დრანდის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დრანდის ტაძარი.
ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

დრანდის ტაძარი - სოხუმიდან 18 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. კოდორის მარჯვენა ნაპირზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დრანდის ტაძარი და მისი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

დრანდის ტაძარსა და მის სამონასტრო კომპლექსს მდ. კოდორის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის მახლობლად მთის წინა მაღლობი უჭირავს. ვახუშტი ბატონიშვილის (1696-1758) ცნობით, „...მოქვის მდინარის დასავლით დის კოდორის მდინარე. ამ წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, შუენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა“.

დრანდის ტაძარი აგებულია ღვთისმშობლის სახელზე. იგი რამდენჯერმე არის გადაკეთებული, რამაც მისი შესწავლა გააძნელა. დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული და გაპარტახებული ტაძარი 1885 წელს ათონის მთიდან ჩამოსულმა რუსმა ბერებმა აღადგინეს და მონასტერი დააარსეს. XX საუკუნის დასაწყისში ტაძარი ხელახლა გადააკეთეს. ტაძრის გადაკეთებისას გუმბათს დაადგეს ხის კონსტრუქციის რუსული ძეგლებისთვის დამახასიათებელი „ხახვის თავი“, გააფართოვეს სარკმელები, დასავლეთით გამართეს ხის პატრონიკენი (მეორე სართული) და სხვ. ძეგლის შიგნით და გარეთ ნალესობით გამოყვანილმა დეკორმა მისი თავდაპირველი ხუროთმოძღვრული სახე შეცვალა. შიგნიდან და გარედან ტაძარი კირით შეათეთრეს, რის შედეგადაც ფრესკული მხატვრობის შემორჩენილი ნაშთებიც გაუჩინარდა.

დრანდის ტაძარი.
გუმბათი

სარჩევი

ტაძრის აგების თარიღი

XIX საუკუნეში დრანდის ტაძრის აგების დრო ცნობილი არ იყო და მას რუსი მკვლევარები მიახლოებით VIII-X, XI საუკუნეებით ათარიღებდნენ. XX საუკუნის დასაწყისში გიორგი ჩუბინაშვილმა ტაძრის ხუროთმოძღვრული ანალიზის შედეგად იგი მიიჩნია მცხეთის ჯვრის (VI ს.) ვარიაციად, მასთან დაკავშირებულ, მაგრამ შესამჩნევად დამოუკიდებელ ნაგებობად, რომელშიც ქართულთან ბიზანტიური ხასიათის მხატვრული ელემენტებია შერწყმული.

1978 წელს დრანდის ტაძრის სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მოხდა ხუროთმოძღვრული ძეგლის გაწმენდა და გამოკვლევა-შესწავლა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მისი თავდაპირველი სახის აღდგენა.

დრანდის ტაძარი
ინტერიერი

დრანდის სამონასტრო კომპლექსის ცენტრში გუმბათიანი ტაძარია, რომელიც აგურითა და რიყის ქვითაა აგებული. იგი უახლოვდება მცხეთის ჯვრის ტიპს. გეგმაში ჯვრის მკლავები სამივე მხრიდან სწორკუთხედი ფორმისაა. ხელოვნებათმცოდნე რუსუდან მეფისაშვილი ძეგლს VIII საუკუნის მიწურულით, „აფხაზთა“ სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდით ათარიღებს. მისი მოსაზრებით, ტაძარი აგებულია მოწვეული ხელოსნის მიერ. რაც შეეხება ძეგლის ხუროთმოძღვარს, ის ადგილობრივია, რადგან თუ ძეგლში ერთი მხრივ აშკარაა ბიზანტიური საფუძველი, მეორე მხრივ ჩანს, რომ ხუროთმოძღვარი სისხლხორცეულად არის ჩართული იმ შემოქმედებით პროცესებში, რომელიც გარდამავალი პერიოდის (VIII-IX სს.) საქართველოს ძეგლებს ახასიათებს. მკვლევართა ნაწილი ტაძრის რ. მეფისაშვილისეულ დათარიღებას, სრულიად საფუძვლიანად, არ იზიარებს. მ. ხოტელაშვილისა და ა. იაკობსონის აზრით, ტაძრის დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია მისი თანმხლები მასალა - კერამიკა, რომელიც V-VI სს. თარიღდება. აქედან გამომდინარე, მ. ხოტელაშვილი და კ. იაკობსონი ტაძარს VI საუკუნეს აკუთვნებენ. მ. ხოტელაშვილი მიიჩნევს, რომ ტაძარი ბიზანტიელების მიერაა აგებული. ა. იაკობსონის აზრით, დრანდის ტაძრის არქიტექტურა ჰგავს შესაბამისი პერიოდის ბიზანტიური ძეგლების არქიტექტურას. ბოლო ხანს, დრანდის ტაძრის აგების თარიღად VI-VII საუკუნეების მიჯნა სახელდება.

ინტერიერი

ტაძრის ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო. მხატვრობა XIII-XIV სს. თარიღდება. როგორც ჩანს, ამ დროს ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს და აღადგინეს. როცა სიძველეთა მკვლევარმა რუსმა ს. საბლინმა 1846 წელს, და ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა დ. ბაქრაძემ 1860 წელს ტაძარი მოინახულეს, იქ ფრესკები ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ს. საბლინის ცნობით, შედარებით კარგად იყო შემონახული გუმბათზე - მაცხოვრის, დასავლეთის კარებთან - მიქაელ მთავარანგელოზის; სამხრეთის კედელზე - ხარების ფრესკული გამოსახულებები; დ. ბაქრაძემ გაარჩია მაცხოვრის, მაცხოვრის ფერისცვალების და რამდენიმე წმინდანის ფრესკული გამოსახულება.

დრანდის ტაძარი.
ახალი ემბაზი, რეკონსტრუქციის შემდეგ

დრანდის საეპისკოპოსო

„აფხაზთა“ სამეფოში VIII-X სს. მნიშვნელოვანი პროცესები წარიმართა საეკლესიო სფეროში, რაც დასავლეთ საქართველოში ახალი ქართული საეკლესიო ორგანიზაციის - აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბებასთან იყო დაკავშირებული. ამ დროს იქმნება ჭყონდიდის (X ს. I ნახ.), მოქვის (X ს. 50-60-იანი წლები), ბედიის (X ს. მიწურული) საეპისკოპოსო კათედრები. სწორედ ამ დროს, X საუკუნის II ნახევარში დაარსდა დრანდის საეპისკოპოსო. დრანდის საეპისკოპოსოს ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებას. დრანდის ეპარქიის მღვდელმთავარი დრანდელის სახელითაა ცნობილი.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დრანდელის სამწყსოს შეადგენდა ტერიტორია მდინარე კოდორსა და ანაკოფიის მდინარეს (ამჟ. ფსირცხა) შორის. დრანდის საეპისკოპოსოს საეკლესიო მიწის მფლობელობისა და სამამულო სისტემის, დრანდის, როგორც საეკლესიო-ფეოდალური სენიორიის შესახებ, სამწუხაროდ, ცნობები არ გაგვაჩნია. რაც შეეხება დრანდელებს, მათ შესახებ მწირი და ფრაგმენტული ცნობები დაცულია ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, თუმცა ნათლად ჩანს, რომ დრანდა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ დრანდელებს მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით საზღვარგარეთის ქართული სავანეების - იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, სინის მთის ქართული მონასტრის და სხვათა წინაშე.

საბა დრანდელი

დღეისათვის ცნობილი პირველი დრანდელია საბა ეპისკოპოსი. დიმიტრი ბაქრაძეს და შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილს ზემო სვანეთში, ლენჯერის თემის სოფ. ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიაში უნახავთ იოანე მახარებლის ხატი (წმ. იოანე მახარებელი კარნახობს სახარების ტექსტს წმ. პროხორეს), დამზადებული საბა დრანდელის დაკვეთით. ხატი არის ნაჭედი, მოოქროვილი ვერცხლის, 21X17,5 სმ. ზომის, ნაზი, ბრწყინვალე ქართული ხელობის. ხატზე ამოტვიფრული წარწერა გვაუწყებს: „წმიდაო იოანე მახარებელო, ადიდე საბა დრანდელი“.

არსენ დრანდელი

გიორგი ჩუბინაშვილმა ხატი XI საუკუნის პირველი მესამედით დაათარიღა. ამ ხანის მოღვაწეა საბა დრანდელი, რომელსაც მოსდევს დრანდელი ეპისკოპოსი არსენი. დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მთარგმნელის გიორგი მთაწმინდელის (1009-1065) „თუენის“ (XI-XII სს.) ხელნა წერში, სექტემბრის თვის კანონის ბოლოს მიწერილია: „სრულ იქმნა სეკდენბერი მოწყალებითა ღმრთისაითა. ყოველთა წმიდათა სიმრავლეო, დაიფარეთ ორითავე სუფევითა, სულიერითა და ხორციელითა, არსენ მამამთავარი დრანდელი. ამენ“. ამრიგად, გიორგი მთაწმინდელის „თუენის“ სექტემბრის მასალის შედგენაში მონაწილეობა მიუღია არსენ დრანდელს. ამ დენად, იგი XI საუკუნის შუა ხანების მოღვაწეა.

გრიგოლ დრანდელი

შემდეგი მღვდელმთავარი, რომელიც დრანდის კათედრაზე ჩანს, არის ეპისკოპოსი გრიგოლი. იგი იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. მასში ნათქვამია: „ხორციელი საკვირიაკესა წირვაჲ და აღაპი და პანაშვიდი საუკუნოი გრიგოლი დრანდელისაი, შეუნდვენ ღმერთმან“.

ელენე მეტრეველმა, რომელმაც საფუძვლიანი გამოკვლევა უძღვნა ჯვრის მონასტრის აღაპებს, დაადგინა, რომ ნუსხის ძირითადი ნაწილი, რომელშიც გრიგოლ დრანდელის აღაპია შეტანილი, დაწერილი უნდა იყოს XIII ს. მიწურულსა თუ XIV ს. დამდეგს (1306-1307 წლებამდე). თუმცა მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ ნუსხის ძირითადი პლასტის იმ პირთა ცხოვრების ხანა, რომელთა სახელებიც წყაროებში დაიძებნა, XI-XIII საუკუნეებით იფარგლება. ამავე თარიღით შემოიფარგლა ე. მეტრეველის მიერ ეს პლასტი, რაც იმას ნიშ ნავს, რომ დანარჩენი პირები, რომლებიც სხვა წყაროებში არ ჩანან, მათ შორის გრიგოლ დრანდელიც, ამავე ხანის მოღვაწენი არიან. ამრიგად, გრიგოლ დრანდელის მოღვაწეობის ხანა ზოგადად XI-XIII სს. განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე გამოსახულია მისი მომხატველი გაბრიელ დრანდელი. ე. მეტრეველის აზრით, აღაპის გრიგოლ დრანდელი და ჯვრის მონასტრის მომხატველი გაბრიელ დრანდელი ერთი და იგივე პირია. ფრესკის წარწერის გვიანდელმა განმაახლებელმა, როგორც ჩანს, შეცდომა დაუშვა და გრიგოლის ნაცვლად დრანდელი წარწერაში გაბრიელის სახელით მოიხსენია. გრიგოლ დრანდელს, როგორც ჯვრის მონასტრის მომხატველს, სავარაუდოა, რომ სიცოცხლეშივე ჩაუწერეს სვინაქსარში აღაპი, ამასთან მონასტრის კედელზეც გამოსახეს.

ნიკოლოზ დრანდელი

სინის მთის სულთა მატიანეში იხსენიება დრანდელი მღვდელმთავარი ნიკოლოზი. სინის მთის სულთა მატიანე XIV-XVI სს. ძეგლია გვიანდელი მი ნაწერებით. იგი არსებითად სინოდიკია, ანუ კეთილისმყოფელთა მოსახსენებელი. მასში შეტანილია საერთოქრისტიანულ და ქართველ წმინდანთა, ქართველ მეფეთა და დედოფალთა, სამღვდელო და საერო პირთა მოსახსენებლები. სინის მთის სულთა მატიანის ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტი შესრულებულია ტექსტის ხელით. მასში ნათქვამია: „სულსა ღუძელი საქათალიკოსისა ოქროპირისა და მისთა ძეთასა შ-ს ღ-ნ. სულსა მთავარეპისკოპოზის ბედიელის ლაზარეს და მისთა მშობელთა შ-ს ღ-ნ; სულსა მთავარეპისკოპოზის გიორგის შ-ს ღ-ნ; სულსა დრანდელისა ნიკოლოზს შ-ს ღ-ნ; სულსა ჯუარისა მონასტრისა მამას იოსებს შ-ს ღ-ნ; სულსა მაწყუერელსა პიმენს შ-ს ღ-ნ“.

ცნობილია, რომ სულთა მატიანეებში პირთა მოსახსენებლები გარკვეული ქრონოლოგიის დაცვით შეჰქონდათ. ღუნძელი კათალიკოსი ოქროპირი, იგივე ხუნზახის მიტროპოლიტი, XIV საუკუნის მოღვაწეა. ქართულ საისტორიო წყაროებში ხუნძეთი დღევანდელი ავარეთის (მთიანი დაღესტანი) სახელწოდებაა. იოსების ჯვარის მამობა, ე. ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრობა XIV ს. მიწურულითა და XV ს. დამდეგით თარიღდება. პიმენ მაწყვერელიც XIV ს. მიწურულისა და XV ს. დასაწყისის მოღვაწეა, XV ს. დასაწყისის ჯვარის მამა. შესაბამისად, XIV ს. მეორე ნახევრით განისაზღვრება ლაზარე ბედიელის მოღვაწეობა. ამ პერიოდის მოღვაწე ჩანს ნიკოლოზ დრანდელიც.

თევდორე დრანდელი

XV ს. მიწურულითა და XVI ს. დასაწყისით შეიძლება განისაზღვროს თევდორე დრანდელის მოღვაწეობა. იგი იხსენიება თოფურიძეთა სასისხლო სიგელში, რომელიც პირობითად იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1484-1510) ზეობით თარიღდება.

მღვდელმთავარი ელია

შემდეგი დრანდელი მღვდელმთავარია ელია, რომელიც მოქვისა და დრანდის კათედრებს განაგებდა. იგი იხსენიება მოქვის ომოფორის წარწერაში, სადაც ნათქვამია: „ამა ომოფორისა მომჭირნესა მოქველ-დრანდელ მთავარეპისკოპოსსა ელიასა შ- ს ღ-ნ“. მოქვის ომოფორი XVI ს. I მესამედშია შეკერილი. ამ ხანის მოღვაწეა მოქველ-დრანდელი მთავარეპისკოპოსი ელიაც.

მიტროპოლიტი ფილიპე

არსებული დოკუმენტების თანახმად, დრანდის კათედრას XVI საუკუნის 40-იან წლებში მიტროპოლიტი ფილიპე განაგებდა. XVI ს. შუა ხანებში, დაახლ. 1543-1549 წწ. შორის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) ინიციატივით მოწვეულ იქნა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება ზნეობის დაქვეითებისა და საეკლესიო წეს-ჩვეულებების დარღვევების გამო გარკვეული ზომების მისაღებად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „ჟამთა ამათ შინა... იქმნა განტევება ცოლთა, კვლა კაცთა და იდუმალ ტყვის ყიდვა და უჯერონი სჯულსა ზედა მრავალნი იმერეთსა შინა“. საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ ქართლის კათალიკოსი მალაქია, აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონ I საყვარელიძე და „ყოველნი ეპისკოპოზნი იმერეთ-ოდიშისანი“, მათ შორის, დრანდელი მიტროპოლიტი ფილიპე. საეკლესიო კრებამ მკაცრად იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, ჯეროვანი შეფასება მისცა მათ და საეკლესიო და ზნეობრივი ნორმების დასაცავად „სამართალი კათალიკოსთა“ შეიმუშავა.

ევდემონ ჯაიანი

1630 წელს ჩერქეზეთსა და საქართველოში იმოგზაურა დომინიკანელთა ორდენის ბერმა, იტალიელმა მისიონერმა ჯოვანი ჯულიანო და ლუკამ. 1 ივნისს გემი, რომელზეც იტალიელი მისიონერი იმყოფებოდა, სოხუმიდან გავიდა და ოდიშის სამთავროს ნავსადგურ სკურჩაში ჩავიდა, მდ. კოდორის შესართავთან, სადაც მას მთავარეპისკოპოსი დრანდელი დახვდა. დრანდელს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია იტალიელ მისიონერზე, დიდებული პიროვნებააო მღვდელმსახურის სამოსელში, წერს იგი ქართველ მღვდელმთავარზე. დრანდელმა დომინიკანელი მისიონერი ეპარქიაში მიიწვია. „ერთ-ერთ მაღალ ადგილზე განლაგებულ მის ეკლესიას, - წერს ჯოვანი და ლუკა, - ეწოდება

წმიდა ანდრიას ეკლესია - საკმაოდ ლამაზი, მშვენიერი ძველი ფორმის თითბერის შანდლებით მორთული. სამრეკლოში არის ოქროთი მოვარაყებული კაპელები, სხვადასხვა მხატვრობით და ძველი გობელენებით მორთული“. ანდრია პირველწოდებული ტრადიციით დასავლეთ საქართველოს განმანათლებლად მიიჩნეოდა, ამიტომ წმ. ანდრიას სახელობის ეკლესიები დასავლეთ საქართველოში მრავლად იყო. საფიქრებელია, რომ დრანდელმა იტალიელი მისიონერი დრანდის საკათედრო ტაძარში მიიღო. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ სად იყო წმ. ანდრიას სახელობის ეკლესია დრანდის ეპარქიაში, სა დაც დრანდელმა იტალიელი მისიონერი მიიღო.

12 ივნისს მთავარეპისკოპოსი დრანდელი და ჯოვანი ჯულიანო და ლუკა ოდიშის მთავართან, ლევან II დადიანთან (1611-1657) შესახვედრად გაემართნენ და ათი დღის შემდეგ შეხვდნენ მას. მთავარმა დიდი პატივისცემით მიიღო ისინი. დრანდელმა იტალიელი მისიონერის პატივსაცემად სპეციალური სადილი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, ლევან II დადიანი, ოდიშის ექვსი ეპისკოპოსი - ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, ცაიშელი, წალენჯიხელი და თვით დრანდელი; კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1606-1648) ელჩები და რამდენიმე სპარსელი ვაჭარი. ლევან II დადიანის ბრძანებით, პეტრე პავლობის დღესასწაული 29 ივნისს (ახ. სტილით 12 ივლისი) დიდი ზეიმით აღუნიშნავთ დრანდის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, რომელსაც ჯოვანი და ლუკაც დასწრებია. ზეიმის შემდეგ იტალიელ მისიონერს წმ. ანდრიას ეკლესიაში წირვა ჩაუტარებია. დომინიკანელი მისიონერი ოდიშში სამთვენახევარი დარჩა. შემდეგ იგი დრანდელმა ქობულეთამდე გააცილა, საიდანაც ტრაპეზუნტში გაემგზავრა. სამწუხაროდ, იტალიელი მისიონერი არ იხსენიებს დრანდელი მთავარეპისკოპოსის სახელს. საფიქრებელია, რომ ეს დრანდელი მღვდელმთავარი ევდემონ ჯაიანია. ევდემონ ჯაიანი ცნობილი პირია. მისი დაკვეთით მოიხატა 1648 წელს ლევან II დადიანის ეკვდერი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში. ამ დროს ევდემონ ჯაიანი წალენჯიხის ეპარქიას განაგებდა.

ბიბლიოგრაფია

  1. „მცხეთის ჯვრის“ ტიპის ზოგიერთი ვარიაცია: დრანდა //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.-ტ.1.-თბ.,1936.-გვ.140-143. დრანდის ტაძრისა მცხეთის ჯვრის შედარებითი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: დ. ბაქრაძე, დიუბუა დე მონპერიე. ტექსტს ახლავს არქ. ნორევის მიერ (1847 წ.) შესრულებული ნახაზები (სურ.102, 103).
  2. ცინცაძე ვ. დრანდა //ძეგლის მეგობარი.-1979.-N30.-გვ.35-42. ძეგლის მეცნიერული კვლევის შედეგები.
  3. ახალი ამბები //დროება.-1883 (9 ივნ.).-N107.-გვ.1-2. ძველი დრანდის ტაძრის ნანგრევებზე ახალი მონასტრის აგების განზრახვის თაობაზე.
  4. დრანდა /ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. III.-თბ.,1978.-გვ. 633-634. მოკლე ცნობები სოფ.დრანდაში შემორჩენილი აგურისა და ქვით ნაშენი გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ.
  5. დრანდის ტაძარი //კვალი.-1893.-N13.-გვ.12. ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული მასალების მიმოხილვა, ძეგლის აგების თარიღი.
  6. კასტელი დონ კრისტოფორო დე ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ.-თბ., 1976.-გვ. 477. სოფ. დრანდის საეპისკოპო ტაძრის ნახატი. ნახატზე წარმოდგენილი წარწერის თარგმანი (გვ.180).
  7. მაჭავარიანი კ. სოხუმი //გაზ. „ივერია“.-1886 (25 ივლ.).-N160.-გვ.2. დრანდის ტაძრის წარწერათა შესახებ.
  8. აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები და ეპიგრაფიკა (IX-XV სს.). დრანდის ეკლესია //მობჩუანი თ. აფხაზეთი.I.-თბ., 2003.-გვ.208-209. მოკლე ცნობები დრანდის ეკლესიის შესახებ.
  9. შინაური ქრონიკა //დროება.-1884(26 თებ).-N44.-გვ.1-2. მეგრელების გადასახლების შესახებ გუმისტიდან დრანდის მონასტრის მიდამოებში.
  10. შინაური ქრონიკა //დროება.-1883(25 ოქტ.).-N212.-გვ.3. დრანდის მონასტრის განახლების თაობაზე.
  11. [ჩიჩუა კალისტრატე] კა-ლის-ტე. დრანდის მონასტერი //ივერია.-1900(27 ივნ.).-გვ.1-2.
  12. დრანდის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ.I.-თბ., 2007.-გვ.18-19. ღვთისმშობლის სახელობის დრანდის VIII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის მდებარეობა, მოკლე ისტორია. ტექსტს ერთვის ძეგლის საერთო ხედის ფოტო. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
  13. დრანდის ეკლესია //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში.-თბ., 2007.-გვ.153 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკითხები.-თბ.,2009.-გვ.153-154. დრანდის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  14. ჭედია გ. რესტავრაცია თუ... //გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“.-1971.-1 ივნისი. დრანდის ეკლესიის დაცვის თაობაზე.
  15. ხორავა ბ. დრანდის საეპისკოპო //საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წელი. სამეცნიერო კონფერენცია. მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები. მოხსენებების კრებული. .თბ., 2005.-გვ. 87-100. რეზ. რუს. ენაზე. დრანდის ღვთისმშობლის სახ.ტაძრისა და მისი სამონასტრო კომპლექსის მოკლე აღწერილობა; აღდგენისა და მშენებლობის ეტაპები, აგების თარიღის განსაზღვრა ხუროთმოძღვრული ანალიზისა და კერამიკის განხილვის საფუძველზე; ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა დრანდელის სამწყსოს ტერიტორიის შესახებ. დრანდის საეპისკოპოსოს ისტორია. მოხსენიებულნი არიან: დ. ბაქრაძე, რ. მეფისაშვილი, მ. ხოტელაშვილი, კ. იაკობსონი, ს. საბლინი, გ. ჩუბინაშვილი.
  16. ზუხბაია ვ. ქართული კულტურის ძეგლები აფხაზეთში //ძეგლის მეგობარი.-2000.-N1(108).-გვ.29-34. რეზ. ინგლ. ენაზე. ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  17. მოქვი, ილორი და დრანდა //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.112. მოკლე ინფორმაცია VII-VIII საუკუნეებით დათარიღებული დრანდის საეპისკოპოსო ტაძრის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
  18. დრანდის ტაძარი //ჟ. „კვალი“.-1893.-N13.-გვ.12.
  19. Драндский собор //Пачулия В. По древней, но вечно молодой Абхазии.-Сухуми.,с.67-70 //Пачулия В. В краю золотого руна.-М.,1964.-С.44-47//Пачулия В. Абхазия - край туризма.-Сухуми.,1975.-С.41 с илл.//Пачулия В. По историческим местам Абхазии.-Сухуми.,1956.-С.27-29 с илл.
  20. Меписашвили Р. Дранда. Памятник архитектуры VII Века.-Тб.,1983.-12с.
  21. Хрушкова Л. Цандрипш. Материалы по раннехристианскому строительству в Абхазии.-Сухуми.,1985.-С.69-70; С.79-83.
  22. Дюбуа де Монпере Путешествие вокруг Кавказа.Т.I.-Сухуми.,1937.-С.151.
  23. Толстой И., Кондаков Н. Русские древности в памятниках искусства. Вып.IV. Христианские древности Крыма, кавказа и Киева.-СПБ,,1891.-С.65 с илл.
  24. Селезнев М. руководство к познанию Кавказа.-СПБ.,1847.-С.171-172.
  25. Павливанов А. Церковь в Дранде //Материалы по археологии Кавказа. Вып.3.-1893.-С.8-13.
  26. Москвич Г. Путеводитель по Кавказу.-П.,1915.-С.443-444.
  27. Каспари А. Покоренный Кавказ.-СПБ.,1904.-С.647.
  28. Владимиров Н. Древности Черноморского побережья.-СПБ.,1900.-С.14.
  29. Бакрадзе Дм. Кавказ в древних памятниках христианства //Записки Общества любителей кавказской археологии. Кн.I.-1875.-С.65-66 с илл.
  30. Вейденбаум Е. Путеводитель по Кавказу.-Тифл.,1888.-С.364 с илл. 31. დრანდის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.212. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

წყარო

  • ბეჟან ხორავა:"დრანდის ტაძრი",- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №25,-2013 წლის დეკემბერი
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები