ანდრონიკაშვილი ელენე იოსების ასული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ელო ანდრონიკაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელენე (ელო) ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი ელენე-ელო იოსების ასული - (27.IV.1883, სოფ. კარდანახი, სიღნაღის მაზრ. - 12.III.1956, თბილისი) - მსახიობი, მოცეკვავე, პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება მცხეთის მონასტრის ოთხკლასიან სასწავლებელში მიიღო. შემდეგ იზრდებოდა ქართლში, სოფელ წრომში, დის ოჯახში, რომელიც ლევან ციციშვილის მეუღლე იყო. მოგვიანებით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებითა და იქ გაცნობილი მეგობრების ნინო და მიხეილ დავითაშვილების თანადგომით, სოფელში სკოლა გახსნა.

1898 პირველად გამოვიდა სოფელ წრომის სცენისმოყვარეთა წარმოდგენაზე, სადაც „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“ წარმოადგინეს. დაბრუნდა კარდანახში, სადაც იქაურ ახალგაზრდებთან ერთად ლიტერატურულ-დრამატული წრე დააარსა. 9.XI.1900 ვოდევილები - „ბაიყუში“ და „ახირებულია“ დადგეს. 22.XII.1900 - ავქ. ცაგარელის „ციმბირელი“ და მისივე „მათიკოს“ მესამე მოქმედება. კარდენახელი ახალგაზრდების აქტიურობამ იმ დროს დასთან მყოფ ილია ჭავჭავაძის ყურამდეც მიაღწია და თავისი ფრაკი და შავი ტანისამოსი შესწირა. მალევე გადმოდის თბილისში. ცხოვრობს მარიამ დემურიასთან, რომელმაც ავჭალის მუშათა თეატრში მიიყვანა. 1900-1904 წლებში მსახურობდა ავჭალის მუშათა თეატრის სცენისმოყვარეთა დასში. 1903 წლს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებით, ქ. კავკავში ქართული სკოლის მასწავლებლად გაემგზავრა. 1903-1904 წლებში კი კავკავის სცენისმოყვარეთა წრეში თამაშობდა. მალე გაითქვა სახელი, როგორც პედაგოგმა და ახალგაზრდა, ნიჭიერმა მსახიობმა. 1905-1907 წლებში იყო პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პედაგოგიურ-ლიტერატურული ფაკულტეტის მსმენელი. 17.X.1907 პირველად გამოვიდა პროფესიული თეატრის (სახაზინო - დღევანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრი) სცენაზე. 12.X.1908 - 8.II.1909 შ. დადიანის მიწვევით, ქუთაისის დრამატული დასის ამხანაგობაშია. 1909 წლის გაზაფხულიდან დაარსდა მსახიობთა ამხანაგობა, რომელმაც იმოგზაურა კავკასიასა და საქართველოს დაბა-ქალაქებში. ამავე დროს რეჟ. შალვა დადიანი და ელო დაქორწინდნენ. 1912 წლიდან მსახიობობდა თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში და ბაქოს ქართული თეატრის დასში. იყო მოგზაურთა დასი „ბათუმის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობი.

1918 წლოდან თბილისში მართავს წარმოდგენებს. ამავე დროს მუშაობს სკოლებში საბავშვო თეატრის შექმნისა და ჩამოყალიბების კონცეფციაზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის პერიოდულ გამოცემებში მისი არაერთი ფოტო დაიბეჭდა. მონაწილეობდა სხვადასხვა წარმოდგენებში. ქართული ცეკვები საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებულ კონცერტებზეც არაერთხელ შეასრულა. 1919 გახსნა ლეკური ცეკვის კურსები, სადაც თავადვე პედაგოგობდა. 23.II.1919 ჟურ. „თეატრი და ცხოვრების“ სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაშიც მონაწილეობდა. 1919 წლიდან ზუგდიდის, 1920 წლიდან ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო. ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს. მისი შესრულებული როლებია: ქეთევანი - დ. ერისთავის პიესიდან „სამშობლო“, კაროჟნა - დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, ჰანელე - გ. ჰაუპტმანის „ჰანელე“, კატიუშა მასლოვა - ლ. ტოლსტოის „აღდგომა“ და სხვ. მსახიობობის პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

1923 წლიდან კვლავ მსახიობთა ამხანაგობას აყალიბებს და საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მოგზაურობს. 1926 წლიდან მუშაობს სახკინმრეწვში. 1929-1930 - სოხუმის სახელმწიფო თეატრში, 1933-1934 კი ხაშურის სახელმწიფო თეატრშია. 1935 ერთ-ერთი წარმოდგენის დროს ფეხი იტკინა და სცენას ჩამოშორდა. დაიწყო მთარგმნელობითი საქმიანობა. თარგმნა ო. უაილდის „პადუის დედოფალი“, ი. ლეინგელის „ტაიფუნი“, გ. კადელბურგის „შავი ლაქა“, ა. ოსტროვსკის „უმზითვო“ და „უდანაშაულო დამნაშავენი“, გეიერის „მზის საიდუმლო“ და სხვ. 1944 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.(სალომე ჭანტურიძე)



ლიტერატურა

  • ენც. საქართველო, ტ. I, გვ. 151,
  • ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919, №5, 1920, №10,
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №140.

წყარო

[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]

იხილე აგრეთვე

ელო ანდრონიკაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები