დიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიანას დაბრუნება ნადირობიდან
პ. რუბენსი (დაახ. 1615 წ.), დრეზდენი, სურათების მუზეუმი

დიანა(რომ.) ძველი იტალიური ღვთაება, მცენარეთა ქალღმერთი, მთვარის განსახიერება. ბერძნულ მითოსში მას შეესაბამება არტემისი.

რომაელები დიანას თაყვანს სცემდნენ ვითარცა მთვარის ღვთაებას. მისი ძმა აპოლონი კი მზეს განასახიერებდა. რამდენადაც დიანას აიგივებდნენ არტემისთან, იგი ნადირობისა და მშობიარობის, აგრეთვე ველურ მხეცთა მფარველ ღვთაებადაც მიიჩნეოდა. დიანა ფლობდა სამმაგ ძალას: ზეცად, მიწად და მიწისქვეშეთში. მას ხშირად ჰეკატესაც ამსგავსებდნენ, ჯადოქრობისა და იდუმალი ძალების მფარველ ქალღმერთს. ჰეკატეს მსგავსად დიანასაც სწირავდნენ მსხვერპლს სამი გზის თავშესაყართან, სადაც აღმართული იყო მისი ქანდაკებები. ამიტომ უწოდებდნენ მას დიანა – ტრივიას „სამი გზის ღვთაებას“.

დიანა ითვლებოდა მფარველად იმ ლათინთა ერთიანობისა, რომელსაც რომი ედგა სათავეში. ამიტომ მისი ტაძარი აღმართული იყო ავენტინუსის ბორცვზე. მას თაყვანს სცემდნენ რომში გადმოსახლებული ან დატყვევებული ლათინები, ასევე პლებსის წარმომადგენელი მოქალაქეები და მონები. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ დიანა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა დაბალ ფენებში.

დიანას ტაძარი ავენტინუსის ბორცვზე მეფე სერვიუს ტულიუსმა ააგო. სახსრები მის ასაშენებლად ყველა მოკავშირე ლათინთა ტომმა გაიღო. ამიტომ ეს ტაძარი (ისევე როგორც ეფესელი არტემისის ტაძარი) იმ ქალაქთა სიმბოლოდ იქცა, ვინც მონაწილეობა მიიღო მის აგებაში. სწორედ ამ ტაძარმა აქცია რომი ლათინთა ერთიანობის დიდებით მოსილ ქალაქად.

დიანას როგორც ქალღმერთს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ეფესოში და ასიაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.

რომაულ ხელოვნებაში დიანას წარმოსახავდნენ მშვენიერი ქალიშვილის სახით, ხშირად გარეულ მხეცთა გარემოცვაში. საყოველთაოდ არის ცნობილი ანტიკური ხანის ლუვრის დიანა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები