ეკლესია ღმერთის საელჩო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღმერთის საელჩო - ე.წ. ქარიზმატული პროტესტანტული ეკლესიაა. იგი 1994 წელს დაარსა პასტორმა სანდი ადელაჯამ (Sunday Adelaja).

დაარსებიდან 14 წლის განმავლობაში ეკლესია „ღმერთის საელჩო“ გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქარიზმატულ ეკლესიად ევროპაში. მათ შეძლეს 600-ზე მეტი ეკლესიის დაფუძნება 45 ქვეყანაში. მხოლოდ კიევში მსახურებს ამ ეკლესიის სამი ათასი ლიდერი. „ღმერთის საელჩოს“ ცენტრალურ ტაძარში ყოველთვიურად ათასობით ადამიანი დადის. თავად პასტორი სანდი ხელმძღვანელობს 25 000 წევრიან ეკლესიას.

ეკლესია ითვლის დაახლოებით 200-მდე სამრევლოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ისრაელში, ინდოეთსა და აშშ-ში.

სარჩევი

ისტორია

1994 წლის 6 თებერვალს კიევის ერთ-ერთ ბინაში შვიდი ადამიანი შეიკრიბა, რათა ედიდებინათ ღმერთი და შეემეცნებინათ მისი სიტყვა. ამ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მაშინ, რომ საფუძველს უდებდნენ მომავალში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პროტესტანტულ ეკლესიას ევროპაში.

ასეთი იყო დასაწყისი ეკლესიისა „რწმენის სიტყვა“, რომელმაც ათი წლის შემდეგ უკვე 20 000 წევრი შეიძინა, ხოლო ერთ მილიონამდე ადამიანმა, ამ ეკლესიის დაუღალავი ქადაგების მეშვეობით, ირწმუნა ქრისტე, როგორც ღმერთი და საკუთარი მხსნელი.

1994 წლის 12 სექტემბერს ეკლესიამ ოფიციალურად გაიარა რეგისტრაცია კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში.

ამ ეკლესიის წევრთა ღრმა რწმენით, ღმერთი ჩვენს დროშიც არჩევს ძლიერ ლიდერებს და წარავლენს მათ მთელ ქვეყანაზე საქადაგებლად. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია სანდი ადელაჯა, რომელსაც, მისი რწმენით, ღმერთმა მოუწოდა ჯერ უკრაინაში და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ექადაგა.

ნიგერიაში დაბადებული და გაზრდილი სანდი ადელაჯა აღმოსავლეთ ევროპაში ოციოდე წლის წინ ჩამოვიდა ჟურნალისტიკის შესასწავლად. მაგრამ მოგვიანებით, როგორც თავად ამბობს, მან იგრძნო მოწოდება ღვთისაგან, რომ დაეფუძნებინა ეკლესია.

პასტორმა სანდიმ ცხრა თვეში შეისწავლა რუსული ენა, რის შემდეგაც იგი თავისუფლად ასწავლის და ქადაგებს ამ ენაზე.

33 წლის ასაკში მან წარმატებით დააფუძნა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიზმატული ეკლესია ევროპაში.

პასტორი სანდი აფრიკის ღარიბულ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ დღეს იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ნარინჯისფერი რევოლუციის დროს ადელაჯა უკრაინაში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა. იგი აღიარებულია მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის, მაგალითად, ბილ კლინტონის, არიელ შარონისა და სხვათა მიერ.

პასტორ სანდი ადელაჯას წილად ხვდა პატივი ლოცვით გაეხსნა აშშს სენატის სხდომა 2007 წლის 23 აპრილს. იმავე წლის 23 აგვისტოს სიტყვით გამოვიდა გაეროში. მის მოღვაწეობას რეგულარულად აშუქებენ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები.

პასტორ სანდის დაწერილი აქვს 80-მდე წიგნი, რომელთა უმრავლესობა უკვე ნათარგმნია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.

მოძღვრება

ეკლესია აღიარებს სამება ღმერთს, უხილავი და ხილული სამყაროს შემოქმედს, სწამს ქრისტეს განკაცება ადამიანთა გადარჩენისთვის. ეკლესიის ყოველი წევრი ვალდებულებას იღებს აღასრულოს თავისი მისია - იქადაგოს ქრისტიანობა, სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიოს ადამიანებს.

საერთოდ, „აღორძინების თეოლოგია“, რომლითაც ხელმძღვანელობენ ქარიზმატები, გარკვეულწილად, ეყრდნობა კალვინის სწავლებას ადამიანთა გამორჩევის შესახებ, რაც ცხოვრებაში ამ ადამიანების წარმატების ხარისხმა უნდა დაადასტუროს. ქარიზმატთა სწავლების მიხედვით, „შემოსავალი წარმოადგენს მორწმუნე ადამიანის შრომის ღვთივკურთხეულობის ხილულ გამოხატულებას“.

ქარიზმატული მოძრაობის წევრთა ცხოვრებაში თითქმის ყველა სფერო მკაცრად რეგლამენტირებულია. მაგალითად, პასტორი ადალეჯა რამდენიმე ათეული წიგნის ავტორია, რომლებშიც მორწმუნის თითქმის ყოველი ნაბიჯი გაწერილია, როგორც ოჯახურ, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რაც შეეხება კურნების პრაქტიკას, კითხვაზე, თუ რატომ არ არის ყველა ადამიანი ჯანმრთელი, ვინც ეკლესია „ღმერთის საელჩოში“ დადის, პასტორი ადალეჯა პასუხობს, რომ ეს ადამიანის რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული

სოციალური და საგანმანათლებლო მსახურება

„ღმერთის საელჩოს“ ეკლესიის, როგორც საერთაშორისო მოძრაობის, მიზანს ქვეყნებისა და კონტინენტების სულიერი აღორძინება და სხვადასხვა სოციალური სფეროს რეფორმირება წარმოადგენს.

ეკლესიას სხვადასხვა ქალაქში გახსნილი აქვს უფასო სასადილოების ქსელი სახელწოდებით „სტეფანიას სამზარეულო“, სადაც ათასობით მზრუნველობამოკლებულ ადამიანს ცხელი კერძისა და მედიკამენტების მიღების საშუალება აქვს (შიდა სტატისტიკით, 6 წლის განმავლობაში ასეთი სახის დახმარება 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო).

შესაბამის სარეაბილიტაციო ცენტრებში ეკლესიის მიერ ორგანიზებული სპეციალური ტრენინგებისა და ლექციების შედეგად ნარკოტიკებსა და ალკოჰოლის გავლენას 3000-მდე ადამიანმა დააღწია თავი.

„ღმერთის საელჩოს“ უსახლკარო და უპატრონო ბავშვების თავშესაფრებიც აქვს. გარდა ამისა, ეკლესიის წევრებმა შეძლეს სხვადასხვა მიზეზით ოჯახმიტოვებული 2000-მდე ბავშვის შინ დაბრუნება.

ეკლესია აქტიურად მონაწილეობს ცხოვრების ყველა სფეროს ტრანსფორმაციის პროცესში. ეკლესიის წევრები აქტიურად არიან ჩაბმულნი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებსა თუ სოციალური ჯგუფების საგანმანათლებლო პროექტებში.

ეკლესიას აქვს „ცხელი ხაზის“ სატელეფონო სისტემა, რომლის მეშვეობითაც მან უკვე 70 მილიონ ადამიანს გაუწია კონსულტაცია როგორც სულიერ საკითხებთან, ასევე ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ეკლესიასთან ფუნქციონირებს „სრულიად უკრაინის ქრისტიან ქალთა საზოგადოება“, რომელმაც უკვე არაერთხელ ჩაატარა თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ქალთა პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენცია.

ეკლესია „ღმერთის საელჩო“ ჩაბმულია სულიერკულტურული ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც 15000-მდე ადამიანს აერთიანებს.

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები