დოგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოგმა - ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს „თვალსაზრისს“, „შეხედულებას“, „მოძღვრებას“, თავად დარგი - დოგმატიკა - მოიცავს ეკლესიის მიერ დადგენილ, უცვალებელ, ზედმიწევნით მტკიცე მოძღვრებას ღვთისმეტყველების ძირითად საკითხებზე - ღმერთსა და მის შესაქმეზე, ეკლესიაზე, მერმის საუკუნეზე და ა.შ.

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციით, ძირითადი საღვთისმეტყველო დოგმატები თვით საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაშივეა კოდირებული. ისინი ჰგვანან მდოგვის მარცვალს, რომელიც ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ „როდესაც იზრდება, ყოველ მწვანილზე დიდია და ხედ იქცევა“ (მათე 13:32). დოგმატები წერილსა და გადმოცემაში მარცვლების მსგავსადაა წარმოდგენილი, რომლებიც გარემო პირობების შესაბამისად იხარებენ და ნაყოფს იძლევიან (ლუკა 8:11-15). დოგმატებს თავიანთი სათქმელი სრულყოფილად და ყველასათვის გასაგებად რომ გაეცხადებინათ, ღვთისმეტყველებს ისინი უნდა გამოეთქვათ და წერილობით ჩამოეყალიბებინათ, სიმბოლოებსა და ფორმულებში გამოეხატათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდუალური საღვთისმეტყველო მსჯელობანი ფართო ასპარეზს იპოვიდა, რაც ახალი და ახალი ერესების აღმოცენებას წაახალისებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ამ ფაქტმა დოგმატიკის განვითარებას ანუ, ეკლესიის ენაზე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების მეცნიერული კატეგორიებით გამოხატვას შეუწყო ხელი.

ამდენად, დოგმატების ძირითადი ნაწილი ახალი ეპოქის ადრეულ საფეხურზე ჩამოყალიბდა, მაგრამ გამოცხადებული და უცვალებელი სიბრძნის (ცოდნის) სტატუსი მათ IV-VIII სს-ში შვიდი მსოფლიო და რამდენიმე ადგილობრივი კრების დასტურით მიენიჭა. დოგმატებს, ეკლესიის რწმენით, მფარველობს სულიწმიდა და ყოველგვარი ცდომილებისაგან იცავს. თითოეული დოგმატი ეფუძნება საღმრთო წერილს და გადმოსცემს გამოცხადებული სიბრძნის ამა თუ იმ მხარეს ფორმულებად, ე.ი. დადგენილებათა თუ განაწესთა სახით. მათი წყალობით უნდა აილაგმოს რჯულის სხვადასხვა საკითხის თვითნებური გააზრება. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დოგმატები ყალიბდებოდა და იხვეწებოდა ერეტიკულ შეხედულებათა მხილების კვალზე. მისი მიზანი იყო კათოლიკე, ე.ი. საყოველთაო მოძღვრების სისტემაში მოყვანა და სრულყოფა. დიდ „მესჯულეებად“ („დოღმატიკოსებად“) ითვლებიან:

დოგმატები ერთმანეთთან შეათავსა და მართლმადიდებლური მოძღვრება შეჯამებული სახით გადმოსცა იოანე დამასკელმა შრომაში „წყარო ცოდნისა“ (პეგე გნოსეოს), რასაც ზოგჯერ „თეოლოგიის ჟამს“ უწოდებენ. იგი შედგება სამი ნაწილისაგან:

I. საფილოსოფოსონი თავნი ანუ დიალექტიკა, სადაც წარმოდგენილია საღვთისმეტყველო ტერმინების დეფინიცია (განსაზღვრება) და თეოლოგიური კვლევა-ძიების მეთოდი;
II. წვალებათა წინააღმდეგ. იქ ჩამოთვლილი, განხილული და უარყოფილია უმთავრესი ერეტიკული მიმდინარეობანი;
III. ზუსტი ანუ უცდომელი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა. ესაა შრომის ყველაზე ვრცელი და ფასეული ნაწილი, სადაც თემატურად და თანმიმდევრობით განხილულია საეკლესიო მოძღვრების ცალკეული საკითხები, კერძოდ - დოგმატები ღვთის შესახებ, ერთარსებისა და სამგვამოვნების შესახებ, ღვთისმშობლის, ანგელოზების, წმინდანების, ხატებისა და სხვათა შორის.

ამ შრომის გამო იწოდება იოანე დამასკელი პატრისტიკის ანუ მამათა მოძღვრების სრულმყოფელად. სამივე ნაწილი თარგმნილია ქართულად. მათგან მესამე „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“ - ახალ ქართულ ენაზე ე. ჭელიძის მიერ (თბ., 2000).

ქრისტიანული მოძღვრების დოგმატების სახით წარმოჩენის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია „მრწამსი“. „მრწამსს“ მეორენაირად „სარწმუნოების სიმბოლო“ ეწოდება. „სიმბოლო“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „ნიშანს“. ძველად იგი ეწოდებოდა სარწმუნოებრივ ფორმულებს, რითაც ქრისტიანი გამოხატავდა საკუთარ რელიგიურ კრედოს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები