დიურკჰაიმი დავიდ ემილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავიდ ემილ დიურკჰაიმი

დიურკჰაიმი დავიდ ემილ - Durkheim David Émile, Давид Эмиль Дюркгейм, 1858-1917

ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, ფრანგული სოციოლოგიური სკოლის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იყო ბორდოს და პარიზის სორბონას უნივერსიტეტების პროფესორი. შექმნა და რედაქტორობდა მსოფლიოში პირველ სპეციალურ სოციოლოგიურ ჟურნალს.

სოციოლოგის დამოუკიდებლი მეცნიერებად დაფუძნების ამოცანიდან გამომდინარე, დიურკჰაიმი ცდილობს, მონახოს რეალობა, რომელსაც საკუთარი, სხვაზე დაუყვანადი კანონზომიერებანი აქვს და რომლის შესწავლა მხოლოდ ამ დისციპლინას ხელეწიფება. სოციოლოგიის საგანი „სოციალური ფაქტებია” . ამ ფაქტებისაგან და მათი კავშირებისაგან შედგება საზოგადოება (სოციალური რეალობა), რომელშიც ორი სტრუქტურული ფენა გამოიყოფა: ობიექტური (მოსახლეობის სიმჭიდროვე, კომუნიკაციები, ინსტიტუციები და სხვა) და სულიერი (რელიგიური, ზნეობრივი, სამართლებლივი და სხვაგვარი ნორმები და წარმოდგენები). ისინი ობიექტურად არსებობენ და ახდენენ შემზღუდველ, მაიძულებელ ზემოქმედებას ადამიანებზე; სოციალური ფაქტები ისევე გვკარნახობს, როგორც უნდა მოვიქცეთ, როგორც მაგ., ამინდი გვკარნახობს იმას, როგორ უნდა ჩავიცვათ. სოციალური რეალობა თავისებური სინამდვილეა, რომელიც არ დაიყვანება არც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიურ და არც ფსიქოლოგიურ მოვლენებზე (ამას ეწოდება „სოციოლოგიზმი”). „სოციალური ფაქტის განმსაზღვრელი მიზეზი აუცილებელია, ვეძებოთ წინარე სოციალურ ფაქტებში და არა ინდივიდუალური ცნობიერების მდგომარეობებში” .

სოციუმს, საზოგადოებას ერთიანობა და ინტეგრირებულობა ახასიათებს. ეს არაა სუბიექტებისა და მათი ცნობიერების უბრალო ჯამი, არამედ მთლიანობა, რომლის არსებობის წესი არ გამოიყვანება შემადგენელი ნაწილებიდან. პირიქით, ინდივიდუალური ცნობიერება კოლექტიური (საერთო), საზოგადოებრივი ცნობიერების გამოძახილი და შედეგია. ე.წ. „კოლექტიური წარმოდგენების” სახით მოცემული ეს საერთო ცნობიერება აყალიბებს საზოგადოების მორალურ საფუძველს, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს სოციალურ ინტეგრაციას.

საზოგადოების გარკვეულ ტიპს, რომელსაც აქვს საკუთარი დაწესებულებები და ზნე-ჩვეულებები, აუცილებლობით ექნება თავისებური აზროვნების, შეფასების წესიც (საზოგადოებრივი ღირებულება). უზოგადეს ცნებებს, „გონების კატეგორიებს” (დრო, სივრცე, რაოდენობა, მიზეზი, პიროვნება, ღმერთი და სხვა) მთელი გონებრივი ცხოვრება ემყარება. მათი არსებობა ფილოსოფია-ფსიქოლოგიაში ან გონების აპრიორული კატეგორიებით აიხსნებოდა (ი. კანტი), ან ინდივიდუალური გამოცდილების განზოგადების საშუალებით {ემპირიზმი}. დიურკჰაიმი და სოციოლოგიური სკოლის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ, აჩვენონ, რომ ამგვარი კატეგორიები კოლექტიური აზრის ქმნილებებია, ანუ კოლექტიური წარმოდგენებია, რომლებიც პირობადებულია სხვადასხვა ხალხის, ეთნოსის ცხოვრების წესით. ყველაზე შორის ამ მიმართულებით წავიდა ლ. ლევი-ბრიული „პირველყოფილი აზროვნების” თავისი კვლევებით. თუმცა დიურკჰაიმმაც აჩვენა, როგორააა დამოკიდებული, ვთქვათ, დროისა და სივრცის ცნებათა შინაარსი ამა თუ იმ ტომის სოციალური ცხოვრების/წყობილების კონკრეტულ ვითარებებზე. დიურკჰაიმის აზრით, სოციალური სინამდვილე და არა გეოგრაფიული, ბიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ფაქტორებია მიზეზი თვითმკვლელობებისა. საზოგადოება არის აგრეთვე წყარო რელიგიის წარმოქმნისა. ეს საკითხები დიურკჰაიმმა საგანგებოდ შეისწავლა.

დიურკჰაიმის პოზიცია არსებითად ანტიფსიქოლოგისტურია იმ გაგებით, რომ სოციალოგიურ კანონზომიერებას უქვემდებარებს ფსიქოლოგიურს (რაშიც მას გ. ტარდი ეკამათებოდა). მიუხედავად ამისა, მისი ნააზრევი მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიისთვის. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ეს მეთოდოლოგიური პოზიცია სასარგებლოა თავად ფსიქოლოგიისთვის, ვინაიდან მას არათუ საზოგადოების, საკუთრივ ფსიქიკური სინამდვილის ახსნა უჭირს ფსიქიკურითვე, ხოლო ფსიქოლოგიზმი სოციოლოგიაში მისთვის ნამდვილად ზედმეტი ტვირთია. დიურკჰაიმის სახელი ყოველთვის მოიხსენიება, როცა სოციალური ფსიქოლოგიის საწყის ფორმებზე და, საზოგადოდ, ფსიქიკური ცხოვრების საზოგადოებრივ-კულტუროლოგიურ განსაზღვრულობაზე საუბრობენ.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები