დუხობორები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუხობორები - მისტიკურ-რაციონალური მიმდინარეობა რუსეთში და რუსი ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფი.

ჩამოყალიბდა ვორონეჟის, ტამბოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში. დამაარსებლები: გლეხი სილუან კოლესნიკოვი, ვაჭარი ილარიონ პობიროხინი და გადამდგარი უნტეროფიცერი საველი კაპუსტინი. გამოეყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას XVIII საუკუნის 50-80-იან წლებში.

დუხობორები

სარჩევი

არსებითი ნიშანი

საღვთო წერილსა და საღვთისმსახურო წიგნებზე უარის თქმა, მოძღვრებისა და საღვთისმსახურო წესების ზეპირად გადაცემა, ადამიანის სულის ღვთის ნაწილად მიჩნევა, რეინკარნაციის რწმენა; პირველცოდვის მემკვიდრეობით გადაცემის არაღიარება და თეოლოგიურ სისტემაში სიმბოლოების სიჭარბე.

განსახლება: რუსეთის ცენტრალური ნაწილი, საქართველო და კანადა.

რაოდენობა: 4045 ათასი.

სახელწოდება

XVIII საუკუნის 5070-იან წლებში რმეის წიაღიდან გამოსული დენომინაციების უმრავლესობას საკუთარი, კონფესიური სპეციფიკის გამომხატველი, სახელი არ ჰქონდა. მათ, ზოგადად, „ხატმებრძოლებს“, ანდა „სულიერ ქრისტიანებს“ უწოდებდნენ. სიტყვა „დუხობორცი“ პირველად ეკატერინოსლავის ეპისკოპოსმა ამბროსიმ გამოიყენა 1775 წელს, ცხადია, ნეგატიურ კონტექსტში - „სულის წინააღმდეგ მებრძოლის“ აზრით. ეს სახელწოდება სწრაფად გავრცელდა სამხრეთ რუსეთის გლეხობასა და დონის კაზაკებს შორის. მოიწონეს მათაც, რომელთა მისამართით ეს სიტყვა წარმოითქვა და იგი ასე გაიაზრეს: „სულით მებრძოლი“, ანუ სულისა და ჭეშმარიტებისათვის მებრძოლი. ამის შემდეგ „დუხობორი“ აღნიშნული კონფესიის სახელწოდებად დამკვიდრდა. ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან დუხობორები თავიანთ მისიას „ცოცხალი რწმენის“ აღორძინებასა და გაძლიერებაში ხედავენ, რაც მათგან სულიერ (და მხოლოდ სულიერ) ბრძოლას მოითხოვს.

ისტორია

დუხობორები თავიანთ ისტორიას რუსეთის დიდი საეკლესიო „რასკოლით“ (სქიზმით, განხეთქილებით) იწყებენ, ე.ი. 1666 წლიდან (ძველმართლმადიდებლები). ამ დროს რუსეთში ნამდვილი სამოქალაქო ომი იმის თაობაზეც გაჩაღდა, ბიბლიის რომელი რედაქცია უნდა დაესტამბათ: ძველი თუ ნიკონის კომისიისაგან ჩასწორებული? მორწმუნეთა ნაწილმა ყურადღება იმ ჭეშმარიტებაზე გადაიტანა, რომ ცხონების წყარო არის არა ბიბლიის ტექსტი, არამედ შინაარსი. სწორედ ეს პოზიცია განავითარეს დუხობორების მამათმთავრებმა და ბიბლიის ტექსტზე უარის თქმა თავიანთი კონფესიის ქვაკუთხედად აქციეს.

დუხობორთა მოძრაობის აღმოცენების მიზეზებისა და თარიღის შესახებ მეცნიერებს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. ერთნი ასახელებენ XVII-XVIII საუკუნეების რუსეთისათვის დამახასიათებელ კლასობრივ ექსპლუატაციას, სხვანი - ევროპიდან რეფორმისტულ-პროტესტანტული იდეების შემოტანასა და ოფიციალური ეკლესიიის სამღვდელოთა დასს, რომელიც ხელისუფლების სამსახურში იდგა და მოსახლეობის დაბალ ფენას მჩაგვრელად ევლინებოდა.

უძველესი დოკუმენტი, რომელიც პირველ დუხობორებს - „სულიერ ქრისტიანებს“ - ახსენებს, 1750 წელს განეკუთვნება. მკვლევრებიც აღნიშნული კონფესიის ისტორიას ამ წლიდან იწყებენ.

დუხობორთა პირველი თემი გლეხმა სილუან კოლესნიკოვმა და მატყლით მოვაჭრე ილარიონ პობიროხინმა ჩამოაყალიბეს. ფიქრობენ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ვიღაც უცხოელ კვაკერთან, რომელიც XVIII საუკუნის შუა წლებში ხარკოვის გუბერნიის სოფ. ვოხოჩემში ცხოვრობდა. მისი მიმდევრები თავიანთ თავს სულიერ ქრისტიანებს უწოდებდნენ და ისინი, ძირითადად, ხარკოველი და ეკატერინოსლაველი გლეხები, ვაჭრები და ხელოსნები იყვნენ.

კვაკერები რწმენის წყაროდ აღიარებენ „შინაგან სინათლეს“, რამაც პიროვნების გასხივოსნება უნდა გამოიწვიოს. სწორედ ეს მოძღვრება განავითარეს ეკატერინოსლაველმა ს.კოლესნიკოვმა და ტამბოველმა ი.პობიროხინმა. თანამოაზრეთა ჯგუფმა, რომელიც მათ გარშემო შეიკრიბა, თავის თავს „ქრისტეს სხეული“ უწოდა და მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა. პობიროხინმა თავი მესიად გამოაცხადა, შეკრიბა 12 მოციქული და 1775 წელს საზეიმო მარშით შევიდა ტამბოვში, სადაც იგი დააპატიმრეს და გააციმბირეს.

დუხობორების დიდი ნაწილი, 3985 სული, XIX საუკუნის დასაწყისში მელიტოპოლის მაზრაში, ტავრიის გუბერნიაში, მდ. მოლოჩნიე ვოდის აუთვისებელ სანაპირო ზოლში გადაასახლეს. რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, როსტოვის მხარეში, რამდენიმე ათასი დუხობორი დარჩა.

მოლოჩნაია ვოდას კოლონიას სათავეში საველი კაპუსტინი ჩაუდგა. მან დიდი რეფორმატორული სამუშაო ჩაატარა: ჩამოაყალიბა წესდება, რომლის თანახმად ეკლესიისათვის ოცდაათკაციან საბჭოს უნდა ეხელმძღვანელა, უარყოფილ იქნა ბიბლიის კითხვის ტრადიცია და, საერთოდ, ღვთისმსახურების დროს ნაწერის, ტექსტის გამოყენება, უნდა წარმოთქმულიყო მხოლოდ ცოცხალი, ზეპირი სიტყვა, ზეპირი ბიბლია. ამ პრინციპის საფუძვლად პავლე მოციქულის სიტყვები გამოცხადდა: „ასო კლავს, სიტყვა კი აცოცხლებს“ (2 კორ. 3:6), რასაც დუხობორები ასე გამოთქვამენ: „ნაწერი მკვდარია, სიტყვა კი ცოცხალი“. აღნიშნულმა საბჭომ აღიარა იესო ქრისტეს სულის მამიდან შვილზე გადასვლის მოძღვრება და ამით დაამკვიდრა კაპუსტინების გვარის მემკვიდრეობითი უფლებები დუხობორთა მმართველობაში, რამაც თითქმის 100 წელს გასტანა.

დუხობორებს სდევნიდა როგორც სახელმწიფო, ისე მართლმადიდებელი ეკლესია. 1835-39 წლებში შედგა სპეციალური კომისია, რომელმაც შეისწავლა მათი საქმიანობა და ეს საქმიანობა, განსაკუთრებით კი არმიაში სამსახურზე უარის თქმა, სექტანტობად და ქვეყნისა და ეკლესიისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია. ამის გამო დუხობორებს ულტიმატუმი წაუყენეს: ან დაბრუნებოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას, ან სასჯელისათვის მომზადებულიყვნენ. უმრავლესობამ მეორე გზა აირჩია. მეფის ხელისუფლებამ 1839 წელს, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, მათი ამიერკავკასიაში გადასახლების ბრძანება გამოსცა.

კავკასიაში დუხობორები 1839-1845 წლებში ჩამოასახლეს. დიდი ნაწილი ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრაში, დაასახლეს 1841 წელს, ნაწილი - დმანისში (ქვემო ქართლი), ქედაბეკში (აზერბაიჯანი) და ნაწილიც - ყარსში (ამჟამინდელი თურქეთი). ახალმოსახლეთა აკლიმატიზაციის პროცესი მძიმედ მიმდინარეობდა. არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, წყალი და ბინები. შიმშილის, ეპიდემიებისა და ყაჩაღთა თავდასხმებისაგან ამ დროს ათასობით დუხობორი განადგურდა. ამიტომ ისინი, პაციფისტი მორწმუნეები, იძულებულნი გახდნენ, რომ ხელში იარაღი აეღოთ და თავიანთი თავი დაეცვათ.

რუსეთის იმპერიაში დუხობორები იმდენად დაჩაგრულად გამოიყურებოდნენ, რომ ბევრ ჰუმანისტს მათ მიმართ სიმპათია აღეძრა და მრავალმა მათგანმა ხმა აღიმაღლა მათი უფლებების დასაცავად. ამ მხრივ ყველაზე მეტად ლევ ტოლსტოი აქტიურობდა. იგი მართლმადიდებლობას „გადაგვარებულ ქრისტიანობას“ უწოდებდა და ამ სარწმუნოების იდეალთა ხორცშესხმას პირველქრისტიანთა უბრალოებასა და სიმარტივეში ჭვრეტდა, თვლიდა, რომ სახარების სულს დუხობორების, მალაკნების და სხვა ე.წ. სექტანტების მოძღვრება და ცხოვრება უფრო შეესატყვისება, ვიდრე მდიდრულად მორთული ეკლესიები და მათი მღვდელმთავრები, რომლებსაც მთავრობა მფარველობს და, რომლებიც ფუფუნებაში იმყოფებიან. ცნობილია, რომ ტოლსტოიმ „აღდგომის“ ჰონორარი 1899 წელს დევნილი და პატიმარი დუხობორების დასახმარებლად გადარიცხა. მკვლევრებს აჭვი არ ეპარებათ, რომ ამ რომანში არაერთგზის ნახსენები „სექტანტების საქმე“, რომელსაც კეთილად მოგვარების სურვილით მთავარი მოქმედი პირი ხელმწიფე-იმპერატორს გადაუგზავნის, ხოლო ადრესატი გარკვეულ გულისხმიერებასაც გამოიჩენს დაჩაგრულთა ბედიღბლის მიმართ, პირველ ყოვლისა, „დუხობორების საქმეს“, მათი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვას გულისხმობს. ფაქტია, რომ რუსეთში ჰეტეროდოქსების (სხვადმადიდებლების) დისკრიმინაცია სწორედ ამ ქვეყნის უკანასკნელი იმპერატორის დროს, 1899 წლის ახლო ხანებში, აიკრძალა.

1826 წელს, მაშინდელი სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის იმპერიაში 27 000 დუხობორი ირიცხებოდა, რევოლუციამდელ პერიოდში - 20 000.

1966 წელს დუხობორებმა თავიანთი მოძღვრების 300 წლის იუბილე აღნიშნეს. ცნობილმა კანადელმა დუხობორმა, ივანე ვერიგინმა, ერთ-ერთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ, დუხობორები, რომლებიც რუსი ხალხის წიაღიდან გამოვედით, ჩვენი 300 წლოვანი ისტორიის მანძილზე მკაცრი სულიერი მორჩილებით ვიცავდით ქრისტეს მოძღვრებას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვიკვირს არაფერი, რაც დღეს წუთისოფელში ხდება, რადგან იესო ქრისტეს ნათქვამი აქვს: ეს ასე იქნება“.

მოძღვრება და პრაქტიკა

დუხობორების მოძღვრება ზოგადქრისტიანული თეოლოგიისაგან შესამჩნევად განსხვავდება. სპეციალურ ლიტერატურაში იგი მისტიკურ-რაციონალურ მიმართულებადაა კვალიფიცირებული, რადგან მის მიერ უარყოფილია საიდუმლოებები, მარხვები, რიტუალები და რელიგიის სხვა გარეგნული ატრიბუტები, სამღვდელოება და მისი იერარქიული სისტემა, ხატების, ჯვრების თაყვანისცემა, წმინდა მამების ავტორიტეტი და, რაც ყველაზე არსებითია, წერილი, წიგნი - ბიბლია. ეს მოძღვრება და ტრადიცია მთლიანად დაფუძნებულია ცოცხალ, ზეპირ გადმოცემებზე - იმ გადმოცემებზე, რომლებიც წინაპრებმა მომავალ თაობას უანდერძეს, რომელიც შემონახულია დუხობორთა მეხსიერებაში. სწორედ ეს მეხსიერებაა საღვთო წიგნი, ე.წ. ცხოვრების წიგნი, რომელიც აღბეჭდილია არა ქაღალდზე, არამედ მორწმუნე დუხობორების გულსა და გონებაში. ეს წიგნი, ზეპირსიტყვიერებაში არსებული, XX საუკუნის დასაწყისში ჩაიწერეს და „ცხოვრების წიგნი“ უწოდეს. იგი შეადგინა და გამოსცა ვ. ბონჩბრუევიჩმა. იქ ფსალმუნების გარდა, შესულია კითხვა-პასუხები დუხობორთა სარწმუნოების შესახებ, საკრალური ლექსები, შელოცვები და სხვ., აგრეთვე ის კატეხიზმოც, რომელიც ცნობილმა უკრაინელმა მწერალმა და ჰუმანისტმა გ. ს. სკოვოროდამ (1722-1794) შეადგინა.

დუხობორთა შეხედულებით, ჭეშმარიტ მორწმუნეში ღვთის სულია დავანებული, რის გამოც მათ არ სჭირდებათ შუამავალი ღმერთთან მღვდლის სახით. ამიტომ საკუთარი ცოდვების პატიებისათვის ისინი ღმერთს უშუალოდ მიმართავენ, რადგან სწამთ, რომ ღმერთი მათ სულში სახლობს.

დუხობორთა მსჯელობით, ღვთის სამპიროვნება სხვადასხვა სახით ვლინდება. მაგალითად, ბუნებაში - სინათლე, მოძრაობა და სიმშვიდე, ადამიანში - მახსოვრობა, გონება და ნება. ღმერთმა ადამიანი თავის ცოცხალ ტაძრად შექმნა. ამდენად, ამ ტაძარში ღვთიური სამებაა წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთშია და ღმერთი ადამიანშია. ამიტომ დუხობორები თავიანთ წინამძღვრებში ქრისტე ღმერთის სულს ხედავენ. თავდაპირველად დუხობორებს სწამდათ, რომ სული სხეულის გარდაცვალების (გაქრობის) შემდეგ ახალ სხეულში გადადის და ხელახლა იბადება. ამჟამად ეს შეხედულება ასეა შეცვლილი: სული შეერწყმის კოსმოსს.

დუხობორებს სწამთ, რომ ეკლესია ორადაა გაყოფილი - კაენის შთამომავლად და აბელის შთამომავლად. ისინი აბელის ეკლესიას ეკუთვნიან. კაენის შთამომავლები, რომლებიც ვაჭრობენ და მდიდრდებიან, აბელის შთამომავლებს, დუხობორებს, ჩაგრავენ. ამ ჩაგვრას ისინი მოთმინებით იტანენ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ მომავალი მათია.

დუხობორთა გაგებით, ჯოჯოხეთი და სამოთხე ბოროტი და კეთილი საქმეების სიმბოლოებია. მიცვალებულს ისინი გარდაცვალებიდან მეორე დღეს ასაფლავებენ. მიიჩნევენ, რომ მიცვალებულის დამარხვამდე სული სხეულს არ განშორდება. დუხობორები პირველცოდვას მემკვიდრეობით ცოდვად არ მიიჩნევენ. მათი აზრით, თითოეული ცოდავს და ინანიებს ინდივიდუალურად.

იესო ქრისტე, რომელიც დაიბადა, რომელმაც ადამიანებს ცხოვრების ჭეშმარიტი გზა ასწავლა, რომელიც ეწამა და აღდგა, თითოეულ დუხობორში ცხოვრობს. ამიტომ დუხობორები თავის წინამძღოლს „ღვთის შვილად“, სულაც „ღმერთად“ თვლიან და მას „ქრისტეს“ ეძახიან.

დუხობორებს სწამთ, რომ სიბრძნე, გონიერება, სინდისი, რწმენა, ცოდნა, ღვთისმოშიშება, ღვთიური ქორწინება სულიწმიდის საბოძვარია. მისგან გამომდინარეობს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სიკეთე, გულმოწყალება, თვინიერება და თავშეკავება. ცოდვაა: სიამაყე, ვერცხლის სიყვარული ანუ ანგარება, მრუშობა, რისხვა, ჯადოქრობა, შური, სასოწარკვეთა. დუხობორისთვის ცნობილია შვიდი მადლი და სიკეთე: მორჩილება, თავმდაბლობა, უბიწოება, თმენა, მარხვა (მხოლოდ სულიერი), კაცთმოყვარეობა, სულიერი სიმხნევე. მათი მოძღვრების მიხედვით, ადამიანები ღმერთმა შექმნა, ღვთის ძემ გააცოცხლა და მისცა ჭვრეტის უნარი, სულიწმიდამ კი გაასხივოსნა. ღმერთმა ადამიანი დააჯილდოვა მახსოვრობით, გონით და ნებით.

რელიგიური თემის მთავარ ბირთვს საწესო სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფი შეადგენს. ისინი ყოველ კვირა დილასა და დღესასწაულებზე იკრიბებიან, კითხულობენ, უფრო სწორად, ჰყვებიან ფსალმუნებს, ასრულებენ საკრალურ სიმღერებს, დადიან „მოგილოჩკაზე“, სადაც მათი წინამძღოლები და წინამორბედები განისვენებენ. ხსენებული ჯგუფი დადის გასვენებებსა და ქორწილებში. გარდა ფსალმუნებისა, სხვა სიმღერებიც სრულდება, რაც მხოლოდ დუხობორებისთვისაა განკუთვნილი. რაც შეეხება „ფსალმუნებს“, ეს არაა დავით წინასწარმეტყველის ცნობილი კანონიკური ტექსტი, ამ ფსალმუნებში გამოყენებულია ნაწყვეტები დავითნიდანაც და საღვთო წერილის სხვა წიგნებიდანაც, აგრეთვე - ლოცვანებიდან და მართლმადიდებელი ეკლესიის ძლისპირებიდან (ირმოლოგიონიდან). ბევრი სტროფი, ანდა მთელი სიმღერა და საგალობელი მათი ორიგინალური შემოქმედებაა, რასაც ისინი, ზოგადად, დავითის ფსალმუნებს უწოდებენ. ამ ფსალმუნებიდან ზოგიერთი ადგილი დღეს უკვე ბუნდოვანია, მაგრამ, დუხობორთა თქმით, მთავარია ეს ადგილები ისე წარმოითქვას, როგორც ამას მათი მამები წარმოთქვამდნენ, სწამთ, რომ ამ წარმონათქვამებში სიბრძნეა ჩაქსოვილი. ერთობ ორიგინალურია ერთმოტივიანი უსიტყვი სიმღერები. საზოგადოდ, დუხობორთა სიმღერები და ლექსები ნაღვლიანია, მათში ჩაგვრისა და დევნის კვალი იგრძნობა. დუხობორთა რელიგიური მრწამსის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მათი კალენდარული დღესასწაულებიც. გარდა ჩვეულებრივი საეკლესიო დღესასწაულებისა (ქრისტეშობა, ახალი წელი, ნათლისღება, ხარება, ბზობა, აღდგომა), მათ სპეციფიკური დღესასწაულებიც აქვთ. ესაა მეურნეობასთან დაკავშირებული დღესასწაულები - თესვის, მოსავლის აღებისა და ა.შ.

დუხობორთა რელიგიური თემი გაერთიანებულია სამეურნეოში, ე.ი. ერთდროულად წარმოადგენს მიწისმფლობელ თემსაც. დუხობორად მიღებული ახალი წევრი თემის საკუთრებაში არსებული მიწის მფლობელი ხდება. ამდენად, ეკონომიკური საფუძვლის გამო, დუხობორები დაინტერესებული არ არიან, რომ მათი თემი რიცხობრივად გაიზარდოს. ამიტომ დუხობორად ითვლება მხოლოდ დაბადებით დუხობორი, რაც ხაზს უსვამს „ღვთისრჩეულობის“ იდეას.

სოციალური სტრუქტურის თვალსაზრისით, დუხობორთა თემი არის მყარი ორგანიზმი, რომელსაც საკუთარი მოძღვრება და ცხოვრების ნორმირებული წესი აქვს. მისი წევრები დამოკიდებული არიან თავიანთ საზოგადოებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში „ობშჩინა“ ზრუნავს თითოეულ წევრზე, თემის შიგნით არ არის არავითარი დიფერენციაცია, ყველა თანასწორუფლებიანია. დუხობორთა თემი აბსოლუტიზმის პრეტენზიას მხოლოდ თავის წევრებზე ავრცელებს. თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, ეს თემი შიდა ნორმების დაცვას ხსნის ერთადერთ გზად მიიჩნევს. დუხობორთა ეთნიკური თვითშეგნება განისაზღვრა რელიგიური ფორმით და განმტკიცდა პერსონიფიცირებული სახელწოდებით „დუხობორი“. სოციალური ორგანიზაცია - თემი - გააზრებულია როგორც ერთობა. კონფესიური წოდება „დუხობორი“, ამავე დროს, გვევლინება ეროვნულობის აღმნიშვნელ ეთნონიმად. დუხობორთა ეთნიკურ თავისებურებებს (მაგ., ეტიკეტს, ურთიერთდამოკიდებულების ფორმებს, საწესო სიმღერებს, წეს-ჩვეულებებს, ჩაცმულობას) რელიგიური საფუძველი აქვს.

დუხობორთა თემის შიგნით არსებული კავშირები ხასიათდება სოციალური, საოჯახო, საქორწინო და რიტუალურ წესჩვეულებათა რთული კომპლექსით. მათ დასაცავად მთელი თემი ზრუნავს. კულტურული ტრადიციის ზოგი ელემენტი აღარ მოქმედებს ყოველდღიურ ყოფაში ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში (რელიგიური დღესასწაულების შესრულებისას), ცალკეული დეტალის სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დუხობორთა ტრადიციის საერთო ძაფის უწყვეტობა და ჯგუფის სტაბილურობა ასე თუ ისე დღემდე შენარჩუნებულია.

დუხობორები საქართველოში

დუხობორებმა ჯავახეთში რვა სოფელი დააარსეს, რომლებსაც სამშობლოდან წამოღებული სახელები დაარქვეს: ტამბოვკა, ბოგდანოვკა (ახლანდელი ნინოწმინდა, რომელსაც თვითონ იერუსალიმსაც უწოდებდნენ), გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცოვკა, ანუ კალინოვკა (ახლანდელი სამება), როდიონოვკა. ახალმოსახლეებმა თავთავიანთ სოფლებში კომუნები ჩამოაყალიბეს: ჰქონდათ საერთო ბეღლები და სასადილოები, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას (უფრო მესაქონლეობას) და მევახშეობას. ყველა კომუნას თავიდან ერთი ხელმძღვანელი ჰყავდა. ეს იყო „წმინდა დინასტიის“ წარმომადგენელი ილარიონ კალმიკოვი. კომუნალურმა სისტემამ დიდხანს ვერ იარსება, რადგან ზოგიერთი ოჯახი გამდიდრდა და კომუნას დაუპირისპირდა.

დუხობორებს საქართველოში, ჯავახეთში, ჰქონდათ მკვეთრად მონიშნული ტერიტორიული საზღვრები, რომლებიც ეთნიკურ და კონფესიურ საზღვრებს ემთხვეოდა. ამ ტერიტორიას თავად დუხობორებიც და მათი მეზობლებიც „დუხობორიას“ უწოდებდნენ. დუხობორიას ოთხივე მხრივ ესაზღვრება დუხობორთა წმინდა ადგილები: „სვიატაია გორა“ (სადაც, მათი გადმოცემით, დაკრძალულნი არიან წინასწარმეტყველები: აბრაამი, ისააკი და იაკობი), „სინი კურგანი“ (იგივე „სიონგორა“, სადაც გადმოცემით, დაკრძალულია წინასწარმეტყველი „ველიკი ვასილი“), „ლუშეჩკინ ხუტოროკი“ (წინამძღოლის საზაფხულო სახლი), „კურგანი“ (სადაც დასაფლავებულია „ველიკი პავლო“), „აბულ გორა“ (გადმოცემით დასაფლავებულია წმ. გიორგი თავისი ოჯახის 6 წევრით).

ილარიონ კალმიკოვის მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ დუხობორთა ხელმძღვანელი გახდა ილარიონის რძალი - ლუკერია გუბანოვა-კალმიკოვა (1841-1886), მისი რეზიდენცია მდებარეობდა სოფელ გორელოვკაში, ე.წ. „სიროტსკი დომში“. დუხობორთა მამასახლისის, ალიოშა ზუბკოვის, მოქნილი პოლიტიკის წყალობით, დუხობორებმა მთავრობისაგან გარკვეული სარგებლისა და შეღავათების მიღება მოახერხეს, მაგრამ დროებით. 1885 წლიდან მთავრობასა და კავკასიელ დუხობორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ლუკერიას გარდაცვალების შემდეგ დუხობორთა თემი ორ ნაწილად გაიყო - „ვერიგინისა“ და „გორელოვკის“ თემებად. პირველი მრავალრიცხოვანი იყო და „დიდ მხარეს“ უწოდებდნენ, მეორე - მცირერიცხოვანი და „მცირე მხარედ“ იხსენიებდნენ. უკანასკნელს „სამთავრობო“ პარტიასაც უწოდებდნენ, რადგან მისი წევრები მთავრობასთან კონფრონტაციას ერიდებოდნენ. მოგვიანებით, ლ.ტოლსტოის პაციფისტური იდეების გავრცელების შედეგად, ვერიგინელთა ჯგუფიც გაიყო. აღმოცენდა ორი მიმართულება: ვორობიანოველები და მემარხულეები. მემარხულეებმა 1895 წელს უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, გადაყარეს მეფის სურათები და დაწვეს იარაღი. ამას მოჰყვა რეპრესიები: მასობრივი დაპატიმრება, გაციმბირება, ჭაბუკების დისციპლინარულ ბატალიონში ძალდატანებით გამწესება, თბილისიდან კაზაკთა დამსჯელი რაზმების გაგზავნა და მეამბოხე სოფლების დარბევა. იმ წელს 1000 დუხობორი დაიღუპა, ბევრი დასახიჩრდა და დაინვალიდდა, ბევრიც უგზოუკვლოდ დაიკარგა.

დუხობორების დასაცავად საერთაშორისო მოძრაობა გაჩაღდა. დაიწყო ზრუნვა მათი საზღვარგარეთ გადასასახლებლად. მეფის მთავრობის თანხმობით, ლ. ტოლსტოისა და ინგლისელი და ამერიკელი კვაკერების ფინანსური ხელშეწყობით, 1899 წელს კავკასიიდან 7400 დუხობორი აიყარა და კანადისაკენ დაიძრა, მაგრამ გზაში ეპიდემიამ იფეთქა და ლტოლვილები იძულებული გახდნენ თავი კუნძულ კვიპროსისათვის შეეფარებინათ. მათ კანადამდე ორწლიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ჩააღწიეს.

ამ აჯანყების, რეპრესიებისა და გადასახლების შემდეგ ჯავახეთში 10000 დუხობორი დარჩა, ბევრად ნაკლები - დმანისში. 1989 წლიდან მათ, ნაწილობრივ რელიგიურ-პატრიოტული და ნაწილობრივ ეკონომიკური მოსაზრებების გამო, რუსეთში - ტულის მხარეში, ჩერნსკის რაიონში - გადასახლება დაიწყეს. ისინი იქ არაკომპაქტურად სახლობენ. ამას ენისა და ეთნიკურობის თვალსაზრისით ჰომოგენური გარემო ემატება, რის გამოც მათ ისტორიულ სამშობლოში რელიგიური შეხედულებებისა და ტრადიციების შენარჩუნება უძნელდებათ. შესაძლებელია, ეს გარემოება დუხობორების გაქრობის წინაპირობა გახდეს.

XXI საუკუნის პირველ წლებში საქართველოში 1500 დუხობორი ცხოვრობდა. მათი რიცხვი დღეს (2008 წ.) 500 სს არ აღემატება. მათგან 50 დმანისში ცხოვრობს.

ლია ხუციშვილი
ნუგზარ პაპუაშვილი

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები