დიოსკურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიოსკურები
ჰიდრიას ფერწერა (ძვ. წ. 410 წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

დიოსკურები(ბერძნ.) ტყუპი ძმები კასტორი და პოლიდევკესი. ლედას ვაჟიშვილები. რომში მათ უწოდებდნენ კასორსა და პოლუქსს.

ზოგიერთი მითოსი დიოსკურების მამად ზევსს ასახელებს, ზოგიც ტინდარეოსს. ყველაზე გავრცელებული მითის თანახმად, ტინდარეოსის მეუღლე ლედა იხილა ზევსმა და თეთრ გედად გადაქცეულმა მიუალერსა. გავიდა ხანი. ლედამ კვერცხი დადო და ამ კვერცხიდან გამოიჩეკნენ ზევსის შვილები: მშვენიერი ელენე და პოლიდევკესი, ხოლო ტინდარეოსისაგან ლედას ეყოლა კიდევ ორი შვილი: კლიტემნესტრა და კასტორი.

ასე რომ, კასტორი და პოლიდევკესი სხვადასხვა მამის შვილები იყვნენ და მაინც ტყუპ ძმებად იწოდებოდნენ. ისინი საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს და ასევე საოცარი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. მხოლოდ ბუნება ჰქონდათ სხვადასხვა: პოლიდევკესი იყო უკვდავი, ხოლო კასტორი – მოკვდავი. ძმებმა მთელ საბერძნეთში გაითქვეს სახელი: კასტორი იყო უბადლო მხედარი და ცხენთა დამაურვებელი, ხოლო პოლიდევკესი – უზადო მოკრივე.

დიოსკურები
ჰიდრიას ფერწერა (ძვ. წ. 410 წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

დიოსკურებმა მრავალი საგმირო საქმე აღასრულეს: შინ დააბრუნეს თავიანთი და, მშვენიერი ელენე, რომელიც თესევსს ჰყავდა გადამალული. მონაწილეობა მიიღეს კალიდონის ნადირობასა და არგონავტთა ლაშქრობაში, რომლის დროსაც პოლიდევკესმა დაამარცხა პოსეიდონის ძე ამიკოსი. განუყრელი ძმები ჯოგის გამო შეებრძოლნენ აფარეტიდებს, რომლის დროსაც პოლიდევკესი სასიკვდილოდ დაიჭრა. მაშინ კასტორმა ხელები ზევით აღაპყრო და მამა-ზევსს შეევედრა, რომ ძმასთან ერთად ისიც მოეკლა. ზევსმა თავის ძეს შეახსენა, რომ უკვდავი იყო და შეეძლო ოლიმპიელ ღმერთებთან ერთად ნეტარებით ეცხოვრა, ხოლო თუკი არ ისურვებდა განშორებას თავის მოკვდავ ძმასთან, მაშინ იგიც ნახევრადმოკვდავი უნდა გამხდარიყო: ერთი დღე ძმასთან ერთად ჰადესში უნდა გაეტარებინა, მეორე დღე კი, კვლავ მასთან ერთად – ოლიმპოსზე და ასე გაგრძელდებოდა სამარადისოდ. სიხარულით გაუნაწილა კასტორმა უკვდავება თავის ძმას.

ძველ საბერძნეთში დიოსკურებს აიგივებდნენ ტყუპ თანავარსკვლავედთან. მიიჩნევდნენ, რომ ისინი მფარველობდნენ მეზღვაურებსა და მეომრებს. მოყვარულ ძმათა ლეგენდა ეხმიანება სინათლისა და სიბნელის, დღისა და ღამის, სიცოცხლისა და სიკვდილის მუდმივი მონაცვლეობის არქაულ წარმოდგენებს.

დიოსკურებს დიდ პატივს სცემდნენ მთელ საბერძნეთში. სპარტაში ისინი სახელმწიფოს მფარველ ღვთაებებად მიაჩნდათ. მათი ეგისის ქვეშ ტარდებოდა სპორტული თამაშობანიც.

დიოსკურების კულტი რომშიც გავრცელდა. აქ ძვ.წ. 484 წელს მათი სახელობის ტაძარი ააგეს. კვირინალისის სასახლეს დღესაც ამშვენებს ცხენებთან მდგომი დიოსკურების ქანდაკებები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები