ეკატერინე (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკატერინე

ეკატერინე - (Catherine). საფრანგეთში ფართოდ გავრცელებული ძველი შავი ქლიავის ჯიშია, რომლისგანაც კარგი ხარისხის ჩირი მზადდება. ამერიკაში შეტანილი იყო კატალოგში უკვე 1862 წელს.

საქართველოში ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული ქართლის რაიონებში ხშირად იტალიური ვენგერკის ან აჟანის სახელწოდებით (გორი, მერეთი).

ქართლის პირობებში ეკატერინემ საუკეთესო პირობები ჰპოვა.

ხე კარგად იზრდება და უხვ მოსავალს იძლევა, საშუალოდ 35 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან. ნაყოფისაგან მზადდება საუკეთესო ჩირი, რომელიც შაქრიანობით იტალიურ ვენგერკიდან დამზადებულ ჩირს არ ჩამოუვარდება, მხოლოდ სიმსხოსა და ფერის მხრივ ვერ შეედრება იტალიური ვენგერკიდან დამზადებულ ჩირს. ეკატერინე ნაკლებ მოთხოვნილებას უყენებს გარემო პირობებს.

ხე ხასიათდება უკუპირამიდული ფორმის ვარჯით, ხშირად დატოტვით. ერთწლიანი ყლორტები მოწითალო ფერისაა. ფოთოლი წვრილია, უკუკვერცხისებრი ფორმის, წვრილად დაკბილული კიდეებით. ყვავილობა ადრეული იცის. ჯიში თვითფერტილია.

ნაყოფი წვრილია ან საშუალო ზომის, ფორმით მოკლე ბოთლისებრი. კანი მკვრივია, სქელი, არ სცილდება ნაყოფის ხორცს, მომწვანო–ყვითელია, შეფერვა ვარდისფერია; ემჩნევა უფრო მუქი წითელი წინწკლები, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ფიფქი, რომელიც ნაყოფს მოლურჯო ფერს აძლევს. ხორცი მოყვითალო ფერისაა, მკვრივი, წვნიანი, ძლიერ ტკბილი. კურკა ნაყოფის ხორცს არ სცილდება. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში.

ქართლისა და კახეთის პირობებში ქლიავის ჯიში ეკატერინე თავისი უხვი მოსავლიანობის, ნაყოფის მაღალი ღირსებისა და გარემო პირობებისადმი მცირე მოთხოვნილების გამო ერთ–ერთ ჯიშად უნდა იქნეს შეტანილი საოჯახო და სამრეწველო ჯიშთა ასორტიმენტში.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები