დიონისე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიონისე
მიქელანჯელოს სკულპტურა (1496-97 წ.), ფლორენცია, ნაციონალური მუზეუმი.

დიონისე(ბაქკოსი). (ბერძნ.) ღვინის, თრობისა და სულიერი შვების მომგვრელი ღვთაება. მევენახეობისა და მეღვინეობის მფარველი ღმერთი. ზევსისა და სემელეს ძე. რომაულ მითოლოგიაში მას ბახუსს უწოდებენ.

დიონისემ მოგვიანებით დაიმკვიდრა ადგილი ოლიმპიურ პანთეონში, თუმცა ხალხს ძლიერ უყვარდა ეს მხიარული ღვთაება. საქვეყნოდ იყო ცნობილი მისი საოცარი დაბადების მითოსი: ზევსს შეუყვარდა თებეს მეფის მშვენიერი ასული სემელე და ჰერასგან მალულად ხვდებოდა ხოლმე მას. როდესაც ცათა დედოფალმა ეს ამბავი შეიტყო, სემელეს დაღუპვა განიზრახა. მრუმე ნისლებში გახვეული თებეს მეფის სასახლეს მიადგა. კარის ზღურბლს რომ მიუახლოვდა, ღრუბელი ჩამოიშორა და სემელეს ძიძად, ეპიდავროსელ ბერიქალად გარდაისახა. სემელემ ძიძა შინ მიიწვია. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, ზევსიც ახსენეს. ძიძად გარდასახულმა ჰერამ ასე დაარიგა სემელე: „ღმერთის სახელით ბევრი ბღალავს უმანკო საწოლს. ის თუ ზევსია, დააფიცე სტიქსის ძალები, რომ თავისი სახით გამოგეცხადოს და ისე მოგეალერსოს, როგორც ჰერას ეალერსება“, – თქვა და წავიდა. ხოლო როდესაც სემელეს თალამოსში მობრძანდა ზევსი, შეყვარებულმა ქალმა სთხოვა, დაეფიცა სტიქსის ძალები, რომ ერთ სურვილს აღუსრულებდა. ზევსმა დაიფიცა. მაშინ სემელემ სთხოვა ღმერთს, მიეღო თავისი ჭეშმარიტი სახე და ისე მიალერსებოდა. ამოიგმინა ზევსმა და რაც შეჰფიცა, აღასრულა: ზეცად აღზევდა, შემოიკრიბა საავდრო ღრუბლები, ელვა, მეხი, ჭექა-ქუხილი და ცეცხლის ფრქვევით გამოეცხადა სასიკვდილოდ განწირულ სემელეს. მეხისტეხაში იფერფლებოდა საბრალო ქალი, რომელიც მუცლით ატარებდა უმწიფარ ნაყოფს. შეებრალა ზევსს თავისი ჩვილი, ამოიყვანა დედის საშოდან და თეძოში ჩაისვა. როდესაც დიონისეს ქვეყნად მოვლენის დრო დადგა, კვლავ დაიბადა. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ორგზის შობილს“.

დიონისე და ტირსენიელი მეკობრეები.
(ძვ. წ. 540-535 წ.წ.), მიუნჰენი, ანტიკურობის სახელმწიფო მუზეუმი.
დიონისეს დაბადება.
კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 410 წ.), ტარანტასი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი.
დიონისე
ამფორის ფერწერა (ძვ. წ. 540-530 წ.წ.), პარიზი, ეროვნული ბიბლიოთეკა.

ჰერას ბრძანებით ახალშობილი დიონისე ტიტანებმა მოიტაცეს და ასო-ასო აკუწეს. მისმა დიდედამ, რეამ, შვილიშვილის სხეული აღადგინა და სასიცოცხლო სული შთაბერა. ზევსმა პერსეფონეს სთხოვა, ყურადღება არ მოეკლო დიონისესათვის. მან კი პატარა აღსაზრდელად მიაბარა სემელეს დას, ინოს. აქაც მიაგნო ჰერამ. ახლა ზევსმა ღმერთების მაცნე ჰერმესს სთხოვა მისი მფარველობა. ჰერმესმა დიონისე დროებით ციკნად გარდასახა და ჰელიკონის ნიმფებს მიჰგვარა. ნიმფებმა სიყვარულით გამოზარდეს მომავალი ღვთაება. სწორედ აქ, ჰელიკონის ტყის დაბურულ ნისას ფერდობებზე ეზიარა დიონისე ღვინის დამზადების საიდუმლოს, რამაც მას სამუდამოდ გაუთქვა სახელი. ბოლოს და ბოლოს ჰერამ შეიწყნარა დიონისე და ოლიმპოსზე დავანების ნება დართო, ოღონდ გონება დაუბინდა. დიონისემ არ ისურვა ცისიერებთან ყოფნა, მიწაზე დარჩა და მრავალ ქალაქს ეწვია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებით მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, ხელში ჯადოსნური კვერთხი, თირსოსი, ეკავა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ღვინის სურნელით აბრუებდა ყველას. დიონისეს თან სდევდა მოხუცი სილენოსი, მენადების დასი და ველური სატირების ბრბო. მის თანმხლებთა შორის იყო პანიც. იგი ხშირად უკრავდა სტვირზე, ხოლო მის ხმაზე დიონისეს მთვრალი ამალა თავდავიწყებით ცეკვავდა და უმღეროდა თავის ღვთაებას.

დიონისემ შემოიარა ეგვიპტე, სირია, ინდოეთი, ბოლოს ფრიგიას ეწვია, სადაც რეა-კიბელემ მის გონებას ბინდი ჩამოაცილა. მან ხალხს ასწავლა ვაზის მოვლა, ღვინის დაწურვა. დააარსა დიდი ქალაქები და დაუწესა კანონები. ზოგი ზეიმით ეგებებოდა ახალ ღვთაებას, ზოგს კი ზარავდა მისი დანახვა. ყველა დასაჯა ღმერთმა, ვინც კი არ ირწმუნა მისი ღვთაებრიობა. საბერძნეთში რომ ბრუნდებოდა, დიონისემ კუნძულ ნაქსოსისაკენ აიღო გეზი. გზად ტირსენიელი მეკობრეები შემოხვდნენ. მათ დაატყვევეს მთვრალი დიონისე და უცხო მხარეში დაუპირეს გაყიდვა. ეღიმებოდა დიდ ღვთაებას. მეკობრეთა გასაოცებლად მან სწრაფადმავალი ხომალდი წყალზე შეაჩერა. ხვიარა სუროთი დაფარა გემბანი და ანძა. აღარც ნიჩაბი იძვროდა და აღარც აფრა. შემცბარმა მეკობრეებმა მზერა მიაპყრეს დიონისეს, რომელიც მთელი თავისი დიდებით წარსდგა მათ წინაშე. არ დაინდო ღმერთმა მეკობრეები და დელფინებად გარდასახა. ხოლო ისინი დგაფუნით გადაეშვნენ ზღვაში და ტალღებში გაუჩინარდნენ.

კუნძულ ნაქსოსზე დიონისემ იხილა კრეტის მეფის, მინოსის, მშვენიერი ასული არიადნე, რომელიც თესევსმა მიატოვა. მან ანუგეშა მეფის ასული, ჰეფესტოს ნახელავი გვირგვინი უძღვნა და ცოლად შეირთო.

ბევრი ქვეყანა მოიარა კიდევ დიონისემ. ბოლოს ცად ამაღლდა, რათა მამა-ზევსისათვის დაემშვენებინა მხარი. კერიის მფარველმა ქალღმერთმა ჰესტიამ დაუთმო მას საღმრთო სუფრასთან თავისი ადგილი.

ასე რომ, ოლიმპოსის თორმეტ ღმერთს შორის დიონისე გვიან დამკვიდრდა, თუმცა დელფოში მას აპოლონის თანაბარ პატივს მიაგებდნენ. დიონისეს მცენარეულ სიმბოლოებად ითვლებოდა ვაზის მტევანი და სურო, ცხოველურ სიმბოლოებად – ხარი, ცხენი და თხა.

დიონისე
ბრინჯაოს კრატერი. (ძვ. წ. 350-330 წ.წ.), თესალონიკი, არქეოლოგიური მუზეუმი.

ბერძნული ტრადიცია დიონისეს აღმოსავლური (თრაკიულ-ლიდიურ-ფრიგიული) წარმომავლობის ღვთაებად მიიჩნევს და მისი კულტის საბერძნეთში მომძლავრების ხანად ძვ.წ. VIII–VII საუკუნეებს ასახელებს. დიონისეს კულტის პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საბერძნეთში მას მრავალი დღესასწაული მიეძღვნა, რაც ბერძნული დრამის აღმოცენების საფუძველიც გახდა. დიონისეს სახელთან დაკავშირებულ დღესასწაულებს ოთხ ტიპად აჯგუფებენ და მათში თავისი უაღრესობით გამოჰყოფენ ე.წ. დიდ დიონისიებს („კატაგოგია“, ანუ დიონისეს შემოსვლა ზღვიდან). ეს იყო უდიდესი ზეიმი, რომელიც ათენში ძვ.წ. VI საუკუნიდან დაფუძნდა. ზეიმზე გამოდიოდა გუნდი (ქორო), რომელიც ასრულებდა დიონისეს სადიდებელ ჰიმნებს. მათ „დითირამბებს“ უწოდებდნენ. მოგვიანებით დითირამბოსში შევიდა სადიალოგო პარტიაც. ასე წარმოიშვა პირველი სანახაობა, რომელიც მოგვიანებით ტრაგედიისა და კომედიის სახელწოდებას მიიღებს. ყოველივე ეს კი საფუძველს დაუდებს თეატრალურ ხელოვნებას. სიტყვა „ტრაგედია“ ითარგმნება, როგორც „თხის სიმღერა“. მისი შემსრულებელი მსახიობები თხის ტყავით იყვნენ შემოსილნი და დიონისეს თანამგზავრებს – სატირებს განასახიერებდნენ. სახელწოდება „კომედია“ კი მომდინარეობს სიტყვიდან „კომოს“.ასე ეწოდებოდა იმ მხიარულ პროცესიას, რომელიც საერთო ღრეობის შემდეგ იმართებოდა. ამ კომოსის მონაწილენი უწმაწურ სიმღერებს მღეროდნენ და გარშემომყოფთ დასცინოდნენ.

კარნავალურობა, სიმღერა, ცეკვა, ხოტბა, დაცინვა, ცხოველური ნიღბები, ტრანსი უხსოვარი დროიდან ახასიათებდა ძველ ხალხთა რიტუალურ მსვლელობას.

დიონისური დღესასწაულების დამსახურება ისაა, რომ მან გააერთიანა ყველა ეს ელემენტი. სერიოზული და არასერიოზული, ტრაგიკული და კომიკური ერთმანეთს დაუკავშირა და საკულტო ცერემონიათა სტიქიურობიდან გამომდინარე პროფესიონალურ სანახაობას დაუდო დასაბამი.

დიონისეს მრავალი ნაწარმოები მიეძღვნა. ანტიკური ლიტერატურიდან აღსანიშნავია ე.წ. ჰომეროსის ჰიმნი და ევრიპიდეს ტრაგედია სახელწოდებით „ბაკქი ქალები“. თავდაპირველად დიონისეს წარმოადგენდნენ წვერებიანი კაცის სახითა და გრძელი სამოსით. მოყოლებული ძვ.წ. V საუკუნიდან მას უკვე ლამაზ ჭაბუკად წარმოსახავენ, ხანდახან ახალშობილადაც. საყოველთაო აღიარება მოიპოვა პრაქსიტელესის ქანდაკებამ, რომელსაც პირობითად ჰქვია „ჰერმესი ჩვილი დიონისეთი“. ლარნაკთა ფერწერაში ხშირად ვხვდებით ტირსენიელი მეკობრეების მითოსის თემას. მოგვიანებით დიონისეს არაჩვეულებრივი თავგადასავლები სახელოვან მხატვართა, მოქანდაკეთა თუ კომპოზიტორთა შთაგონების წყაროდ იქცა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები