დიდი სქიზმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი სქიზმა - საეკლესიო განხეთქილება, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად, მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიად გაჰყო.

დიდი სქიზმის კონკრეტული თარიღი 1054 წლის 16-20 ივლისია, მაგრამ რაც იმ დღეებში მოხდა, საუკუნეების განმავლობაში მზადდებოდა.

კონკრეტული მიზეზები, რაც საეკლესიო განხეთქილებას წარმოშობს, ორგვარია: დოგმატური და ორგანიზაციულ - მმართველობითი. ასე რომ, სქიზმა შეიძლება დოგმატურიც იყოს და არადოგმატურიც, ანდა - ერთიც და მეორეც ანუ დოგმატურიც და ორგანიზაციულიც. წინა საუკუნეებში მომხდარ სქიზმათა დიდი ნაწილი, უფრო დოგმატურ ხასიათს ატარებდა, - რომი აღმოსავლეთის ამა თუ იმ ეკლესიას ერესში ადანაშაულებდა.

დიდი სქიზმა გაცილებით რთული მოვლენაა. თუ ადრე „დოგმატური ბრალმდებლის“ როლში თითქმის ყოველთვის რომი გამოდიოდა, IX ს-ის მეორე ნახევრიდან საბრალდებო სკამზე იგი თავად აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე ბრალდებები კონსტანტინოპოლის მხრიდან იყო როგორც კანონიკურ-წესჩვეულებითი, ისე საღვთისმეტყველო-დოგმატური, რომის მხრიდან კი - კანონიკური და იერარქიული. ეკლესიათა გაყოფის ფაქტი დღესაც სხვადასხვანაირადაა კვალიფიცირებული. კათოლიკები მას „ბერძენთა სქიზმას“ უწოდებენ, მართლმადიდებლები, უფრო ხშირად, „ლათინთა ერესს“, თუმცა შეფასების თვალსაზრისით ერთსულოვნებას არც დასავლეთში აქვს ადგილი და არც აღმოსავლეთში.

ისტორია

განხეთქილებას საფუძველი ჩაეყარა დაბა ბიზანტიონის დედაქალაქად გამოცხადებისა და იმპერიის გაყოფისთანავე (395 წ). VII-VIII საუკუნეებში აღმოსავლეთის ეკლესიები მორიგმა წვალებამ მოიცვა და, რადგან ყველა ცდა ხატებზე მართებული შეხედულების შემუშავებისა იმხანად ამაო აღმოჩნდა, პაპებმა კურსი საფრანგეთისაკენ აიღეს. 800 წელს პაპმა ლეონ III-ემ რომის იმპერიის მემკვიდრედ აკურთხა კარლოს დიდი, რაც ბიზანტიელი იმპერატორების იგნორირებას უდრიდა.

რომისა და კონსტანტინოპოლის კათედრებს შორის ატყდა დავა გავლენის სფეროთა განაწილების თაობაზე. კერძოდ, - ბულგარეთსა და მიმდებარე რეგიონებზე. ეს მხარე ქრისტეს რჯულზე კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ღვაწლით მოიქცა 865 წელს. მიუხედავად ამისა, მას რომი თავისკენ ეზიდებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მას მეტი სამოძღვრო გამოცდილება ჰქონდა და უცდომელი სარწმუნოებაც ეპყრა. პრობლემები გაჩნდა სამხრეთ იტალიაში, სადაც VII-VIII სს-ში თავი შეაფარეს ხატთაყვანისმცემლებმა და შეიქმნა ბერძნული კოლონიები. კონსტანტინოპოლი მათ საკუთარ სამწყსოდ მიიჩნევდა, რასაც პაპი უკანონობად ნათლავდა. რომი ბიზანტიონის მთავარეპისკოპოსს ადანაშაულებდა „მსოფლიო პატრიარქის“ ტიტულის უზურპაციაში; უხუცესი და ჭეშმარიტად მოციქულებრივი კათედრების - ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის - დამორჩილებაში; უწოდებდა „უგვარტომოს“, რადგან თვლიდა, რომ მისი აღზევება იმპერატორის ტახტმა განაპირობა და არა აპოსტოლურმა მემკვიდრეობამ.

პირველი სერიოზული კონფლიქტი IXს-ის II ნახევარში მოხდა. ეს ხანა ბიზანტიის საერო და სასულიერო ტახტებზე ინტრიგათა ქსელით აღინიშნა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა ორი პიროვნება - პატრიარქი ეგნატე და ბიზანტიის იმპერატორის რჩეული ფოტი (ფოტიოსი). ამ დავაში პატრიარქ ეგნატეს მხარს უჭერდა პაპი ნიკოლოზ პირველი, რომელმაც მდგომარეობის შესასწავლად კონსტანტინოპოლში თავისი ლეგატები მიავლინა, მაგრამ ფოტიმ ლეგატები მიიმხრო და პაპის მოსაზრებები არ გაითვალისწინა. პაპმა ნიკოლოზ I-მა საგანგებო სხდომა მოიწვია იმპერატორის ელჩების თანდასწრებით, რომელზეც უარყოფითად შეაფასა ლეგატების საქმიანობა, დაგმო ფოტი, მისი მფარველი იმპერატორი, მათი თანამოსაგრენი და აღიარა პატრიარქ ეგნატეს პრეტენზიის საფუძვლიანობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. საპასუხოდ პატრიარქმა ფოტიმ და იმპერატორმა დაგმეს რომის ადმინისტრაციული, კულტმსახურებითი და დოგმატური პოზიციები და კონსტანტინოპოლის მიერ ახლადმოქცეულ ბულგარეთზე იურისდიქციის თვითნებურად გავრცელებაც დასდეს რომს ბრალად. პატრიარქმა ფოტიმ შეადგინა და აღმოსავლეთის პატრიარქებს დაუგზავნა საყოველთაო ეპისტოლე, რომელშიც მან წარმოადგინა იმ ბრალდებათა ვრცელი ნუსხა, რასაც რომის ეკლესიას უყენებდნენ. კონსტანტინოპოლისთვის მიუღებელი იყო შაბათის მარხვა, რძითა და ყველით მარხვა, სამღვდელოთა უქორწინებლობის მოთხოვნა (ცელიბატი), ფილიოკვე (მრწამსისათვის დამატება ფრაზისა ძისაგან სული წმიდის გამოსვლის თაობაზე), წვერის პარსვა, დიაკონთა ეპისკოპოსად კურთხევა და ა.შ., თუმცა თავად პატრიარქი ფოტი არამცთუ დიაკვნობიდან, არამედ ერისკაცობიდან აღაზევეს მღვდელმთავრის რანგში. პატრიარქ ფოტის წერილში მოყვანილი განსხვავებები საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ამ კონფლიქტამდე აღმოსავლური ეკლესიები მათ შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ.

867 წელს კეისარმა ბასილი I-მა, მაკედონელმა მორწმუნეთა გულის მოგების მიზნით, ფოტი გადააყენა და კონსტანტინოპოლის კათედრაზე პატრიარქი ეგნატე აღადგინა. 869 წელს პაპ ნიკოლოზ I-ის მემკვიდრის, ადრიანეს, ინიციატივით შედგა კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრება, სადაც პაპის ლეგატებმა წაიკითხეს ბულა, რითაც ხაზი გაუსვეს შვიდი საეკლესიო კრების შეუვალ ავტორიტეტს, ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის უცვალებლობას და შეაჩვენეს ყველა ერესი და ერეტიკოსი, მათ შორის პატრიარქ ფოტის მიმდევრები, განაჩინეს ანათემა ნებისმიერ ერისკაცზე, ვინც თვითნებურად დაადგენს მღვდელმთავარს.

პატრიარქმა ფოტიმ მოახერხა იმპერატორ ბასილი I-ისა და პაპის მოადგილის, იოანე VIII-ის გულის მოგება. 879 წლის საეკლესიო კრებაზე მან მოიწვია პაპის ლეგატები, ისარგებლა მათ მიერ ბერძნული ენის არცოდნით და თავი მსოფლიო პატრიარქად გამოცხადა. როდესაც ყველაფერი გაირკვა, პაპმა ლეგატები დასაჯა, პატრიარქ ფოტის კი ანათემა გამოუცხადა.

დიდი სქიზმა გარდაუვალი იყო, საამისოდ მრავალი მიზეზი დაგროვდა და XI საუკუნის შუა წლებში, პაპ ლეონია (IXს.). პატრიარქ მიქაელ კერულარიოსისა და მეფე კონსტანტინე მონომახის (IX ს.) დროს განხეთქილებაც მოხდა. განახლდა დავა სამხრეთ იტალიის მიწების გამო. პაპის ბრძანებით იქიდან გააძევეს ბერძნები, რომლებიც უარს ამბობდნენ რელიგიური ცხოვრების ლათინურ წესზე და თავს კონსტანტინოპოლის მრევლად თვლიდნენ. პასუხად პატრიარქმა 1053 წელს კონსტანტინოპოლში ლათინური ტიპის ეკლესიები დახურა და ერესად მონათლა უფუარი პურით ზიარების მათებური წესი. ეკლესიათა საჭეთმპყრობლებმა ურთიერთბრალდებით წერილების გამოქვეყნება დაიწყეს. დასავლელებს, ძირითადად, სამი სიახლის, ანუ ცდომილების - უფუარი პურის, შაბათის მარხვისა და ცელიბატის გამო გმობდნენ.

1054 წლის 16 ივლისს პაპის ლეგატებმა წმინდა სოფიის ტაძარში წირვის დროს საკურთხეველზე დადეს ბულა, რომლის მიხედვითაც კერულარიოსს ბრალად ედებოდა წეს-ჩვეულებების გაფეტიშება, უვიცობა, დოგმატისა და კულტის განურჩევლობა და, რაც მთავარია, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებათა აბუჩად აგდება - რომის საყდრის უპატივცემულობა. პატრიარქთან ერთად ირისხებოდა ყველა, ვისაც ეეჭვებოდა, რომ წმინდა ტახტი აღმატებული მადლით იყო მოსილი. ოთხი დღის შემდეგ, 20 ივლისს, შედგა ადგილობრივი კრება თორმეტი მიტროპოლიტის, რამდენიმე ეპისკოპოსისა და სამღვდელო დასის შემადგენლობით. ეს იყო ტრიბუნალი, რომელმაც ანათემა შეუთვალა პაპსა და მის თანამოაზრეთ, ბულა კი დაწვეს.

ამრიგად, რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ერთმანეთი შეაჩვენეს. მოხდა დიდი სქიზმა: დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები გაითიშნენ. მიზეზი პოლიტიკურია, საბაბი - დოგმატური, უფრო სწორად, ისინი გადახლართულია ერთმანეთში პირველის უპირატესობით.

ღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები

ევქარისტიული კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის ერთბაშად არ გაწყვეტილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს რომის ეკლესიის თეორია და პრაქტიკა განსხვავებულ კონფესიად ერთსა და იმავე დროს არ აღუქვამთ. ეს თანდათანობით და, შეიძლება ითქვას, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიურად გაუცხოებას კატასტროფული შედეგი ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობას მოჰყვა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა სრული და საბოლოოდ გაყოფა 1204 წელს მოხდა - ეს იყო შედეგი კონსტანტინოპოლის დაპყრობისა.

ეკლესიათა გაყოფის ფაქტი დღემდე სხვადასხვაგვარადაა კვალიფიცირებული. კათოლიკეები მას „ბერძენთა სქიზმას“ უწოდებენ, მართლმადიდებლები, უფრო ხშირად, „ლათინთა ერესს“. ამ მოვლენის შეფასების თვალსაზრისით, ერთსულოვნება არც დასავლეთში შეინიშნება და არც აღმოსავლეთში.

1964 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭე და რომის პაპი დიდი სქიზმის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს იერუსალიმში - ესენი იყვნენ მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა და პავლე VI. ამ ისტორიული შეხვედრის შედეგად ორმხრივი ანათემები მოიხსნა, ხოლო 1965 წელს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ეკლესიათა შერიგებისკენ სწრაფვის აუცილებლობის შესახებ, თუმცა დაახლოებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს თვალსაჩინო შედეგი არ მოჰყოლია.

დღესდღეობით, მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკე ეკლესიას შორის მიმდინარეობს საღვთისმეტყველო დიალოგი, მაგრამ როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიებში, ჯერჯერობით, არ არის მიღწეული რაიმე სახის კონსენსუსი ძირითადი საღვთისმეტყველო, დოგმატური საკითხების გარშემო.



წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები