ევროპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპა - (ბერძნული Eurōpē - დასავლეთი), ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი. მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით - ატლანტის ოკეანე ზღვებით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი გასდევს ურალის ქედს, მდინარე ემბას, კასპიის ზღვის ნაპირს, კუმა-მანიჩის ღრმულს.

ფართობი 10 მლნ. კმ2. არქიპელაგებს და კუნძულებს უკავიათ 730 ათ. კმ2, აქედან ყველაზე დიდია: ბრიტანეთი, ისლანდია, ახალი მიწა, შპიცბერგენი. სანაპირო ხაზი დანაწევრებულია. ევროპის 25% მოდის ნახევარკუნძულებზე: სკანდინავიის, პირინეის, აპენინის, ბალკანეთის. მრავლად გვხვდება ყურეები და სრუტეები.

რელიეფში ჭარბობს ბორცვიანი ვაკეები (აღმოსავლეთ ევროპის, შუა ევროპის, შუა და ქვედა დუნაის, პარიზის აუზი და სხვა). ტერიტორიის 17% უკავია მთებს (ალპები, კარპატები, პირინეები, აპენინები, ურალი, სკანდინავიის მთები და სხვა). ზედაპირის საშუალო სიმაღლე დაახლოებით ზღვის დონიდან 300 მ, მაქსიმალური - 4807 მ. (მთა მონბლანი ალპებში).

ტერიტორიის დიდ ნაწილზე კლიმატი ზომიერია, ხმელთაშუა ზღვისპირეთში - სუბტროპიკული. უმნიშვნელო ფართობი მოქცეულია არქტიკულ და სუბარქტიკულ კლიმატურ სარტყელებში.

ევროპაში დიდი, განიერი და წყალუხვი მდინარეებია: ვოლგა, დუნაი, დნეპრი, დონი, პეჩორა, რეინი, ელბა (ლაბა), ვისლა, ოდერი (ოდრა), სენა. ტერიტორიის 1/3 უკავია ტყეებს.

მოიპოვება ნავთობი, გაზი, ნახშირი, რკინის მადანი, ფერადი ლითონები და სხვა.

ფართოდაა წარმოდგენილი სარკინიგზო და საავტომობილო გზები, სამდინარო და ავიახაზები. ევროპა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია მსოფლიოში.

მოსახლეობა - 731 მლნ. ადამიანი (2012).

ეროვნებების განსახლება ძირითადად ემთხვევა სახელმწიფოების საზღვრებს.

ევროპის ტერიტორიაში შედის რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთისა და თურქეთის ტერიტორიების ნაწილები. ევროპის 42 სახელმწიფოდან 26 ნატოს წევრი ქვეყანაა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები