ელმაუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელმაუზ-ი / ჯელმაუზი / ჟელმაუზი (ნოღ. Елмауыз, ბალყ.-ყარაჩ. Джелмауз / Желмауз) – დემონური არსება ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვანი ხალხების – ნოღაელებისა და ბალყარელ-ყარაჩელების, მითოლოგიაში. ნოღაური მონაცემებით, ეს ანთროპომორფული მამრი და მდედრი ურჩხულები აღიწერებიან, როგორც უზარმაზარი ცხვირისა და პირის მქონე კაციჭამიები, რომლებიც მზისა და მთვარის დაბნელებასაც იწვევდნენ. მნათობთა დაბნელების შემთხვევაში, ნოღაელები ფიქრობდნენ, რომ თავიანთი ხმამაღალი შეძახილებითა და ხმაურით (რკინის საგნების ერთმანეთზე დარტყმით) ურჩხულს შეაშინებდნენ და მზესა და მთვარეს ელმაუზისგან იხსნიდნენ. მსგავსი წარმოდგენები ჰქონდათ ბალყარელებსა და ყარაჩელებსაც, რომლებთანაც მდედრობითი სქესის ჯელმაუზი განუზომელი ძალ-ღონის ფოლადისკბილებიანი ურჩხულია. ოდესღაც მას თავი ნართი ქიინლის ძაღლებმა (სამირებმა) გაუგლიჯეს, მაგრამ ურჩხულის თავთან ერთად სამირები ზეცაში გაფრინდნენ და ჯელმაუზისაგან მთვარეს იცავენ. წელიწადში ერთხელ დაღლილი ძაღლები იძინებენ; მაშინ კი ჯელმაუზი მთვარეს ეკვეთება და მნათობის ჩაყლაპვას ცდილობს, რაც მთვარის დაბნელებას იწვევს. ადამიანები ძაღლების გაღვიძების მიზნით თოფების სროლას, ყვირილსა და რკინის საგნებით ხმაურს იწყებენ. სამურები იღვიძებენ და მთვარეს ჯელმაუზის თავს აშორებენ. ამ დემონის შესახებ რწმენა გავრცელებული იყო ყირგიზების, ყაზახების, უზბეკების ბაშკირებისა და სხვა თურქული მოდგმის ხალხების ყოფაში.



ლიტერატურა

  • Керейтов Р. Х. Мифологические персонажи веровании ногайцев // Советская этнография. 1980. № 1;
  • Потапов Л. П. Тюрко-язычных народов мифология // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
  • Керейтов Р. Х. Ногайская свадьба // Свадебная обрядность у народов Кавказа. Черкесск, 1988;
  • Текеева Л. К. Персонажи низшей мифологии в традиционном мировоззрении тюркоязычных народов Северного Кавказа // Вестник Пермского университета. Вып. 1(24), 2014;
  • Баялиева Т. Д. Доисламские верования и их пережитки у киргизов. Фрунзе, 1972;


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები