დემური (საცხობი ყალიბი )

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დემური – აჭარული რიტუალური პურისა და მისი საცხობი ყალიბის საერთო სახელწოდება.

სპეციალურ ლიტერატურაში აღწერილი საცხობი ყალიბი ორნაწილედია: ერთში ცომი იკვრება, მეორე კი ზემოდან ეხურება; ყალიბის გაშლა-დახურვა ერთმანეთთან მაკრატლისებურად დამოქლონებული სახელურის მეშვეობით ხდება. მისი ზედა ნაწილის შიდა მხარე დაფარულია ნატიფად შესრულებული ორნამენტით, რომლის ყოველი ფუძეფართო დეტალი ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება, რაც ყალიბიდან ნამცხვრის ამოღებას აადვილებს.

ყალიბს ჯვრის, დაუსრულებელი ჯვრის, ხარის თავ-რქისა და სხვა სახის დეკორი ამშვენებს. ყალიბში პურის ცხობა შედარებით ადვილი იყო და ნაკლებ დროსაც მოითხოვდა. საამისოდ, დემურს წინასწარ გაახურებდნენ, შიგ ცომის გუნდას (რძეში მოზელილ პურის ფქვილს კვერცხს, შაქრის ფხვნილს, ზოგჯერ კარაქსაც ურევდნენ, რის გამოც იგი საკმაოდ ყუათიანი იყო) მოათავსებდნენ, ყალიბს დახურავდნენ და ღუმელში ნაკვერჩხალზე დადებდნენ. პური დაახლოებით 5 წთ-ში ცხვებოდა.

ზემოაღწერილ ყალიბში გამომცხვარ პურს აჭარლები, გარდა დემურისა, ჭრელ//დაჭრელებულ (ე. ი. ორნამენტირებულ) პურსაც უწოდებდნენ (ოთხკუთხა ყალიბში თუ უყალიბოდ სწორკუთხად გამომცხვარს ოთხქოშალი – „ოთხკუთხა“ — პური ერქვა). საკუთვრივ ტერმინი დემური თურქული წარმომავლობისაა და „სამჭედლოს“ ნიშნავს (თურქ. დემირჩი „მჭედელი“. აჭარაში დემური ნახშირის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა). შესაძლოა, ყალიბსა და მასში გამომცხვარ პურს „დემური“ იმიტომაც უწოდეს, რომ საცხობი მოწყობილობა სამჭედლოშია დამზადებული და პურიც ნაჭედ ყალიბშია გამომცხვარი (არის ვარაუდი, რომ სახელწოდება დემური „...სამჭედლოსთან, ან მჭედლობასთან დაკავშირებულ რიტუალებთან მის გარკვეულ კავშირზე უნდა მიუთითებდეს“).

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რიტუალური პურების დასაჭრელებლად იყენებდნენ სპეციალურ საბეჭდავებს, რომლებსაც ეწოდებოდა დესტაგი/დაგი/ბეჭდარი (სვ.), ბიქილა (რაჭ.), საჭვრეთა (ხევს.) და სხვ. საინტერესოა ითქვას, რომ ქიზიყში ტერმინი „დემური“ ტყავის საფხეკ რკინის იარაღს აღნიშნავს.


ლიტერატურა

  • ნ. მგელაძე, ლ. ლევიძე, თ. ტუნაძე. რიტუალური პურის საცხობი ყალიბი ოლადაურის თემიდან // კავკასიის ეთნოლოგიური კრებული. XI. თბ., 2005, გვ.145-155;
  • რ. გუჯეჯიანი. ერთი ეთნოგრაფიული ნივთის შესახებ // ეთნოლოგიური ძიებანი. III. თბ., 2007;
  • ს. მენთეშაშვილი. ქიზიყური ლექსიკონი. თბ., 1943.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები