დოლის პური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოლის პური

დოლის პური - ხორბლის მთელი ჯიშობრივი სიმდიდრიდან, რომელიც საქართველოში საუკუნეთა მანძილზე შეიქმნა, განსაკუთრებით ძვირფასია რბილი ხორბლის საშემოდგომო ფხიანი წვრილმარცვლიანი ჯიშები, ე.წ. „დოლის პური“. ეს ჯიშები საქართველოში ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული.

ქართველი მიწათმოქმედებისათვის ცნობილია:

  • ახალციხის წითელი დოლის პური;
  • ჯავახეთის დოლის პური;
  • ქართლის დოლის პური;
  • შინდური დოლი;
  • წითელი დოლი;
  • კახური დოლი და სხვ. (ნასყიდაშვილი და სხვ., 1983; ბრეგაძე, 2004; Jorjadze et al., 2014; გოცაძე, მაისაია 2015).

ლ. დეკაპრელევიჩის (1947) მონაცემებით, წითელი დოლი ადგილობრივი ჯიში იყო ქართლში. ახალციხის წითელი დოლი ძირითად ჯიშად არის მითითებული ადიგენის, ასპინძის, ახალციხის რაიონებისათვის; ქართლის შავფხა - ქართლში; გომბორულა (პოშოლა, პროშოვა), - ბოლნისის, თეთრი წყაროს, გურჯაანის რაიონებისათვის; ლაგო დეხის გრძელთავთავა - ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონებისათვის; იფქლი - დასავლეთ საქართველოში, ამბროლაურის, ონისა და ცაგერის რაიონების დაბლობი ნაწილისათვის; ხულუგო - დასავლეთ საქართველოსთვის; ჯავახეთის დიკა - ახალქალაქის ზეგნისათვის, ახალქალაქის, ასპინძის, ბოგდანოვკის რაიონებისათვის; ქართლის დიკა - ქართლისა და ნაწილობრივ კახეთისათვის (დეკაპრელევიჩი, 1947); რაჭულა და ლაგოდეხის გრძელთავთავა - ლაგოდეხი-ყვარლის ბუნებრივი პირობებისათვის იყო მისადაგებული (კობახიძე, 1948).

მთხრობელთა გადმოცემით, „...ახალციხის რ-ში წითელი დოლის პური ითესებოდა გაზაფხულზე. ხის კავით მოიხვნებოდა მიწა; ამ კავის ადგილობრივი სახელწოდებაა „ჯილღა“. იყენებდნენ სახნავად, აგრეთვე, „არონას“. მოსავალს ცელით იღებდნენ. ლეწავდნენ კალოზე კევრით, კევრი დამზადებული იყო ხისაგან, ქვემოდან ჰქონდა კაჟები. ლეწავდნენ ხარებით. გალეწილს გაამშრალებდნენ, გაანიავებდნენ და ინახავდნენ „ამბრებში“, რომლებიც დამზადებული იყო ხისაგან. მოსავალს ახარისხებდნენ საკვებად და საფურაჟედ ცხოველებისათვის“ (ახალციხის რ-ნი, სოფ. აწყური, მთხრ. გ. ზედგინიძე 2014 წ).

დოლის პური მესხეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულია, როგორც აქაური ხალხის ერთ-ერთი ძირითადი საზრდო და სარჩენი, „ჩვენი მამა-პაპური პური“ (ბერიაშვილი, 1973).

დოლის პურს ფშავში „წმინდას“ უწოდებდნენ. მიწას ხნავდნენ ხის კავით. მოხნულ მიწაზე იმავე დღეს თესავდნენ, თესლი მიწაში „დაყივდებოდა“ (ღივს ამოიტანდა - ამოჯეჯილდებოდა), მუხლში შევიდოდა და „დაორსულდებოდა“. ამის შემდეგ პური დამწიფებას იწყებდა. დამწიფებულ პურს ან ხელით გლეჯდნენ ან ნამგლით მკიდნენ. ხელით პურის გლეჯას მაშინ მიმართავდნენ, როცა ყანა ძალზე დაბალი იყო. ყანის გლეჯის დროს, ხელის დაზიანებისაგან დასაცავად „ხის სათითებს“ იკეთებდნენ სამ თითზე. ყანის მკელი ხელზე იცმევდა „სამკლავეებს“, რომელიც ტილოსაგან ყოფილა ამოკერილი. უხმარიათ ტყავის ან სელის წინსაფარიც. მკას იწყებდნენ მიწის ქვედა მხრიდან და თანდათანობით მაღლა მიდიოდნენ. მომკილი ორი ხელეური ერთ ძნად იკვროდა. ძნას ფშავში “მაჭლეურს” უწოდებდნენ. ვინაიდან პურეული სრულ სიმწიფეს ვერ ასწრებდა, ამიტომ ახალშეკონილ ძნებს ისეთნაირად ალაგებდნენ, რომ ნიავს გამოეშრო ძნა. ძნებს ალაგებდნენ ხუთ-ხუთად, რასაც „ხადურას“ და ზოგ სოფელში „ხუთულას“ უწოდებდნენ. „ხუთულას“ შესატყვისად „მელეურსაც“ ამბობდნენ. გამოშრობის შემდეგ ლეწავდნენ. დიდი ყურადღება ექცეოდა ხორბლის სათესლე მასალის შერჩევას, რაც მოსავლის აღებისთანავე ხდებოდა და ცალკე “კოდში” ინახავდნენ (ჯალაბაძე, 1963, 1986).

ქართული დოლის პური ქართველი მიწათმოქმედების პირმშოა. დოლის პური შესანიშნავი იყო იმითაც, რომ კარგად მოდიოდა ურწყავშიც და სარწყავშიც.

დოლის პური ჩვენში კევრით ილეწებოდა და ნამჯა-ბზედ და ბრელედ იქცეოდა. აღმოსავლეთ საქართველოს ძირითად რაიონებში ნამჯა-ბზე საქონლის ერთ-ერთი ძირითადი საკვები იყო. იგი სახელწიფო გადასახადთა ნუსხაში შედიოდა. ბზეს ცოტაოდენი მარცვალიც მიჰყვებოდა გალეწვის შემდეგ, რაც ბზის ყუათიანობას ზრდიდა (კეცხოველი, 1957).

ზემო სვანეთში დოლის პურს იყენებდნენ ძირითადი რიტუალების შესრულების დროს. ყველა ოჯახს ჰქონდა პატარა ტილოგადაკრული გოდორი „ლალაშ“. როდესაც ოჯახის დიასახლისი რომელიმე ეკლესიაში სალოცავად შედიოდა, ამ გოდორში ძირს ჯერ ფქვილს ჩაყრიდა, შემდეგ მოზელილ ცომს დებდა რიტუალური კვერებისათვის, რომელთაც ეკლესიაში აცხობდნენ. გამოცხობის შემდეგ შეულოცავდნენ, რომ ოჯახში ყოფილიყო სიმშვიდე, ჯანმრთელობა, სიმრავლე; ღმერთს შესთხოვდნენ აგრეთვე საქონლის დაცვას ნადირისაგან. დოლის პურის დასათესად პირველად ნაკვეთს შეარჩევდნენ, შემოდგომაზე მარხილზე დადგმული ჩელით გაჰქონდათ ნაკელი. ნაკელს ერთი-ორი კვირით ადრე გაშლიდნენ, მერე მოხნავდნენ ხის კავით, სვანურად _ “ღენწიშით”. ხვნის დამთავრების შემდეგ დასათესად გამზადებულ ხორბალს პატარა ტილოგადაკრულ გოდორში ყრიდნენ. გოდორს ჩამოსაკიდი თოკი ჰქონდა მობმული. მთესავი ამ თოკში გაჰყოფდა მარცხენა ხელს და გოდორი მარცხენა მხარეს, ბარძაყზე მიყრდნობილი ეკავა. ხოლო მარჯვენა ხელით ხორბალს თესავდა. მთესველი ძირითადად ხანში შესული მამაკაცი იყო. ის ამ საქმეში ისე იყო დახელოვნებული, რომ ერთ მარცვალს ზედმეტად არ გადააგდებდა. თესვის შემდეგ ხარებში შებმული ფოცხით (სვანურად “ლაჭადირ”) კარგად მოფოცხავდნენ. ფოცხს ბოლოში კუნელის დიდი ეკლიანი ტოტები ჰქონდა დამაგრებული, რაც ხელს უწყობდა ბელტების დაფშვნას და სარეველების ამოგდებას. ხვნის დროს უკან მთოხნელიც მიჰყვებოდა, რომელიც ხნულიდან სარეველებს ჰყრიდა და ბელტებსაც აქუცმაცებდა (გირგვლიანი, 2010).

გ. ჯალაბაძის ცნობით (1970), სვანეთში რბილი ხორბლის ჯიშები ითესებოდა. სვანური სახვნელით - "ღანწუ იშით” იხვნებოდა ორ სეზონში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გაზაფხულის ხვნას ზოგჯერ ხელს დიდი თოვლი უშლიდა. იმისათვის, რომ თოვლის დნობა დაეჩქარებინათ, სვანები საყანეებში რამდენიმე ადგილას ნიჩბით მიწას მოთხრიდნენ და თოვლზე ზემოდან მოაბნევდნენ; ამით თოვლის დნობა ჩქარდებოდა. იცოდნენ ნაკელის თოვლზე გატანა, ეს მიწის განოყიერებასაც უწყობდა ხელს და სახნავ-სათეს ნაკვეთში თოვლის ადრე გადნობასაც. თუ პურეულის ყანა თხელი და დაბალი იყო, მაშინ მას ხელითაც გლეჯდნენ და კონებად კრავდნენ. პურეულის ასაღებად იყო გამოყენებული ე.წ. "შნაკვი", რომელსაც სვანეთში “რიკებს” უწოდებდნენ. თავთავებს წყვეტდნენ რიკების საშუალებით. შემდეგ თავთავებს “გამორეგვავდნენ” სპეციალურ სანაყებში. როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთში, უშგულის გამოკლებით, ხორბალს ყველგან კევრის დახმარებით ლეწავდნენ. კალო სახლის ეზოში ან სახლთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე ეწყობოდა. თუ სახლის ეზოში მოაწყობდნენ, მაშინ მას დიდი მომზადება არ სჭირდებოდა; ამისათვის საჭირო იყო მიწის გადათოხნა, შემდეგ მოსწორება და ზედმეტი მიწის გატანა არნადით _ “ლანგილით” ან “ლაქხირით”. თუ მიწა ქვიანი იყო, მაშინ აყალო მიწას მოიტანდნენ, მოაყრიდნენ და მერე დატკეპნიდნენ; ამისათვის ზემო სვანეთში სპეციალური მოწყობილობა ჰქონდათ, რომელსაც უწოდებდნენ “ლაგიწალარს” და “ლაღიჭუნალს”, ქვემო სვანეთში კი _ “ლაღინწოლას”, ლენჯერში _ “საღრჭელასაც”.

ლეწვის დროს კალოზე ცხვრის დაკვლა იცოდნენ. ცხვრის სისხლს კალოს შუა ადგილზე მიწაში მარხავდნენ. ლეწვის დაწყებას ამჯობინებდნენ ორშაბათს ან ოთხშაბათს.

საკალოე ადგილზე სცოდნიათ “კვასტანა ჩიტის” (ბოლოქანქარა), რომელსაც “მარიამის ჩიტსაც” უწოდებენ, მოკვლა და დამარხვა. ხალხის რწმენით, ეს მოსავალს ბარაქას მისცემდა. კალოში უღელ ხარს შეაბამდნენ, ხარებს პირზე საპირეებს ააკრავდნენ, კევრს აუბამდნენ და ლეწვას იწყებდნენ. თუ პურის განიავებას ვერ მოასწრებდნენ, მაშინ კალოზე ხვავს ერთად შემოკრებდნენ და შიგ ჭინჭრის ტოტებს ჩააყოლებდნენ, ავი თვალისა და ავი სულისაგან დაიცავსო. შემდეგ შეუდგებოდნენ ლეწვა-განიავებას.

ხორბლეულის გადასაზიდად იყენებდნენ მარხილზე დადგმულ მოწნულ “კვიდოლას”, რომელსაც “ქუფსაც” უწოდებდნენ. “ქუფს” შიგნიდან სელისაგან ადგილობრივ დამზადებული ქსოვილი აქვს გამოკრული, რომ მარცვალი დააკავოს.

“ქუფი” გამოყენებული იყო აგრეთვე პურის მარცვლის რეცხვის დროს. მარხილზე შედგმულ “ქუფში” პურის მარცვალს ჩაყრიდნენ, წყაროსთან მიიტანდნენ, მიუდგამდნენ და გარეცხავდნენ.

ირანში, ფერეიდანში XVII ს.-ში გადასახლებულ ქართველთა სამეურნეო ყოფაში ცნობილია სხვადასხვა ჯიშის ხორბალი, მათ შორის, საქართველოდან წაღებული დოლის პური (ბრეგაძე, 1974).

შიდა ქართლის სოფლის მეურნეობაში ოდითგანვე წამყვანი ადგილი მარცვლეულის წარმოებას ეკავა. მათგან ჭარბობდა ხორბალი. მდ. კავთურას ხეობაში, კერძოდ, კავთისხევის ვაკე უბანზე ითესებოდა თეთრი დოლის პური, ხოლო შემაღლებულ ადგილებზე - წითელი დოლის პური. მოსახლეობის ძირითადი სარჩო-საბადებელი იყო ხორბალი, რომელიც იცვლებოდა სხვადასხვა საოჯახო მოთხოვნილების საგნებზე. მისი საბაზრო წარმოება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, რასაც მსხვილი მეურნეები მიმართავდნენ.

დოლის პურის მოყვანამ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია სამცხეში. აქ დასტურდება წითელთავთავიანი დოლის ადგილობრივი ჯიში „მესხური დოლი“; ხორბლის ეს ჯიში, ფართოდ რომ იყო გავრცელებული არა მხოლოდ სამცხეში, არამედ მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ამას კლარჯეთის სოფლის სახელი “დოლის ყანაც” ადასტურებს. შიდა ქართლში უფრო თეთრი დოლი იცოდნენ (თოფჩიშვილი, 2010).

დოლის პური დასავლეთ საქართველოში ითესებოდა: რაჭაში, აჭარაში, სვანეთში. XX ს.-ის 20-იან წლებში რაჭაში ხორბლის ყველა სხვა ჯიშზე მეტად დოლის პური იყო გავრცელებული. სვანეთში (უშგულის თემში) წითელი დოლის პურის მოყვანას მისდევდნენ ზღ.დ.-დან 2000 მ სიმაღლეზეც (კეცხოველი, 1928; Декапрелевич, Менабде, 1929).

იფქლი

გასული საუკუნის 30-იანი წლების მონაცემებით, რაჭაში თესავდნენ „დოლა“ პურს (მაკალათია, 1930). თვით ტერმინი „დოლი“ მოხსენიებულია VIII-IX სს.-ის წერილობით ძეგლებში. თუმცა, ივ.ჯავახიშვილის (1930) მოსაზრებით, ამ ჯიშის ხორბალი მოჰყავდათ გაცილებით უფრო ადრეულ პერიოდშიც. დოლის პური გამოირჩევა ძლიერი დაბუჩქვით, საშუალო სიმაღლით, წვრილი ღეროთი და ვიწრო ფოთლებით, გვალვაგამძლეობით და მარცვლის არაცვენადობით; მდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ, კარგად ეგუება მწირ ნიადაგს. მისი უარყოფითი თვისებაა წვრილმარცვლიანობა, ჩაწოლისადმი მიდრეკილება და ძნელად ლეწვადობა. დოლის პური ხარობს როგორც სარწყავ, ისე ურწყავ პირობებში.დოლის პური ფასდება, როგორც მაღალი ხარისხის ხორბალი. ამიტომ მისი გავრცელების არეალში მოსახლეობა დოლის პურს "მთავარ პურს" უწოდებდა (ბრეგაძე, 1974; გოცაძე, მაისაია 2015)

დოლის პურისაგან ცხვებოდა ე.წ. მახობლიანი პური.

დოლის პურის მარცვალს ახასიათებს ცხობის მაღალი უნარიანობა. ცომი ზელაში კარგად ფუვდება, მატულობს, ძარღვიანია („ღვედიანი“), ცხვება გემრიელი, სურნელოვანი რბილი პური. ამიტომ დოლის პური, სხვა ხორბლებთან შედარებით, მაღალ ფასებში იყიდებოდა. სარიტუალო დანიშნულებისათვის მხოლოდ დოლის პურს იყენებდნენ. მისი ფქვილი საუკეთესოა თათარისა და ჩურჩხელისათვის.

გ. აბესაძის (1920) მონაცემებით, ავჭალის მხარეში, რბილი ხორბლის (Triticum aestivum) სახესხვაობებიდან ყველაზე დამახასიათებელი იყო თეთრი დოლი (Triticum aestivum var. erythrospermum (Körn.) Mansf.), რომელსაც აქ ნათესების თითქმის 80% ეკავა. ამ პურის მუდმივი თანამგზავრი იყო წითელი დოლი T.aestivum var. ferrugineum (Alef.) Mansf.), ქონდარა პური (Triticum compactum Host), მაგარი ხორბალი (Triticum durum Desf.). თეთრი და წითელი დოლის პური იყო გავრცელებული კოჯრის მხარეშიც; აქვე ითესებოდა უფხო რბილი ხორბალი „პოშოლა“. ერწოს მხარეში შემოდგომისას თესავდნენ დოლის პურს; თეთრი დოლის პურის ყანაში შერეული იყო წითელი დოლიც. გარე-კახეთში (საგარეჯო, ნინოწმინდა, აღბულახი, პატარძეული, სართიჭალა) პირველობა თეთრი დოლის პურს ეკუთვნოდა, თავისი მუდმივი თანამგზავრით - წითელი დოლით. გასული საუკუნის 30-იანი წლების მონაცემებით, ახალციხის რაიონში რბილი ხორბლის შემოდგომის ფორმები ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილი იყო „დოლის პურისა“ და „ქართული ხორბლის“ სახელწოდებით. ქართველი მაჰმადიანები მას „ქუზლიუქს“ უწოდებდნენ. რბილი ხორბალი ზოგიერთ რაიონში ცნობილია „ჩირიკას“ სახელწოდებით (აბესაძე, 1926; 1930).

რბილი ხორბლის ფხიანი ჯიშებიდან აღსანიშნავია აგრეთვე იფქლი, მეგრულად - „ირქიშ ქობალი“ // „ქობაი“; რომლის ადრეული ფორმა უნდა ყოფილიყო „ქვაბალი“; ჭანურად - „ქოვ - ალ - ი“ // „ქუვ - ალ // „ქუ - ალ - ი“ // „ქვალი“; ლაზურად - „ქოვალი“ // „ქუ’ვ’ალი“; სვანურად - „ითქ კუეცენ“; აფხაზურად - „აჩ’ა“ // „აჩარა’ჯ“ // „აჩარა’ძ“ (ჩიქობავა, 1938; კალანდია, 2005; მაჭავარიანი, 2006; ივანიშვილი, 2014).

ივ. ჯავახიშვილის (1930) მონაცემებით, ძველ საქართველოში ხორბლის ყველაზე უფრო გავრცელებული და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იფქლი იყო.


წყარო

პური ჩვენი არსობისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები