ეგვიპტის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგვიპტის არმია - XI დინასტიის პერიოდის ეგვიპტელ ჯარისკაცთა ფიგურები

ეგვიპტის არმია – ძველი ეგვიპტის არმია იმ პერიოდის აღმოსავლეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი იყო და შიშის ზარს სცემდა მეზობელ ქვეყნებს.

ძველი ეგვიპტის მოსახლეობს მრავალრიცხოვნობა ფარაონებს საშუალებას აძლევდათ დიდი არმია შეეკრიბათ, თუმცა საინტერესოა, რომ ახალი სამეფოს პერიოდის ეგვიპტის არმიაც კი 30000-40000 მეომარს არ აღემატებოდა ხოლმე. თვით დიდი მეფე რამზეს II-ის დროს ძველი სამეფოს პერიოდში ეგვიპტის თითოეულ ტომს თავისი რაზმები ჰყავდა, სადაც მოკლე დროით მსახურობდნენ ახალგაზრდები, ამიტომ ფარაონის არმია შედგებოდა ამ ტომების ცალკეული რაზმების შეკრებისაგან, რომლებიც ფარაონს ექვემდებარებოდნენ.

რასაკვირველია ფარაონს და თითოეული ტომის ბელადს თავისი პირადი მცველების რაზმიც ჰყავდა, ეს არმიის ბირთვს შეადგენდა, რადგან ისინი უკეთ იყვნენ შეიარაღებულნი და რეგულარულად მსახურობდნენ ჯარისკაცებად. სამეფოს არმიას ვეზირი მეთაურობდა. ამას გარდა არსებობდა იარაღის და სურსათის საწყობის გამგის და ქვეითთა მეთაურების თანამდებობები. მათგან პირველი მათგანი პასუხს აგებდა ჯარის შეიარაღებაზე, ეკიპირებაზე და სურსათ-სანოვაგეზე, ქვეითთა მეთაური კი თავისი სამხედრო ნაწილის მომზადებაზე. ასევე არსებობდა არმიის შტაბი.

ეგვიპტის არმია ძველი სამეფოს დროს მხოლოდ, ქვეითებისგან შედგებოდა, რომლებიც მძიმე და მსუბუქ ქვეითებად იყოფოდნენ. მოგვიანებით ეგვიპტელებმა დაიწყეს ლიბიელი და ნუბიელი მეომრების დაქირავება, რომლებიც მალე არმიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები გახდნენ, რადგან ეგვიპტური ტომების რაზმებს მარტო თავიანთი ტომის ინტერესები ჰქონდათ, ხოლო დაქირავებულები სამეფოსთვის იბრძოდნენ ფულის ფასად. შუა სამეფოს ფარაონებმა გამოასწორეს ძველი სამეფოს მეფეების შეცდომები და უკვე მთელი ეგვიპტიდან იწვევდნენ ჯარს, რომელიც უკვე ერთიანი მასა იყო და სამეფოს ინტერესს ემსახურებოდა. ეს უკვე ნამდვილი არმია იყო. ყველა ქალაქი ფარაონის ჯარს ავსებდა ჯარისკაცებით. მაგალითად ქალაქი აპუ (ბერძნულად პანოპოლისი) ვალდებული იყო ფარაონის არმიაში სამსახუროდ 600 ჯარისკაცი გამოეყო. როდესაც ჯარისკაცები არმიაში მიდიოდნენ მათ უკვე მკვდრებად თვლიდნენ, რადგან ცნობილი იყო, რომ ისინი ვეღარასოდეს დაბრუნდებოდნენ. ჯარის საბრძოლო განწყობა რომ აემაღლებინათ, ფარაონები გულუხვად აჯილდოვებდნენ ბრძოლებში გამოჩენილ მებრძოლებს და ჩუქნიდნენ ძვირფას საპატიო ხანჯლებს და ოქროს სამხრეებს. სამხედრო ჯილდო იყო ოქროს ბუზებიც. დაქირავებული ნუბიელები და ლიბიელებიც არმიაში მსახურობდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა არასოდეს არ ყოფილა დიდი. როგორც წესი დაქირავებულებს ჟანდარმებად და ქალაქის გარნიზონში სამსახუროდ იყენებდნენ. მათი ძალები გაფანტული იყო სხვადასხვა ადგილზე, თვითონ ეგვიპტელები კი საველე, სახაზო ერთიან არმიას შეადგენდნენ. ფარაონებს ცალკე ჰყავდათ მცველების კარგად შეიარაღებული რაზმი. მთელი არმია ქვეითი იყო და იყოფოდა შუბოსან-ფალანგისტებად და მშვილდოსნებად.

ბიბლიისა და სხვა წყაროების მიხედვით ეგვიპტის არმია ათი ათას კაციან შენაერთებად იყოფოდა. ეს შენაერთი იყოფოდა 100, 600, 1000, 2000, 3000-კაციან შენაერთებად. ამას გარდა არსებობდა სპეციალური 300-კაციანი რაზმები, რომლებიც ქალაქების და ციხესიმაგრეების შტურმისთვის იყვნენ განკუთვნილი. ფარაონის არმიის საერთო რიცხვი 10-13 ათასს არ აჭარბებდა. უფრო გვიან პერიოდშიც კი, არმია ორ შენაერთად იყოფოდა, რომლებშიც 5000-5000 კაცი შედიოდა. ცნობილია, რომ ეგვიპტელთა შენაერთები ეგვიპტური ღმერთების სახელებს ატარებდნენ, არსებობდა და რას შენაერთები. აპუს შენაერთი, რომელიც წინაც ვახსენეთ ამონის შენაერთში შედიოდა. არმია ორგანიზებულად მოქმედებდა გრძელ კოლონებად. ბრძოლის ველზეც ეგვიპტელები ხაზებად ეწყობოდნენ და მწყობრს არ ურევდნენ. შუა სამეფოს ბოლო ჰიქსოსთა ტომებმა მოუღეს და ეგვიპტე დაიპყრეს. მათ ადვილად დაამარცხეს ქვეითი ეგვიპტელები, რადგან თვითონ ცხენოსნები, ეტლოსნები და ბრინჯაოს იარაღით შეიარაღებული მეომრები ჰყავდათ. ასევე მათ ჰქონდათ რთული მშვილდები ეგვიპტელთაგან განსხვავებით, რომლებსაც ისევ მარტივი მშვილდები ჰქონდათ.

ეგვიპტური საბრძოლო ეტლი

ჰიქსოსებმა ეგვიპტეზე დიდი გავლენა მოახდინეს და შეიტანეს ის იარაღი და აღჭურვილობა, როგორსაც ეგვიპტელები მანამდე არ იყენებდნენ. თებელმა ფარაონმა ტაა II სეკენენრამ (მამაცი) დაიწყო განმანთავისუფლებელი ლაშქრობა ჰიქსოსების წინააღმდეგ. და მართლაც მოახერხა სასტიკი ომების შედეგად ჰიქსოსების განდევნის შემდეგ ეგვიპტის არმიაში რევოლუციური ცვილებები მოხდა. გაჩნდა არა მარტო ახალი ტიპის იარაღი და აბჯარი, არამედ საბრძოლო ეტლებიც ამით ახალი სამეფოს არმიამ შეიძინა მობილური და სწრაფი ჯარის ერთეული, რომელიც ფალანგების და მშვილდოსნების მოქმედებას დაუჭერდა მხარს.

შუა სამეფოს პერიოდში ყველა ტომი ვალდებული იყო ფარაონის ჯარი ჯარისკაცებით მოემარაგებინა. ეს ჯარისკაცები მხოლოდ რაღაც დროის განმავლობაში მსახურობდნენ, შემდეგ კი სახლში ბრუნდებოდნენ, მათ ადგილებს კი სხვები იკავებდნენ. ამით ეგვიპტე რეზერვისტების დიდ რიცხვს აგროვებდა.

შუა სამეფოს პირველი წლების ეგვიპტური არმიის სტრუქტურაზე არაფერი ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ ფარაონ ხორემხების დროს (ძვ.წ. 1340-1320) არმია ორ შენაერთად იყოფოდა. ეგვიპტის სამეფოს საზღვრების გაზრდასთან ერთად ჯარის რაოდენობაც იზრდებოდა. უკვე ფარაონ სეთი I-ის დროს გაჩნდა მესამე შენაერთი (სეთის შენაერთი), ხოლო რამზეს II-ის დროს მე-IV-ც (პტაჰის შენაერთი). ძვ.წ. 1288 წლის შემდეგ გაჩნდა მე-V შენაერთიც (რას შენაერთი).

ეგვიპტის სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვა ღმერთები სწამდათ. თებეში ამონს სცემდნენ თაყვანს, მემფისში პტაჰს, ჰელიოპოლისში რას, სეთს ნილოსის დელტაში და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ თებედან ამონის. შენაერთს ადგენდნენ, მემფისიდან პტაჰის, ჰელიოპოლისიდან რას, ნილოსის დელტის ქალაქებიდან კი სეთის შენაერთი იკრიბებოდა მე-XIV-ე საუკუნის ბოლოსათვის ეგვიპტის ყველა ტომი დიდ სამხედრო ძალას იძლეოდა, რომელთაგან ზოგი რეგულარულ სამსახურში იყო, ზოგი რეზერვში. ეს სისტემა ახალი სამეფოს დასაწყისამდე დარჩა რეგულარული არმიაც 10000-იან შენაერთებად იყო დაყოფილი. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, რომ ყოველი ათი ჯარისკაცი ცალკე ჯგუფი იყო და თავისი „სერჟანტი“ ჰყავდა, იყო ორმოცეულებიც, „ლეინტენატის“ მეთაურობით. ოთხი ან ხუთი ორმოცეული ასეულს შეადგენდა, რომელშიც 250-300 ჯარისკაცი იყო. „ბატალიონი“ ოთხი-ხუთი ასეულისგან შედგებოდა. ხუთი ბატალიონი უკვე „პოლკს“ შეადგენდა, რომელიც რომელიმე ღმერთის სახელს ატარებდა. მაგალითად ერთხელ აჯაყების ჩასახშობად გაგზავნილი საექსპედიციო კორპუსი 5000 ჯარისკაცს ითვლიდა (მეთაურები რომ არ ჩავთვალოთ). მეგიდოსა (ძვ.წ. 1468) და არვადთან (ძვ.წ. 1472) ბრძოლებში თუტმოს III-ის არმია 15000-დან-20000 ჯარისკაცამდე ითვლიდა, ანუ სამი-ოთხი „პოლკი“. ქადეშთან ბრძოლაში (ძვ.წ. 1288) რამზეს II-ს ოთხი პოლკი ჰყავდა, თითოეული მათგანი 5000 ჯარისკაცს ითვლიდა. ძვ.წ. 1227 წ. ფარაონ მერნეპტაჰს ასევე 20000 ჯარისკაცი ჰყავდა. მშვიდობიანობის დროს არმიის რიცხვი 10000-ს ითვლიდა. ომის დროს კი ბრძოლაში წასული ჯარის გარდა ეგვიპტეში 20000-იანი სარეზერვო არმია იკრიბებოდა, რომელიც საჭიროებისდა მიხედვით მოქმედებდა.

როგორც წესი არმიის მთავარსარდალი ფარაონი იყო, მისი ვაჟები კი მაღალ სამხედრო თანამდებობებს იკავებდნენ და ფლანგებს და პოლკებს მეთაურობდნენ. სამხედრო თანამდებობებს იყო: ხაუტი, მერი, ატენი და მენხი, რაც თანამედროვე ენაზე იქნებოდა გენერალი, პოდპოლკოვნიკი, კაპიტანი და ლეიტენანტი.

ქვეითი ჯარი მათი შეიარაღების მიხედვით ნაწილდებოდა რაზმებად. შუბოსნებისა და მშვილდოსნების გარდა ეგვიპტის არმიაში იყო შურდულოსნების რაზმებიც, თუტმოს III-ის (ძვ.წ. 1490-1436) არმია ქვეითი ჯარისაგან შედგებოდა და ეტლები მცირე რაოდენობით იყო. მაგრამ უკვე ერთი ასეული წლის შემდეგ ეტლები ეგვიპტის არმიის განუყოფელი ნაწილი გახდა, მათი სპეციალური დანაყოფები იქმნებოდა და პოლკის შემადგენლობაში შედიოდა.

ეგვიპტური ეტლები გამოირჩეოდნენ სიმსუბუქით, რაც ეკიპაჟის დაცულობას აძლიერებდა. ეტლის სიმძიმე 30 კილოგრამს არ აღემატებოდა, ის დამზადებული იყო მსუბუქი ხის მასალით და ტყავით. მიუხედავად სიმსუბუქისა ეგვიპტური ეტლი გამძლე და მოხერხებული იყო. ბორბლებიც ისევე როგორც ეტლი მსუბუქი იყო ეგვიპტელი მეეტლეები მშვილდისრებით იყვნენ შეიარაღებულები ისინი მოხერხებული და გამოცდილი მსროლელები იყვნენ და კარგად ისროდნენ მაშინაც კი, როდესაც ეტლი დიდი სისწრაფით მიჰქროდა. ასეთი სიზუსტე გამომდინარეობდა მეეტლეების გამუდმებული ვარჯიშით სროლაში. სანამ მსროლელი ეტლიდან ისრებს უშენდა მტერს, მანამ მეეტლე ცხენებს მიაქროლებდა და ფარით იცავდა მშვილდოსანს. ფარაონი ამენჰოტეპ II კარგი მსროლელი იყო და ეტლის გაცხოველებული ჭენების დროსაც კი ახერხებდა რამდენიმე 12-მეტრით დაშორებული სამიზნისთვის ისრების ზუსტად მოხვედრებას. არსებობდა 10, 30, 50-იანი ეტლების დანაყოფები. მინიმალური ეტლების სამხედრო დანაყოფი 10 ეტლი იყო. ოთხი-ხუთი ათეული ეტლი „ესკადრონს“ ქმნიდა. ყველაზე მსხვილი სამხედრო ეტლების დანაყოფი 5 ესკადრონს ითვლიდა. ასეთი „დივიზია“ ქვეითებთან ერთად მოქმედებდა ბრძოლაში როგორც ცნობილია, ფარაონ შეშონკ I-ს (950-929) 1200 ეტლოსანი ჰყავდა, როდესაც იუდეაში ილაშქრა, მეფე რობოამი დაამარცხა და იერუსალიმის მთელი სიმდიდრე წაიღო. ცალკე 600 ეტლოსანი ერთად მოქმედებდა მტრისათვის ძლიერი დარტყმის მისაყენებლად გარკვეულ ადგილზე ეგვიპტელები ეტლებით დაედევნენ ისრაელიანებს რომლებიც მათი მონობიდან მიდიოდნენ, თუმცა ბიბლიის მიხედვით ებრაელთა მეთაურმა მოსემ ღვთის ძალით მათგან გაქცევა მოახერხა და ისრაელიანები გადაარჩინა. „ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში“, ასე აზვიაღებს ბიბლიის ტექსტი მოსეს გმირობას.

რამზეს II-მ დაქირავებული შერდანი მეომრების რაზმებიც გამოიყენა ომებში, შერდანები ხეთების მტრები იყვნენ და მათ სირიაში ებრძოდნენ. როდესაც პალესტინაში „ზღვის ხალხები“ გამოჩნდნენ, შერდანებმა მათთან ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. მოგვიანებით რამზეს III-მ შეკრიბა მრავალი შერდანი და ფილისტიმელი, ამას გარდა ჯარში ჩარიცხა ბევრი ლიბიელიც. დაქირავებულების რიცხვი ძალიან გაიზარდა და მათ მალე ეგვიპტის არმიის დიდი ნაწილი შეადგინეს. შერდანები ფარაონის პირად დაცვაშიც მსახურობდნენ და ფილისტიმელებთან ერთად საველე არმიაშიც. დაქირავებულები თავიანთ ტრადიციულ ჩაცმულობას, შეიარაღებას და ბრძოლის წესებს იყენებდნენ და მხოლოდ რამდენიმე რაზმი იყო მოქირავნეებში, რომლებიც ეგვიპტურ შეიარაღებას და ტანისამოსს იყენებდა. დაქირავებული ჯარის ორგანიზება ეგვიპტური სისტემის მიხედვით ხდებოდა.

ეგვიპტის არმიაში მეჯაის ნუბიური ტომიც იყო, რომელიც ფარაონ იახმოსის და კამოსის დროს მსროლელებისა და მზვერავების როლს ითავსებდა, ხოლო მოგვიანებით სამარხების და სასახლეების დამცველები იყვნენ. ჯახის აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი საექსპედიციო კორპუსი ნათლად გვიჩვენებს XX დინასტიის დროინდელი ეგვიპტის შენაერთების შემადგენლობას: 5000 ჯარისკაციდან 1900 ეგვიპტელი მშვილდოსანი იყო, 520 შერდანი, 1700 ლიბიელი და 880 ნუბიელი. დაქირავებული ჯარის მეთაურები საზოგადოების მაღალ ფენაში იყვნენ. XXII დინასტიის დამაარსებელი ფარაონი შეშნოქ I ლიბიელი დაქირავებული იყო, რომელმაც დაქირავებული ჯარის დახმარებით სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება მოახერხა.

გვიანდელი პერიოდის (ძვ.წ. 1085-525 წ.) ეგვიპტური არმიის შესახებ მხოლოდ ჰეროდოტეს ცნობები არსებობს (ძვ.წ. 485-425 წ.), რომელიც წერს, რომ მის დროს ეგვიპტური არმიის რიცხვი 410000–ჯარისკაცს აღწევდა. იმ დროისათვის ეგეიპტეს დაახლოებით 7-მილიონიანი მოსახლეობა ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარაონს შეეძლო უზარმაზარი არმიის შეკრება მოკლე დროში, მაგრამ მას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა.

ჰეროდოტე წერს, რომ ეგვიპტეს ორი არმია ჰყავდა, კალასირი და ჰერმოტიკი. ერთი უფრო მრავალრიცხოვანი იყო და 250000 ჯარისკაცს ითვლიდა და შეკრებილი იყო თებეში, ბუბასტისში, აფტაში, ტანაში, მენდეში, სებენიტში, ატრიბაში, თარბეთში, თმუისში, ონიფაში, ანიში და მიეკფორში. ყველა ეს ხალხები თებელების გამოკლებით ნილოსის დელტაში ცხოვრობდნენ და არმიაში მშილდოსნების სახით მსახურობდნენ. მეორე არმია ჰერმოტიკი 160000 ჯარისკაცს ითვლიდა და იკრიბებოდა: ბუსირისიდან, სადან, პაპრემადან, პროსოპიტიდან, ნატოდან (ნილოსის დელტის რაიონები) და ჰემმიდან (ზემო ეგვიპტე). ყოველწლიურად ათას მეომარს არჩევდნენ ფარაონის დაცვაში სამსახუროდ. ჯარისკაცთა გარკვეული რაოდენობა ქალაქების გარნიზონებს შეადგენდა ყველა დანარჩენი ჯარისკაცი არმიაში თავისი იარაღით, აბჯრით და სურსათით უნდა გამოცხადებულიყო.

ჯარის სხვადასხვა ერთეულებისა და ბრძოლაში მათი მოქმედების შესახებ ბევრი არაფერის ცნობილი. ბრძოლაში ქვეით მეომრებს მინიმუმ 1200 ეტლი და დაახლოებით 50-60 ათასი ცხენოსანი ეხმარებოდა. როგორც ვხედავთ ცხენოსანთა რიცხვი ბევრად იყო გაზრდილი წინა დინასტიებთან შედარებით. ჰერმოტიკები მძიმედ შეიარაღებული ქვეითები იყვნენ და ფალანგას შეადგენდნენ, კალასირები კი მსუბუქ ქვეით ჯარს.

ეგვიპტელთა ფალანგა მტკიცე და გაუტეხავი მონოლითი იყო. 10000-კაციანი ეგვიპტური ფალანგა ლიდიის მეფის, კრესის (ძვ.წ. 546-540) ჯარში მსახურობდა სპარსელებთან ომის დროს. ეგვიპტელები არ დასთანხმდნენ კრესს ფალანგის მთელ ფრონზე გაჭიმვაში და ერთად შეიკვრნენ, სპარსელებმა ლიდიელთა მთელი რმია გაანადგურეს, მაგრამ ეგვიპტელთა რიგების გარღვევა ვერ მოახრხეს. სპარსეთის მეფემ ეგვიპტელების საპატიო კაპიტულაცია მიიღო და მათ ორი ქალაქი აჩუქა: ლარისა და კილონი. ეგვიპტელთა შთამომავლები ამ ქალაქებში ქსენოფონტის დრომდეც კი ცხოვრობდნენ, რადგან ეს უკანასკნელი მათ „ანაბასისში“ მოიხსენიებს.(ძვ.წ. 430-355).


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები