დუმუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუმუზი(შუმერ.) „ძე ჭეშმარიტი“, ენქისა და სირთურის ძე, მოკვდავი მწყემსი, რომელიც შეიყვარა ინანამ და ღვთაების რანგში აღაზევა. შუმ. „მეფეთა სიაში“ დუმუზი ნახსენებია წარღვნამდელი ქალაქის ბად-თიბირას მეფედ.

შუმერულ ენაზე შემონახულია მრავალრიცხოვანი ტექსტები, სადაც მოთხრობილია დუმუზის სატრფიალო ურთიერთობა ქალღმერთთან, აღწერილია საღვთო ქორწინება (ჰიეროგამია) მათ შორის. დუმუზის საძოვრებიდან თავისი სასძლოსთვის მოაქვს ძღვენი, ინანა ეგებება მას ურუქის ბეღელთან, სადაც იმართება ქორწილი და იშლება საქორწილო სარეცელი.

მიუხედავად იმისა, რომ დუმუზი ქალღმერთის რჩეულია, იგი ტრაგიკული ფიგურაა შუამდინარულ მითოლოგიასა და მწერლობაში, იგი განასახიერებს უმიზეზოდ დატანჯული ადამიანის ბედს. დუმუზი მსხვერპლი ხდება ავი დემონებისა, რომლებიც ამოჰყვებიან ქვესკნელიდან გათავისუფლებულ ინანას, გააპარტახებენ მის ფარეხ-სადგომს, წაუსხამენ ცხვარს (ან დაუხოცავენ), დაუღვრიან რძეს, ცეცხლს წაუკიდებენ მის ბინას და თავადაც ქვესკნელში წაიყვანენ ინანას სანაცვლოდ (ზოგი ვარიანტით: ინანა უმტრობს მას და ჩაუგდებს მის თავს ქვესკნელის დემონებს). თუმცა მწყემსი დუმუზი ინანას მიზეზით იღუპება, ეს არ აბრკოლებს ქალღმერთს ცხარედ დაიტიროს იგი. დატირების ტექსტებში დუმუზი მოხსენიებულია მის არა მხოლოდ სატრფოდ, უდროოდ დაღუპულ ქმრად, არამედ ძმადაც და შვილადაც კი უკიდურესი სიყვარულის ნიშნად. ინანასთან ერთად დუმუზის დასტირის მთელი შუმერის ქვეყანა. როგორც ჩანს, ტირილის მიზანი ისიც იყო, რომ ქვესკნელიდან ამოეყვანათ იგი ინანასადმი მიმართულ ჰიმნებში: დუმუზი მისი ძლევამოსილი მეუღლეა, მისთვის მებრძოლი („ბრძოლაში მტრებს დამხვავებელი, შენთვის იბრძვის ვითარცა გმირი“), და სრულიად მიჩქმალულია მისი ასპექტი, ვითარცა ვნებული ღვთაებისა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები