ებინჰაუსი ჰერმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ებინჰაუსი ჰერმან

ებინჰაუსი ჰერმან - Ebbinghaus Hermann, Эббингауз Герман, 1850-1909

გერმანელი ფსიქოლოგი, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი. ყველაზე მეტად სახელი გაითქვა მეხსიერების ექსპერიმენტული შესწავლით. იყო აგრეთვე ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიის, აზროვნებისა და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის საკითხების მკვლევარი. სწავლობდა ბონში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ედუარდ ჰარტმანის არაცნობიერის ფილოსოფიის შესახებ. იყო ბერლინის, ბრესლაუს და ჰალეს უნივერსიტეტების პროფესორი.

გ. ფეხნერის მიერ შეგრძნებათა გაზომვამ დაარწმუნა ებინჰაუსი ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული კვლევის პერსპექტიულობაში და დააფიქრა უმაღლესი პროცესების ექსპერიმენტული შესწავლის შესაძლებლობაზე, რასაც ვ. ვუნდტი შეუძლებლად მიიჩნევდა. მან გადაწყვიტა, ფსიქიკის გაზომვა და კანონებში გამოხატვა ნებელობით მეხსიერებაზე გამოეცადა. კვლევის მასალად შერჩეულ იქნა უაზრო მარცვლები, რომლებიც ყველასთვის ერთნაირად ნეიტრალური, ანუ ერთნაირად დამახსოვრებადი იყო და გამოდგებოდა მეხსიერების საზომ ერთეულად. ებინჰაუსმა შეადგინა 2300 მარცვალი, დაყო ისინი სერიებად და შეუდგა მეხსიერების კვლევას თავის თავზე, ორი ძირითადი მეთოდით: 1) დასწავლის მეთოდით, რაც გულისხმობს მარცვლების რიგის გამეორებას მანამდე, სანამ უშეცდომო რეპროდუქცია არ იქნება მიღწეული; 2) ეკონომიის ან მომარაგების მეთოდით, რომელიც ადრე დასწავლილი და დავიწყებული მასალის გარკვეული ხნის მერე გამეორებაში მდგომარეობს. კვლევის შედეგები ებინჰაუსმა ჩამოაყალიბა წიგნში „მეხსიერების შესახებ” (1885), რომელმაც ფსიქოლოგიაში ახალი ხანა დაიწყო. მასში გადმოცემული კანონზომიერებანი ამჟამადაც ზოგადი ფსიქოლოგიის ოქროს ფონდს შეადგენს. კერძოდ: არსებობს სრულიად გარკვეული კავშირი მასალის მოცულობასა და დამახსოვრების მსვლელობას შორის. მასალის მატება აძნელებს დამახსოვრებას, მაგრამ არა პირდაპირპროპორციულად. მოგვიანებით ფუკომ ეს კანონზომიერება დამახსოვრებისთვის საჭირო დროის მაჩვენელებს შეუფარდა და ჩამოაყალიბა კანონი, რომლის მიხედვითაც დამახსოვრების დრო მასალის რაოდენობის კვადრატის პროპორციულია. გაირკვა აგრეთვე, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ადგილი უკავია დასახსომებელ ერთეულს რიგში. ცდისპირები უკეთესად იმახსოვრებენ სერიის პირველ და ბოლო მარცვლებს {კიდის ეფექტი}. აზრიანი მასალის დასწავლა გაცილებით, ცხრაჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს; ებინჰაუსი ადარებდა ბაირონის ტექსტს იმავე მოცულობის უაზრო მარცვლების რიგს. ექსპერიმეტულად პირველად გამოვლინდა მეხსიერების ვარჯიშებადობის დამადასტურებელი ფაქტებიც. დასწავლის კანონზომიერებებთან ერთად შესწავლილ იქნა დავიწყების კანონზომიერებანიც. გაირკვა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის დასწავლის მომენტიდან, მით უფრო შორს მიდის დავიწყების პროცესი, თუმცა სრული დავიწყება, არსებითად, არასოდეს მიიღწევა. დავიწყების პროცესის ხასიათს გამოხატავს ე.წ. „დავიწყების მრუდი”, რომელიც აჩვენებს, რომ თავიდან დავიწყების ტემპი ძალიან სწრაფია; პირველი საათის განმავლობაში იკარგება მიღებული ინფორმაციის დაახლოებით 60%. თანდათანობით დავიწყების ტემპი იკლებს, ერთი კვირის შემდეგ მეხსიერებაში ინფორმაციის 25%-მდე რჩება, ერთი თვის შემდეგ - 20% და, შეიძლება, საკმაოდ დიდხანს იქნეს შენახული.

შემდგომში ამ კანონზომიერებათა საფუძველზე ებინჰაუსმა შეიმუშავა კონკრეტული პედაგოგიური რეკომენდაციები. ებინჰაუსს ეკუთვნის სახელმძღვანელო „ფსიქოლოგიის საფუძვლები” (1902), რომელსაც საოცარი წარმატება ხვდა. 1897 წელს ებინჰაუსმა შეიმუშავა ე.წ. „დაუსრულებელ წინადადებათა მეთოდი” მოსწავლეთა გონებრივი უნარიანობის გასაზომად და ამით ექსპერიმენტი აზროვნების პროცესებშიც შეიტანა. აღსანიშნავია ებინჰაუსის წარმატებული ორგანიზაციულ-საგამომცემლო მოღვაწეობაც. 1890 წელს არტურ კენიგთან ერთად მან დააფუძნა „ფსიქოლოგიისა და შეგრძნების ორგანოთა ფიზიოლოგიის ჟურნალი”, რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი გამოკვლევა გამოქვეყნდა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები