ეკუმენიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკუმენიზმი - (ეტიმ. ბერძნ. oikouméne(ghe) „დასახლებული (მიწა)“ ყველა კონფესიის მორწმუნეთა ერთიანობა.

სახელწოდება წარმოდგება ბერძნული ზმნისგან „oieko“ („ვცხოვრობ“). აქედან - „ოიკუმენე“, რაც, სიტყვა-სიტყვით, დასახლებას, ბინადრობას ნიშნავს. მეორეული, გადატანითი შინაარსით კი - დედამიწის ადამიანებით დასახლებულ ნაწილს, ე.ი. კაცობრიობას, ცივილიზებულ მსოფლიოს. შესაბამისად, ოიკუმენური, ანუ ეკუმენური მოძრაობა გულისხმობს მსოფლიო მოძრაობას, ეკუმენური საეკლესიო კრებები - მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ეკუმენური პატრიარქი - მსოფლიო პატრიარქს და ა.შ.

საეკლესიო-ქრისტიანულ ეკუმენიზმს შთააგონებდა და შთააგონებს იესო ქრისტეს ლოცვა მამისადმი:

არა მარტო მათთვის გევედრები, არამედ ყველასათვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით, რათა ყველანი ერთ იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში და მე შენში; რათა ისინიც ერთ იყვნენ ჩვენში... და დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მივცე მათ, რათა ერთ იყვნენ, როგორც ჩვენა ვართ ერთი“ (იოანე 17, 2022).

მაშასადამე, ეკუმენიზმის უზენაესი მიზანია ქრისტეს მორწმუნეთა გაერთიანება. ცხადია, ამ პრობლემამ თავი იჩინა ეკლესიის ერთიანი სხეულის დაშლა-დანაწილების პირველსავე დღიდან, რაც მოციქულთა ხანიდან დაიწყო და ჩვენს ეპოქამდე გრძელდება. სქიზმის შედეგები სავალალო და ტრაგიკულია: მძულვარება, ფანატიზმი, რელიგიური ღვარძლი და ომები, ერთაშორისი კონფლიქტები და ანტაგონიზმი... ამის გამო, ბუნებრივია, რომ აღმსარებლობებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელებისათვის ყოველთვის იღვწოდნენ კეთილი ნების ადამიანები.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო

თანამედროვე ეკუმენური მოძრაობა ჩაისახა პროტესტანტული ეკლესიის წიაღში XIX-XX საუკუნების მიჯნაზე. ოფიციალურად გაფორმდა 1910 წელს ედინბურგში (შოტლანდია) მისიონერთა მსოფლიო კონფერენციაზე, რომელსაც 1921 წელს „მისიონერთა საერთაშორისო საბჭო“ ეწოდა. მან იდეალად გამოაცხადა ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება დოგმატური და კანონიკური განსხვავებების ხელშეუხებლად, რაც ნიშნავს ქრისტიანული კონფესიების თანაარსებობას საერთო პრინციპებისა თუ თეორიული წანამძღვარების საფუძველზე. ეს მოძრობა თანდათან გაფართოვდა და გაძლიერდა, შეიძინა მომხრეები პროტესტანტული სამყაროს გარეთაც და შესაძლებელი გახდა საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზაციის, ანუ ეკუმენური მოძრაობის ბირთვის შექმნა, - ესაა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ჩამოყალიბდა ეკლესიათა მსოფლიო ასამბლეაზე ამსტერდამში 1948 წელს. ერთ-ერთ პირველ სხდომაზე დაამტკიცეს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც (თავი 1), ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს) არის თანამეგობრობა იმ ეკლესიებისა, რომლებიც აღიარებენ იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად. მისი ფუნქციებია (თავი 3): ხელი შეუწყოს აღმსარებლობებს შორის არსებული ბარიერების დაძლევას, კონტაქტებს, თანამშრომლობას საერთო მიზნების მისაღწევად, სწავლა-განათლებას, ქველმოქმედებას, მოსახლეობის ევანგელიზაციას, ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მორწმუნეების უფლებათა დაცვას, საყოველთაო მშვიდობას, თანასწორობას, იმ იდეალების განხორციელებას, რასაც ისახავს ორი მსოფლიო მოძრაობა - „რწმენა და წესრიგი“, „სიცოცხლე და შრომა“.

1961 წელს კონსტიტუციის პრეამბულა განივრცო და ასე ჩამოყალიბდა: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არის თანამეგობრობა ეკლესიათა, რომლებიც აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად საღვთო წერილის მიხედვით, იღვწის, რათა აღასრულოს მოწოდება ერთი ღმერთის - მამის, ძისა და წმიდა სულის - განსადიდებლად“.

ამჟამად ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შედის თითქმის ყველა მართლმადიდებელი, ლუთერანული, რეფორმატორული, პრესვიტერიანული, კონგრეგაციონალისტური, ანგლიკანური, ბაპტისტური, მეთოდისტური, ძველკათოლიკური ეკლესიები, კვაკერები. 1961 წელს მისი წევრი გახდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, 1962 წელს - საქართველოს მართლმადიდებელი და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები. რომის კათოლიკური ეკლესია წევრობაზე ჯერჯერობით თავს იკავებს. იგი მხოლოდ მეთვალყურეებს გზავნის სხდომებზე სიტყვის უფლებით.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, 2008 წლის მონაცემების მიხედვით, აერთიანებს 200 ქვეყნის 500-მდე სხვადასხვა ქრისტიანულ რელიგიურ გაერთიანებას. რეზიდენცია მდებარეობს ჟენევაში. ჰყავს გენერალური მდივანი და ერთდროულად ექვსი პრეზიდენტი, რომელთაც ირჩევენ 4 წლის ვადით. 1978 წელს თანაპრეზიდენტად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

მას შემდეგ, რაც სოციალისტური ბანაკი დაიშალა და კომუნისტურ-ათეისტურ იდეოლოგიას ყავლი გუვიდა, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სამოღვაწეო ასპარეზი რამდენადმე შეიცვალა. დღეისთვის იგი, ძირითადად, დასაქმებულია საერთაშორისო თეოლოგიური სემინარ-სიმპოზიუმების მოწვევით, ჰუმანიტარული პრობლემებითა და რელიგიური ლიტერატურის გამოცემით.

1997 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ევროპის ეკლესიათა კონფერენციის წევრობა შეწყვიტა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რათა თავიდან აერიდებინა შიდასაეკლესიო განხეთქილება. საქართველოში არსებული სხვა ეკლესიები: კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერანული, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ბაპტისტური მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ ეკუმენურ შეხედულებებს, მონაწილეობენ ერთობლივ ლოცვაში, ხოლო დიდ პარასკევს ერთობლივად მართავენ იესო ქრისტეს ჯვარცმის გასახსენებელ მსვლელობას.

ქრისტიანული ეკუმენური დიალოგის გვერდით უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებს, ე.წ. პანეკუმენური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული ეკლესიებისა და დიდი მსოფლიო რელიგიების: ისლამის, ბუდიზმის, იუდაიზმისა და ინდუიზმის მრავალმხრივი დიალოგის გაღრმავებას უწყობს ხელს. დღესდღეობით, მსოფლიოში რამდენიმე პანეკუმენური ფორუმი მოქმედებს.




წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები