დისკრიმინაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისკრიმინაცია - (ლათინური discriminatio – განსხვავება), ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა სოციალური, რასობრივი, ეროვნული, ენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით. დისკრიმინაცია გულისხმობს ადამიანისთვის პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური, სოციალური ან კულტურული უფლებების და თავისუფლებების ჩამორთმევას. დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპს: რომ ყველა ადამიანი თანასწორია ღირსების თვალსაზრისით და მათზე ვრცელდება ერთი და იგივე ფუნდამენტური უფლებები. დისკრიმინაციის სხვა ფორმებია სექსიზმი, ეიჯიზმი, ჰომოფობია, ანტისემიტიზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა და ქსენოფობია.

დისკრიმინაცია შეიძლება მოხდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით.

სარჩევი

პირდაპირი დისკრიმინაცია

პირდაპირი დისკრიმინაციისათვის დამახასიათებელია პიროვნების ან ჯგუფის დისკრიმინაციის სურვილი, როგორიცაა დასაქმების სამსახური, რომელიც არ ღებულობს ბოშების განცხადებებს ან საცხოვრებელი სახლების მფლობელი კომპანია, რომელიც არ აქირავებს ბინებს იმიგრანტებს. „პირდაპირი დისკრიმინაცია არის, როდესაც ერთ პიროვნებას რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე ნაკლები პატივისცემით ეპყრობიან, ვიდრე ეპყრობიან ან მოეპყრობოდნენ მეორეს ანალოგიურ სიტუაციაში“.

პირდაპირი დისკრიმინაცია დაკავშირებულია პოლიტიკის ან გარკვეული ღონისძიებების ზემოქმედებასთან. მას ადგილი აქვს, როდესაც თითქოსდა ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა დე ფაქტოდ აყენებს პიროვნებას ან კონკრეტული უმცირესობის წევრს სხვებთან შედარებით არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში. მაგალითებისათვის შეიძლება მოვიყვანოთ მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც არსებობს სიმაღლის კრიტერიუმები მეხანძრეებისათვის (ამგვარად დისკრიმინაციას განიცდის უფრო მეტი ქალი ვიდრე მამაკაცი), უნივერმაღის განცხადება, რომლის მიხედვითაც სამსახურში არ ღებულობენ გრძელკაბიან ქალებს, სამთავრობო ოფისი ან სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც კრძალავს პირების შესვლას ან დასწრებას თავსაბურავით. ეს წესები თითქოსდა ნეიტრალურია, თუმცა შესაძლოა არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენოს კონკრეტული უმცირესობის ან კონფესიების წევრები, რომლებიც ატარებენ გრძელ კაბებს ან თავსაფრებს.

არაპირდაპირი დისკრიმინაცია

არაპირდაპირ დისკრიმინაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც გარკვეული პრაქტიკა, მოქმედი ნორმა, მოთხოვნა ან პირობა ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანს, მაგრამ მათი შედეგი ან ზეგავლენა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კონკრეტულ ჯგუფზე.

მაგალითად:

  1. როდესაც ორგანიზაციის წესები და პირობები უფრო მკაცრია ერთი სქესისთვის, მაგალითად, კანდიდატების შერჩევისას მამაკაცებისთვის უპირატესობის მინიჭება;
  2. როდესაც შედეგები უფრო მეტია ერთი სქესის ადამიანებისთვის, ვიდრე - მეორე სქესისთვის, მაგალითად, თანამდებობების დაკავების დროს.

რასობრივი დისკრიმინაცია

„ყველა ფორმის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციაში“ „რასობრივი დიკრიმინაცია“ განმარტებულია როგორც „ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგად მოაქვს თანაბარი შესაძლებლობების, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების აღიარების, სარგებლობის და გამოყენების გაუქმებას ან დაბრკოლებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში“.

რასობრივი დისკრიმინაცია განიხილება, როგორც განსაკუთრებით მწვავე, ვინაიდან ადამიანებს გამოარჩევენ მხოლოდ მათი კანის ფერის ან მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, ანუ იმ ფაქტორების მიხედვით, რომლებსაც ისინი ვერ აკონტროლებენ.

დისკრიმინაცია სქესის ნიშნით

საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სქესობრივი ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა, კერძოდ: შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სულიერსა თუ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში.

სოციალურ დისკრიმინაციას მივყავართ ქალის სოციალური სტატუსის დაქვეითებისაკენ, ამასთან, იგი წარმოადგენს პიროვნებაზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას. კონვენციის მიხედვით, „ქალის დისკრიმინაცია” ნიშნავს სქესის ნიშნით ყოველგვარ განსხვავებას, გამონაკლისს ან შეზღუდვას, რაც ქალების მიერ, მათი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო თუ ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, გამოყენების ან განხორციელების შესუსტებისა ან მოსპობისაკენაა მიმართული.

რელიგიური დისკრიმინაცია

რელიგიაზე, ან რწმენაზე დამყარებული ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება, რომლის მიზანია ადამიანის ინდივიდუალურ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის პრინციპების აღიარებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობების უარყოფა, ან მათი დაკნინება.

ეთნიკური დისკრიმინაცია

როცა განსაზღვრული ჯგუფები განიცდიან სოციალურ ექსპლუატაციას ან წარმოადგენენ შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ობიექტს. ამის მაგალითია, ბოშათა ბედი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ანალოგიურ პრობლემას, ხშირად დაკავშირებულს რასისტულ ასპექტებთან, აწყდებიან მკვიდრი მცხოვრებლებიც, რაზეც მოწმობს აბორიგენების მდგომარეობა გვატემალასა და ავსტრალიაში.

პოზიტიური დისკრიმინაცია

პოზიტიური დისკრიმინაცია ნიშნავს გამიზნულ კეთილგანწყობას კონკრეტული ჯგუფის ან ჯგუფების მიმართ, რომლებიც განიცდიდნენ ისტორიულ და ყოვლისმომცველ დისკრიმინაციას მაგალითად, უპირატესობის მინიჭებას კანდიდატებისთვის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც იშვიათად შედიან უმაღლეს სასწავლებლებში, კვოტების დაწესება კონკრეტულ სახელმწიფო თანამდებობებზე უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მაგალითად ქალების ან სოფლის მოსახლეობისთვის. წინასწარ განზრახულ შედეგს წარმოადგენს შეფარული დისკრიმინაციის კომპენსირება და უფრო მეტად დაბალანსებული სოციალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

მთავარი დაშვება ამგვარია: ჯგუფები, რომლებიც წარსულში დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ, დახმარებას საჭიროებენ. ამისათვის მათ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ – იქნება ეს კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყოფილი კვოტები და სტიპენდიები თუ სხვა სოციალური ბენეფიტები. ამ გზით სხვადასხვა დისკრიმინებული ჯგუფისთვის სამუშაოს მიღებისა და განათლების შესაძლებლობები უნდა ამაღლდეს.

პირველად ტერმინი „Affirmative Action“ 1961 წელს, პრეზიდენტმა კენედიმ გამოიყენა. მისივე პრეზიდენტობის დროს დაიწყო პოზიტიური მოპყრობის დანერგვა შრომით სფეროში - დამქირავებელს მხედველობაში არ უნდა მიეღო დაქირავების კანდიდატის კანის ფერი, რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილება. რამდენიმე წელიწადში დისკრიმინირებულთა სიას სქესის კრიტერიუმიც დაემატა.

სხვა სიტუაციებში პოზიტიური დისკრიმინაცია ნიშნავს ისეთი პირობების შექმნას პრობლემების მქონე ხალხისთვის (მაგალითად, ფიზიკურად უნარშეზღუდულთათვის), რომ მათ სხვათა მსგავსი უფლებები და შესაძლებლობები ჰქონდეთ.

პოზიტიური დისკრიმინაციის კიდევ ერთი ფორმა ცდილობს, „გამოასწოროს“ მანამდე არსებული უსამართლობა. ყველა აღნიშნული ღონისძიებისა და პრაქტიკის მიზანია, ხელი შეუწყონ თანასწორობას„უთანასწორობის საშუალებით.


წყარო

  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი
  • ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით
  • ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/
  • ბოხაშვილი ბესარიონ, დისკრიმინაციის აკრძალვა:სოლიდარობა 2008 №2(23)
  • პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები.
  • საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები.
  • ადამიანის უფლებათა ლექსიკონი/[შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ.: დასი, 1999
  • პოზიტიური დისკრიმინაცია, როგორც რასიზმი. ნინო მაჭარაშვილი// ტაბულა 2012 №90. 5 - 11 მარტი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები