დიდრიფშნიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დჷდრჷფშნჷხა (აფხ. Дыдрыҧшьныха – „დიდრიფშის ხატი“) – წმინდა მთა აფხაზური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით; თავისი სიძლიერით აბჟუის აფხაზეთში ცნობილ ილირნიხას (ილორის წმ. გიორგის ხატს) უტოლდება; წარმოადგენს აფხაზთა, უპირატესად ბზიფელთა ეთნიკური ერთობის ისეთივე სიმბოლოს, როგორიცაა, მაგალითად, ვულკანი ფუძიამა იაპონელებისთვის; მდებარეობს გუდაუთის რაიონში, სოფ. ლიხნის ჩრდილო აღმოსავლეთით, სოფ. აჭანდარასთან. დიდრიფშის საშუალო სიმაღლის წიფლის ტყით დაფარული მთაა, რომელზედაც ასვლა წმ. მთის წაბილწვად ითვლება და ამ აკრძალვის დამრღვევს სიკვდილი ელოდება (ამიტომ კულტმსახურება მთის ძირში ტარდება). დიდრიფშის მწვერვალზე უკანასკნელ დრომდე შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის ფუნდამენტის ნაშთები.

დიდრიფშნიხას სახელობის ლოცვისა და იქ ფიცის დადების რიტუალის წარმართვა მხოლოდ აჭანდარელი ჩიჩბების – დიდრიფშნიხას კულტმსახურების – პრეროგატივაა. (საინტერესოა ითქვას, რომ, პაგანიზმის აღორძინების პირობებში, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების კურთხევას და ფიცის დადების ცერემონიას დიდრიფშნიხას ანიხაფავი ხელმძღვანელობს).

დიდრიფშნიხას სახელობის ლოცვა აფხაზებმა აღდგომაზე იციან: ყოველი ოჯახი მსხვერპლად სწირავს ციკანსა და დიდი ზომის ხაჭაპურს; მლოცველი შამფურზე წამოცმული ზვარაკის გულ-ღვიძლითა და ანთებული სანთლით ხელში დიდრიფშნიხას სახელობის ქვევრთან მიდის, წმინდა მთის სადიდებელს ამბობს და მას ოჯახის კეთილდღეობას ევედრება. ზაფხულში, ივლისის თვის კვირა დღეს, დიდრიფშის წმ. მთის ძირში აჭანდარელთა და ბზიფელ აფხაზთა საერთო სახალხო ლოცვა იმართება. აჭანდარის თემში შემავალ შვიდ სოფელს თითო სამსხვერპლო საკლავი (ხარი ან ძროხა) მოყავს. გარდა ამისა, ყოველ ოჯახს მოაქვს ღომი, ღვინო, მარილი და სხვა პროდუქტები. სამსხვერპლო ცხოველის დაკვლისა და მისი ხორცის წმ. ქვაბში მოხარშვის შემდეგ იწყება ლოცვა, რომლის დასრულებისთანავე მლოცველები სუფრასთან სხდებიან და სადილობენ. დიდრიფშნიხას აფხაზები დიდრიფშ-ანიფსნიხასაც უწოდებენ. ტერმინი „ანიფსნიხა“ (ან – „დედა“, ა-ფსჷ – „მკვდარი“, „მიცვალებული“, ანჷხა – „ხატი“) ითარგმება როგორც „ღვთისმშობლის მიძინების ხატი“. როგორც ჩანს, დიდრიფშის მთაზე სწორედ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ნაშთებია შემორჩენილი. მიუხედავად ამისა, აფხაზებს დიდრიფშნიხა მამრობითი სქესის ღვთაებად ჰყავთ წარმოდგენილი.


ლიტერატურა

  • Обзор деятельности общества востоновления прав христианства на Кавказе за 1860-1910 гг. Тф., 1910;
  • Миллер А. Из поездки по Абхазию в 1907 году // МЭР. СПб., 1910. Т. 1;
  • Векуа А. Из жизни и обычаев абхазцев. Этнографический очерк // Закавказье. 1912. № 134;
  • Чурсин Г. Ф. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები