დიონისიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიონისიები(ბერძნ.) დიონისეს სადიდებელი ზეიმები ატიკაში.

დიონისიები ანუ დიონისური ზეიმები წელიწადში ოთხგზის იმართებოდა:

1. პოსიდეონის (დეკემბერი – იანვარი) თვეში მორთვლიანებას სოფლებში ზეიმით აღნიშნავდნენ და მას მცირე დიონისიებს უწოდებდნენ. ეს იყო ახლად დაწურული ღვინის ჩამოსხმის დღესასწაული. ყოველ ოჯახში საზეიმო განწყობილება სუფევდა. იკრიბებოდნენ ნათესავები და მხიარული სვლით დიონისეს ტაძრისკენ ან საკურთხევლისკენ მიემართებოდნენ. მათ თან მიჰყავდათ სამსხვერპლო თხები, მიჰქონდათ ღვინით სავსე დოქები ზედაშეს გადასაღვრელად, ვაზის რტოები და სხვა წმინდა საგნები. მსვლელობის აუცილებელი ატრიბუტი იყო მამრთა სქესის განმსაზღვრელი ფალოსი, რომელიც ბუნების შემოქმედებითი ძალის სიმბოლოდ აღიქმებოდა. პროცესიის მონაწილენი დიონისესადმი მიძღვნილ სიმღერებს მღეროდნენ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ იმართებოდა ლხინი და სახუმარო თამაშობანი. გამარჯვებული ღვინით სავსე ტიკს იღებდა საჩუქრად. ამ თამაშების დამფუძნებლად ითვლებოდა ათენელი მწყემსი იკარიოსი. მხიარულ ნადიმს თან სდევდა იმპროვიზებული წარმოდგენები.

2. გამელიონის (იანვარი – თებერვალი) თვეს ათენში ზეიმობდნენ ლენეებს, რომლებიც აგრძელებდნენ სოფლის დიონისიებს. ლენეები იწყებოდა თვის მეთორმეტე დღეს და გრძელდებოდა რამდენიმე დღე. ზეიმი იმართებოდა დიონისეს ტაძრად, რომელსაც ლენეონი ერქვა. აქაც ზეიმის თანმხლები იყო ლხინი და მხიარული მსვლელობა. თამაშდებოდა კომედიები და ტრაგედიები, იმღერებოდა დითირამბები. ამ საკულტო სიმღერებს ასრულებდნენ კიკლიკური (წრიული) ქოროები, რომელთაც ასე იმიტომ ეწოდებოდათ, რომ გუნდის მონაწილენი საკურთხევლის გარშემო რიტმული ნაბიჯებით წრეს უვლიდნენ.

3. გაზაფხულის დამდეგს, ანთესტერიები იმართებოდა (ანთესტერიები).

4. ელაფებოლიონის თვე (მარტი-აპრილი) დიდ დიონისიებს ანუ ქალაქის დიონისიებს ეთმობოდა. იგი ერთი კვირა გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში არავის სთხოვდნენ ვალების დაბრუნებას, სასეირნოდ უშვებდნენ განსასჯელებს და სასჯელმისჯილებს, არავის ატყვევებდნენ, რათა ყოველ ადამიანს შესძლებოდა მიეღო მონაწილეობა ამ დიდ ზეიმში.

თავდაპირველად დიდი დიონისიების მთავარი მოვლენა იყო საზეიმო პროცესია, რომელსაც დიონისეს ძველი, ხის გამოსახულება (ქსოანონი) ლენეონიდან გადაჰქონდა აკადემოსის ჭალის მახლობლად მდებარე ტაძარში. მოგვიანებით ამ დღესასწაულის უმთავრეს მოვლენად იქცა დიდებული თეატრალური სანახაობა, რომელიც ორი დღე გრძელდებოდა.

დიდი დიონისიები პანათენეებთან (ათენას პატივსადები ზეიმი) ერთად უმნიშვნელოვანეს ატიკურ ზეიმად მიიჩნეოდა. მასში მონაწილეობდნენ არა მარტო ქალაქის მკვიდრნი, არამედ უცხოელებიც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები