ელიავა ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო ელიავა

ელიავა ნინო - Eliava Nino, Элиава Нино, 1900-1973

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), დოქტორი (1963). სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის სპეცილობით. აქვე მუშაობდა ფსიქოლოგიის კათედრზე და ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში. გარდა ამისა, ეწეოდა პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას ამიერკავკასიის შრომის დაცვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ფუნქციონალურ ნერვულ დაავადებათა ინსტიტუტში, ასევე გორის პედაგოგიკურ ინსტიტუტში. სიცოცხლის დასრულებამდე ეწეოდა ნაყოფიერ კვლევით მუშაობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ფსიქოლოგიის სექტორში (1941), ხოლო შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მისი დაარსებიდანვე (1943).

მეორე მსოფლიო ომის წლებში ნ. ელიავა, ინსტიტუტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყო სამხედრო ტრავმების შესწავლის პროცესში, კერძოდ იკვლევდა მეხსიერების პოსტკომოციურ დარღვევებს.

ნ. ელიავას მეცნიერული საქმიანობა შემეცნებითი პროცესების (აზროვნება და აღქმა) და განწყობის ექსპერიმენტური ფსიქოლოგიის კვლევის მიმართულებით წარიმართა. მან შეისწავლა აზროვნების პროცესის ფუნდამენტური საკითხები. ობიექტივაციის კონცეფციაზე დაყდნობით ექსპერიმენტულად იკვლია სააზროვნო განწყობა და თეორიულად გააანალიზა, როგორ აღმოცენდება სააზროვნო ამოცანები, როგორ მიმდინარეობს ამოცანის გადაჭრა, რა ფაქტორები განსაზღვრავს აზროვნების მიმართულებას და სხვა. კვლევის ამ ხაზით მოპოვებული მონაცემები განზოგადებულია საეტაპო მონოგრაფიაში „განწყობის პრობლემა აზროვნების ფსიქოლოგიაში” (1964). ამ ნაშრომში სრულფასოვნად გამოვლინდა ნ. ელიავას, როგორც მეცნიერის ყველაზე ძლიერი მხარე − უნარი საკითხის ადეკვატური და მახვილგონივრული ექსპერიმენტების მოგონებისა და ჩატარებისა.

ორიგინალური მეთოდიკის გამოყენებით შეისწავლა ნ. ელიავამ აღქმის პროცესში შინაარსიან მასალაზე ფიქსირებული განწყობის მოქმედებაც {განწყობის ფიქსაცია ხატის კატეგორიზაციით}. მნიშვნელოვანი დასკვნა ისაა, რომ თვისებრივ მიმართებებზე განწყობის ფიქსაციისას ისეთივე კანონზომიერება გამოვლინდება, როგორც − რაოდენობრივ მიმართებებზე.

ნ. ელიავამ განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგია გაამდიდრა აგრეთვე გადანაცვლების {ტრანსფერი} საკითხის კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ გადანცვლების მოვლენა ვერ აიხსნება ყურადღების ფორმალური ფუნქციით. საჭირო ხდება შინაარსის შემცველი და ფსიქიკური პროცესების, ქცევის სუბიექტის გამომხატველი ცნების მოშველიება. ასეთად კი განწყობაა მიჩნეული.

სააზროვნო განწყობის მოქმედების დაწვრილებითი შესწავლით ნ. ელიავამ ზოგადად განწყობის სტატიკური მოდელის ნაკლოვანება ერთერთმა პირველმა შეამჩნია და განწყობის დინამიკური მოდელი მოხაზა (ამ ტერმინების გარეშე). დაწვრილებით აღწერა აგრეთვე განწყობის დიფერენციაცია და საპირისპირო პროცესი − განწყობის გადიფუზურება. მ. საყვარელიძემ ობიექტივაციის საკვლევი ელიავასეული მეთოდიკა წარმატებით გამოიყენა შიზოფრენიული აზროვნების თავისებური რიგიდულობის გამოსავლენად. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).

მ. საყვარელიძემ ობიექტივაციის საკვლევი ელიავასეული მეთოდიკა წარმატებით გამოიყენა შიზოფრენიული აზროვნების თავისებური რიგიდულობის გამოსავლენად {ობიექტივაციის უნარისა და აზროვნების რიგიდულობის ემპირიული კვლევის მეთოდი}.

მთავარი ნაშრომები

  • მეხსიერების პოსტკომოციური დაავადების საკითხისათვის / ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 2, 1943;
  • გადანაცვლების ფსიქოლოგიური ბუნებისათვის / ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 9, 1954;
  • К вопросу о роли установки в процессах восприятия раздражителей // Вопросы психологии, 1961, 1;
  • A contribution to the problem of the pole of set in perceptual processes // “problem of Psychology”, 4. London, 1962; ganwyobis problema azrovnebis fsiqologiaSi. Tbilisi: mecniereba, 1964;
  • Мыслительная деятельность и установка / Исследования мышления в советской психологии. М.: Наука, 1966;
  • К вопросу о возникновении новых проблем / “Экспериментальные исследования по психологии установки”, Т. V, 1971.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები