , ე.წ. „ეიდოლებს” . საგნებიდან მუდმივად გამოედინება მათი უმცირესი „სახეები” და ჰაერში მოძრაობს. შეგრძნების ორგანოში შეღწევისას ეიდოლები შეეხება სულის ატომებს და წარმოიქმნება შეგრძნება (ე.წ. „გამოდინების თეორია”). შემეცნება შეგრძნებიდან იწყება. მართალია, შეგრძნება საგნის ასლებს „იჭერს”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულიად ზუსტად ასახავს სინამდვილეს. შეგრძნება არცთუ იშვიათად ცდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ერთი ისაა, რომ სულის ატომებთან დაჯახებისას საგნის სრულყოფილი ხატი, ეიდოლა შეიძლება დამახინჯდეს. ასევე, შეცდომა მოსალოდნელია, თუკი ეიდოლა შეაღწევს არა შეგრძნების ორგანოში, არამედ სხეულის იმ ნაწილებში, სადაც სულის ატომების კონცენტრაცია ნაკლებია და ისინი არაა შეგრძნებაზე სპეციალიზებული. მცდარი აღქმა, ილუზია მაშინაც ჩნდება, როცა ქარი ეიდოლებს წაიღებს შორს მათი შესაბამისი საგნებიდან. ამ დროს ადამიანი ხედავს იმას, რაც მის წინ სინამდვილეში არ არის {მირაჟი}.

დემოკრიტე სიზმარსაც მძინარე სხეულში ეიდოლების მოხვედრით ხსნის. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ შეგრძნებები ზოგჯერ მცდარია {აღქმის ილუზია}, გრძნობადი აღქმის საშუალებით მიღებული ცოდნა მაინც შეზღუდულია აქ და ახლა არსებული საგნებისა და მოვლენებისა თვალსაჩინო მოცემულობით {აღქმითი ველი}. ბევრი რამ მისთვის დაფარული რჩება. ამიტომ გრძნობად შემეცნებას დემოკრიტემ „ბნელი” უწოდა. სამაგიეროდ, აზროვნება „ნათელი” შემეცნებაა; იგი ნათელყოფს იმას, რაც შეგრძნებისთვის დაფარული დარჩა. მაგ., უხილავი ატომების შემეცნება შეგრძნებით შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მოაზრება გონების საშუალებით. ამდენად, შეგრძნება {აღქმა} და აზროვნება, როგორც კოგნიციური ფსიქიკური ფუნქციები, შემეცნების პირველი და მეორე საფეხურებია. ეს მართებული აზრი სამუდამოდ დარჩა ფსიქოლოგიაში.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები