ეგვიპტის სამეფო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგვიპტის სამეფოეგვიპტე მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და დიდებული სახელმწიფო იყო. ტერიტორიულად ეგვიპტის ბუნებრივი საზღვრებია სამხრეთიდან ეთიოპია, დასავლეთიდან ლიბია, აღმოსავლეთიდან სინას ნახევარკუნძული, ჩრდილოეთიდან კი ნილოსის დელტა და ხმელთაშუა ზღვა. ეგვიპტის მასაზრდოებელი ძალა, უზარმაზარი მდინარე, ნილოსი გახლდათ, რომლის სანაპიროებზეც ეგვიპტელებს დიდძალი მოსავალი მოჰყავდათ. ნილოსი იყო მათთვის სასიცოცხლო ძალა, ამიტომ ეგვიპტეს „ნილოსის საჩუქარი“ ეწოდა.

ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (ძვ.წ. 3000) და მომდევნო პერიოდებად (სულ 30 დინასტია). ეს პერიოდები ძვ.წ. III ათასწლეულიდან –ძვ.წ. I ათასწლეულამდე გრძელდება.

პერიოდები ასე იყოფა:

  • ადრეული სამეფო (I და II დინასტია);
  • ძველი სამეფო (III და VI დინასტიები);
  • პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X დინასტიები);
  • შუა სამეფო (XI-XII დინასტიები);
  • მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII დინასტიები);
  • ახალი სამეფო (XVIII-XX დინასტიები);
  • გვიანი პერიოდი (XXI-XXVI დინასტიები);
  • ასურელთა მმართველობა (ძვ.წ. 664-656 წ.);
  • სპარსელთა მმართველობა (XXVII დინასტია, ძვ.წ. წ 525-404 წ.);
  • სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX, ძვ.წ. 343– 5; 332 წ.);
  • მაკედონელთა მმართველობა (ძვ.წ. 332-305 წ.);
  • პტოლემაიოსების მმართველობა (ძვ.წ. 305-30).


ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოდან ეგვიპტეში ორი სამეფო, ზემო და ქვემო ეგვიპტე წარმოიქმნა. ეგვიპტელ მეფეებსაც ფარაონები მაშინ ეწოდათ. ისინი ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდნენ. ძვ.წ. 3100 წელს ეგვიპტე ფარაონმა მენესმა გააერთიანა, რომელმაც ნილოსის დელტაში ეგვიპტის ახალი დედაქალაქი, მემფისი ააგო.

შუა სამეფოს ეპოქის ეგვიპტეს ჰიქსოსები დაესხნენ თავს და ძალაუფლება ხელთ იგდეს. მათგან განთავისუფლება ეგვიპტელებმა სისხლისმღვრელი ომების შედეგად მოახერხეს და ახალი სამეფოს პერიოდის პირველი დინასტია შექმნეს. ახალი სამეფოს პერიოდში ეგვიპტე არნახულად გაძლიერდა გაუთავებელი ომების შედეგად ხეთებთან, მითანელებთან, ქანაანელებთან, ლიბიელებთან და ნუბიელებთან. ამ ომებიდან ეგვიპტე გამარჯვებული გამოდიოდა, რადგან ჰყავდა ძალიან ნიჭიერი და ამბიციური მმართველები, რომლებმაც იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არმია შექმნეს.

შუა სამეფოს ეგვიპტის ფარაონთაგან განსაკუთრებით გამოირჩევიან თუტმოს III, რამზეს II და რამზეს III. თუტმოს III-მ და რამზეს II-მ დაიპყრეს დიდი ტერიტორიები ახლო აღმოსავლეთში, ამას გარდა ეგვიპტე ფლობდა სინას ნახევარკუნძულს, ნუბიას და ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილს. ფარაონმა რამზეს III-მ დაამარცხა და განდევნა ზღვის ხალხთა ტომები, რომლებმაც გაანადგურეს ხეთების იმპერია და შეუტიეს ეგვიპტეს.

ეგვიპტემ მრავალი ომები გადაიტანა და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისისთვის დასუსტება იწყო. მიუხედავად ამისა ეგვიპტემ რამდენჯერმე სცადა ძველი დიდების დაბრუნება, თუმცა ყველა ეს ცდა უშედეგოდ დასრულდა საბოლოოდ ძვ.წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა. ეგვიპტის დაცემა ერთი მხრივ შინა და გარე ომებმა, შინაგანმა აშლილობამ და ჯარის დასუსტებამ გამოიწვია, მეორე მხრივ კი ისეთი მძლავრი იმპერიების წარმოქმნამ, როგორებიც იყო ასურეთი, ბაბილონი და სპარსეთი.

ძვ.წ. IV საუკუნეში ეგვიპტე მაკედონელებმა ალექსანდრე დიდის მეთაურობით წაართვეს სპარსელებს. როდესაც მაკედონიის იმპერია დაიშალა, ეგვიპტე ალექსანდრე მაკედონელის სარდალმა, პტოლემაიოსმა იგდო ხელთ, რომელმაც საკუთარი დინასტია დაარსა და სელევკიდების იმპერიასა და მაკედონიის სამეფოსთან ერთად პირველობა შეინარჩუნა ელინისტურ სამყაროში. საბოლოოდ ეგვიპტის სამეფო რომის იმპერიამ შეიერთა ძვ.წ. 30 წელს და პტოლემაიოსების დინასტიის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, დედოფალმა კლეოპატრა VII-მ თავი მოიკლა.

ბიბლიის მიხედვით ეგვიპტეს მიცრაიმი ეწოდება. მიცრაიმი ნოეს ვაჟის, ქამის ერთ-ერთი ვაჟი იყო. ებრაელები ეგვიპტელებს ქამიტურ ტომებად თვლიდნენ. ბიბლია და ეგვიპტე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამ უძველეს ქვეყანაში მრავალი ბიბლიური ისტორია შეიქმნა. მათგან პირველია აბრაამის სტუმრობა ეგვიპტეში თავის ცოლთა სარასთან ერთად. შემდეგ ამ ქვეყანას აბრაამის შვილიშვილის შვილის, იოსების ცხოვრება უკავშირდება, რომელიც ძმებმა მონად გაყიდეს ეგვიპტეში. იოსებმა შეძლო მონობიდან აღზევება და ფარაონის მოხელე გახდა უფლის მიერ მინიჭებული სიზმრების ახსნის ნიჭის წყალობით. იოსებმა დიდი შიმშილობისა და გვალვის პერიოდში ქანაანიდან ჩამოიყვანა ებრაელები და ეგვიპტის ნაყოფიერ და მდიდარ ე.წ. გოშენის მიწაზე დაასახლა (ამ ტერიტორიას მეორენაირად „ჰაბირუ“ ეწოდებოდა და ეგვიპტელებიც სწორედ ასე მოიხსენიებდნენ ისრაელიანებს, სავარაუდოდ აქედან მოდის სიტყვა ებრაელი – ჰაბირუელი ანუ Hebrew). მრავალი წლის შემდეგ ეგვიპტელებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა იმის საფუძველზე, რომ ებრაელები ძალიან გამრავლდნენ და გაძლიერდნენ, ამიტომ ფარაონებმა მათ დევნა დაუწყეს. უფლის რჩეულმა, წინასწარმეტყველმა მოსემ მოახერხა და ისრაელიანები ეგვიპტელთა ხელიდან დაიხსნა. ამის შემდეგ ებრაელები „აღთქმულ მიწაზე“, ქანაანში ილაშქრეს და იქ დასახლდნენ. ბიბლიის მიხედვით სანამ ფარაონი ნებას მისცემდა ისრაელიანებს ეგვიპტიდან გასვლისა, მანამდე უფლის 10 სასჯელი ანადგურებდა ქვეყანას, ამან ფარაონი აიძულა მონად ქცეული ებრაელები გაეშვა.

ეგვიპტელებთან კარგი ურთიერთობის დამყარება ებრაელებმა სოლომონ ბრძენის მმართველობისას მოახერხეს, როდესაც ისრაელის ძლიერმა მეფემ ცოლად ეგვიპტის ფარაონის ასული მოიყვანა. ეს მეტად საინტერესო ფაქტია, რადგან ეგვიპტელი ფარაონები უცხოელებზე თავიანთ ქალიშვილებს არ ათხოვებდნენ. სოლომონის სიძლიერემ და ეგვიპტის იმდროინდელმა არცთუ ისე ძლიერმა პოზიციამ აიძულა ფარაონი გავლენიანი სიძე შეეძინა. ფარაონმა დაიპყრო მიწები პალესტინის სამხრეთით და სოლომონს აჩუქა. მიუხედავად დანათესავებისა ეგვიპტის გაქნილი და ცბიერი მმართველი ცდილობდა თავისი სიძის დასუსტებას და ისრაელის სამეფოს დაშლას. ფარაონმა შეიფარა მომავალი ისრაელის მეფე, იერობოამ I. ეს უკანასკნელი ის მაშინ დაბრუნდა ისრაელში, როდესაც სოლომონი გარდაიცვალა. მან სწრაფად მიიმხრო ხალხი, რაც გარკვეულწილად რობოამის, სოლომონის ვაჟის უნიათო საქციელის გამო მოხდა და ისრაელის ათ ტომზე გაბატონდა. ეგვიპტესაც სწორედ ეს უნდოდა. ფარაონმა ნეხო II-მ (ბიბლიაში ნეხაო) ილაშქრა რობოამის სამფლობელოებში (იუდეის სამეფო), გაძარცვა და გადაწვა მთელი იუდეა და წაიღო იერუსალიმის ტაძრის, სიმდიდრე. ამის შემდეგ ბიბლიის მეფეთა წიგნებში მოიხსენიება ფარაონის მიერ მეფე იოშიას მოკვლა და დასუსტებული ეგვიპტისა და ებრაული სახელმწიფოების კავშირი (ნახსენებია ფარაონი სო), რომელიც ბაბილონელებმა და ასურელებმა გაანადგურეს. ებრაელებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ პტოლემაიოსების დინასტიის ზოგიერთ მეფესთან. პტოლემაიოსები მოწყალედ უყურებდნენ სამშობლოდაკარგულ ისრაელიანებს და ეხმარებოდნენ. ზოგიერთი მეფე, მაგალითად პტოლემაიოს ფილოპატორი ებრაელების დიდი მტერი იყო და მუდამ ავიწროებდა მათ.

ახალ აღთქმაში ეგვიპტე მხსნელი ქვეყანაა, სადაც თავს შეაფარებენ ღვთისმშობელი მარიამი, იოსები და ახალდაბადებული იესო ქრისტე.

იხილე აგრეთვე

ეგვიპტის არმია

წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები