ელესა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელესა — გუნდური შრომითი სიმღერა, რომელსაც უმეტესად მძიმე სამუშაოს, მძიმე საგნის გადატანის ანდა გათრევის დროს მღეროდნენ, მაგალითად, ხის გათრევისას. წარმოშობით ლაზური. გამოითქმის რამდენიმეგვარად: ლესა, ელესა, ჰელესსა, იალესა. სიტყვის ძირი ყველგან „ლესა“-ს შეიცავს და - სათევზაო ხელსაწყოს, გოდრისებურ წნულს ეწოდება, იხმარება ლაზურ მეტყველებაში.

ელესა თავდაპირველად მდინარეში თუ ზღვაზე ლესას საშუალებით თევზაობის დროს შეიქმნა. ელესა ხმელეთზე მომუშავეთა შორისაც გავრცელდა და მძიმე ტვირთის გადაზიდვის დროს იმღერება (ტყიდან დიდი მორების გამოტანა, სახორგოვე ხის გამოთრევა, სახლის გადაადგილება). ელესა გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში; სიმღერის არეალი სცილდება საქართველოს ფარგლებს და თანამედროვე საბერძნეთში, თურქეთში, მოლდავეთსა და რუმინეთშიც დასტურდება. ელესას პირველი ჩანაწერი გ. ავალიშვილის „მგზავრობაში“ გვხვდება, შესრულებული 1819 წლის 3 სექტემბერს. ავალიშვილი თავიდანვე განსაზღვრავს, როგორც სიმღერას „მსახურთა მიერ გემისათა ღუზათა ამოწევასა თანა“. სიმღერა ღუზის ამოღების პროცედურის შემადგენელი ნაწილია; მატროსები ელესას ხმაზე მუშაობენ.

ელესა-ჰელესა ორნაწილიანია. პირველი დინჯად იმღერება (სიმძიმე ამ დროს წყლის სიღრმეშია), მეორე – უფრო სწრაფად, ტემპიანად (სიმძიმის წყლიდან გათავისუფლების შემდეგ). გ. ავალიშვილს ეგვიპტეში მოგზაურობის პერიოდში სიმღერა სამჯერ ჩაუწერია ერთი და იგივე ტექსტით („იტყოდიან სიმღერისა ხმითა ერთსა და მასუე ლექსსა“). მეზღვაურთა შრომის „სიმღერების არსებობა” ჩვენში ისტორიული ცნობებითაც დასტურდება. ბასილი ეზოსმოძღვარი წერს: „ზღუასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა, თამარის ქებათა იტყოდიან“ (ქ. ცხ-ბა, II, 346). ამგვარად, ელესა ერთ-ერთი უძველესი ხალხური სიმღერაა, რომელიც მენავე-მეზღვაურებისა და მეთევზეების კოლექტიური შემოქმედების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

მ. ჩიქოვანი


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები