ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი)

ალექსი - (ოპოცკი ალექსი ალექსის ძე), (1837, ფსკოვის გუბერნია, ქ. ოპოცკი, – 21.12.1914, ქ. მოსკოვი)], რუსი საეკლესიო მოღვაწე, ტვერისა და კაშინის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს ეგზარქოსი (1901-1905).

ბიოგრაფია

დაიბადა დეკანოზ ალექსი ოპოცკის ოჯახში. 1858 წ. დაამთავრა ფსკოვის სასულიერო სემინარია, 1863 წ. – ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით – პეტერბურგის სასულიერო აკადემია. 1864 წ. დაინიშნა ქ. ვილნოს (ახლანდ. ვილნიუსი) სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად, 1865 წ. ქ. ვილნოს ქალთა გიმნაზიის „საღვთო სჯულის“ პედაგოგად. 1865 წ. 2 თებერვალს აკურთხეს მღვდლად და გაამწესეს ქ. ვილნოს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. 1871 წ. სექტემბრიდან იყო ქ. გროდნოს სოფიის ტაძრის წინამძღვარი. 1871 წ. 10 ოქტომბერს მიენიჭა დეკანოზობა. 1891-1893 წწ. ალექსი ოპოცკი იყო ლიტვის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1892 წ. 25 იანვარს აღიკვეცა ბერად და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში (ბერად აღკვეცისას შეუნარჩუნდა სახელი ალექსი). 1892-1893 წწ. იყო ქ. ვილნოს სამების მონასტრის წინამძღვარი. 1894 წ. 10 აპრილს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა ნიჟნი ნოვგოროდის ეპარქიის ვიკარად და ბალახინის ეპისკოპოსად. 1896 წ. 10 აგვისტოს დაინიშნა ვიატკისა და სლობოდის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1901 ნ. 10 ნოემბერს – ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსად.

როგორც საქართველოს ეგზარქოსი, შეიყვანეს რუსეთის წმ. სინოდის შემადგენლობაში. 1902 წ. დაჯილდოვდა ბარტყულაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის (შემდგომში – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე) დახასიათებით, ალექსი იყო „კაცი კეთილი, გულისხმიერი, უბრალო, ყაირათიანი, მკვირცხლი, ენერგიული“, მაგრამ ამავე დროს განუხრელად ატარებდა წინამორბედ ეგზარქოსთა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. ალექსი თავიდანვე მოექცა შოვინისტი დეკანოზის, იოანე ვოსტორგოვის, გავლენის ქვეშ, რომელიც თავის მთავარ მრჩევლად და თანაშემწედ გაიხადა. მამა კალისტრატე ცინცაძის მოგონებების მიხედვით, ი. ვოსტორგოვი „უკარგავდა პიროვნულ სახეს ბუნებით კეთილ, მაგრამ სუსტი ნებისყოფის ეგზარქოსს.“ ალექსის ეგზარქოსობისას 1905 წ. ახალი ძალით დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართვველი სამღვდელოება მოითხოვდა საეკლესიო ყრილობის მოწვევას, რასაც ალექსი ეწინააღმდეგებოდა. ყრილობის (კრების) მოწვევის ინიციატორებმა, მღვდელმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა (შემდგომში – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III) და დეკანოზმა ანტონ თოთიბაძემ, ალექსის დაუკითხავად ყრილობაზე მოსაწვევი ბარათები დაბეჭდეს და მთელ საეგზარქოსოში კეთილმოწესეებს დაუგზავნეს. ყრილობა უნდა გახსნილიყო 1905 წ. 28 მაისს, ყოველი საკეთილმოწესოდან ხუთი დელეგატი იყო მოწვეული. სასულიერო პირების აქტივობით შეშფოთებულმა ალექსიმ სარკინიგზო სადგურების უფროსებს გაუგზავნა მიწერილობები მითითებით – სასულიერო პირებისთვის 26-დან 30 მაისამდე არ მიეცათ ბილეთები თბილისამდე; თავის მხრივ, თბილისის სადგურის ჟანდარმერიას ებრძანა თბილისში ჩამოსული მღვდლების დაპატიმრება. სამღვდელოების ყრილობა, მიუხედავად ალექსის წინააღმდეგობისა, მაინც გაიმართა და სხვა საკითხებთან ერთად განიხილა მთავარი – ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნით რუსეთის სასულიერო და საერო ხელისუფლებისადმი მიმართვის გაგზავნა. ალექსი ყრილობის მუშაობის დაწყების დღეს მცხეთაში გაემგზავრა სვეტიცხოვლის აღდგენითი სამუშაოების დასათვალიერებლად.

1905 წ. 31 მაისს ქართველმა სამღვდელოების დიდმა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა ალექსის წარდგენის საფუძველზე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის, ანტიქართული განწყობის არქიმანდრიტ ნიკანდრის ბაქოს ეპისკოპოსად და ქართლ-კახეთის მეორე ქორეპისკოპოსად (ვიკარად) დანიშვნის გამო. პროტესტისთვის შეკრებილ ქართველ სასულიერო პირებს, ა-ისა და ნიკანდრის თხოვნით, ჟანდარმერია დაუპირისპირდა. საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს და სასულიერო პირებს სცემეს. კალისტრატე ცინცაძის აზრით, ამ დროისთვის სამღვდელოებასა და ალექსის შორის სულიერი კავშირი უკვე დარღვეული იყო. როგორც ჩანს, ალექსი მიხვდა, რომ მისი დარჩენა საქართველოში შეუძლებელი იყო. 1905 წ. 12 მაისს მან უკანასკნელად ჩაატარა წირვა თბილისის სიონში, ხოლო 17 ივნისს საიდუმლოდ დატოვა საქართველო და პეტერბურგს გაემგზავრა. 1905 წ. 1 ივლისს ალექსი დაინიშნა ტვერისა და კაშინის მთავარეპისკოპოსად, ხოლო ამ ეპარქიის მმართველი მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ნალიმოვი) საქართველოს ეგზარქოსად მოავლინეს.

1910 წლიდან ალექსი პენსიაზეა, თუმცა იგი დატოვეს წმ. სინოდის წევრად. სიცოცხლის ბოლო წლები ქ. მოსკოვის დონის მონასტერში გაატარა, სადაც 1914 წ. 21 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია იქვე.

ქ. პავლიაშვილი

ლიტერატურა

კალისტრატე (ცინცაძე)., ჩემი მოგონებებიდან, თბ., 2001.


Logo1.JPG ალექსი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები