ეზ კრტელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეზ კრტელ-ი / ეზ მორტელ-ი / მის მორტელ-ი (სომხ. Եզ կրտել / եզ մորթել / միս մորթել) – სომხური საქორწილო რიტუალის აუცილებელი ელემენტი – „საქორწილო ხარის“ დაკვლის წესი.

ნეფის სახლში საქორწილოდ მოსული სტუმრების გამასპინძლების შემდეგ, სიძეს და მეჯვარეს, მეგობრებთან ერთად, მუსიკის თანხლებით პატარძლის სახლში მიყავდათ საქორწილო სუფრისთვის განკუთვნილი ხარი, რომლის კისერზე ძაფზე აცმული ვაშლები და ყვავილები ეკიდა. ხარს ზურნის ჰანგის ქვეშ დაკლავდნენ. უმრავლესშემთხვევაში საქორწილო ხარის რიტუალური დაკვლა ნეფის სახლის ეზოში ხდებოდა. ამ რიტუალს, რომელსაც ქალთა და ქალიშვილთა წრიული ცეკვა თან ახლდა, სიძე და მეჯვარე ასრულებდნენ. ცხოველის სისხლს მეჯვარე ნეფეს შუბლზე წაცხებდა. ზოგჯერ ხარის სისხლში სიძე ან მეჯვარე გახსნიდა ბოქლომს ან მასში ხანჯლის წვერს ჩაყოფდნენ, რის შემდეგაც პირველს დაკეტავდნენ, მეორეს კი ქარქაშში ჩადებდნენ. ზოგჯერ ნეფის დედა სისხლში წითელ ძაფს ასველებდა და ნეფე-დედოფლის პირველ ღამემდე ინახავდა.

მთიან ყარაბახში ხარის სისხლში სახნისს დებდნენ, შემდეგ კი აგდებდნენ ცეცხლში, რომელზედაც ხორცი უნდა მოხარშულიყო; დასაკეც დანას და სახლის საკეტს სისხლს წაუსვამდნენ და დაკეცილ დანას სიძეს ჯიბეში ჩაუდებდნენ, ხოლო საკეტს დედოფალს გაუგზავნიდნენ. დანაც და საკეტიც მხოლოდ საქორწილო სარეცელზე უნდა გაეხსნათ, რასაც, ხალხის რწმენით, ცოლ-ქმრული ცხოვრების წარმატებული დასაწყისისთვის უნდა ხელი შეეწყო. რამდენადაც ხარი სომხებისთვის, ისევე როგორც სხვა მრავალი მიწათმოქმედი ხალხისთვის, ბუნების მწარმოებლურ ძალებთან იყო ასოცირებული და ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიქმებოდა, ყველა ზემოაღნიშნულ მაგიურ ქმედებას ქალწულის დეფლორაცია და ბავშვთა გაჩენა უნდა უზრუნველეყო.


ლიტერატურა

  • Варданян Л. М. Брак и свадьба // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012;
  • Лисициан С. Д. Очерки этнографии дореволюционной Армении // КЭС. I. М., 1955;
  • Карапетян Э. Т. Выкуп в свадебных обрядах армян и его социально-экономические корни // ТГИМА, т. III. 1950;
  • Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები