ეპილეფსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპილეფსია - ეპილეფსია ესაა რეკურენტული გულყრებისადმი მიდრეკილება. გულყრა წარმოადგენს პაროქსიზმულ ელექტრულ განმუხტვას თავის ტვინში და მის კლინიკურ შედეგს. გულყრის განმეორების ტენდენცია განასხვავებს ეპილეფსიას იზოლირებული გულყრებისგან. გულყრას იწვევს უამრავი მიზეზი, მათ შორის: მედიკამენტები, ჰიპოგლიკემია და ინტერკურენტული დაავადებები. ეპილეფსიის მკურნალობა და მართვა ნევროლოგების საქმეა. თუმცა, ეპილეფსიას გარკვეული ფსიქიატრიული ასპექტებიც ახლავს თან (რაც ფსიქიატრიულ და ნევროლოგიურ პრობლემებს შორის მჭიდრო კავშირზე მიუთითებს):

  • ქცევის ეპიზოდური დარღვევები, კერძოდ, „ატიპიური შეტევების“, აგრესიული ქცევისა და ძილის პრობლემები, რაც საჭიროებს დიფერენციალურ დიაგნოზს ეპილეფსიისგან;
  • ეპილეფსიის ფსიქიატრიული და სოციალური გართულებების მკურნალობა;
  • ფსიქოტროპული პრეპარატებით გამოწვეული გულყრები;
  • ანტიკონვულსანტების გვერდითი ეფექტები.


სარჩევი

გულყრის სახეები

გულყრების თანამედროვე კლასიფიკაცია შემოგვთავაზა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საერთაშორისო ლიგამ 1969 წელს, რაც მოგვიანებით გადაისინჯა (Dreifuss et al., 1981). ეს კლასიფიკაცია გამარტივებული სახით მოცემულია ცხრილში მასში ძირითადად გამიჯნულია ორი სახის გულყრა: (1) გულყრა ფოკალური დასაწყისით, რომელსაც პარციალური გულყრა ეწოდება და (2) გულყრა, რომელიც თავიდანვე გენერალიზებულია. ამიტომ დიაგნოსტიკურად გულყრის დასაწყისის ზუსტი აღწერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, აუცილებელია განვასხვავოთ ეპილეფსიის ტიპები და გულყრის სახეები. ტრადიციული ტერმინები petit mal da grand mal ორაზროვანია და უმჯობესია მოვერიდოთ მათ გამოყენებას. უნდა გვახსოვდეს, რომ „აურა“ პრაქტიკულად პარციალური გულყრაა. petit mal და „გათიშვები“ სინამდვილეში რთული პარციალური გულყრებია, რომლებიც, ჭეშმარიტი აბსანსებისგან განსხვავებით, ფოკალურ და არა გენერალიზებულ გულყრებს განეკუთვნება.

გულყრების კლასიფიკაცია

გულყრების კლასიფიკაცია
ფოკალურად დაწყებული გულყრები
  • მარტივი მოტორული ან სენსორული (შეცვლილი ცნობიერების გარეშე);
  • რთული პარციალური (შეცვლილი ცნობიერებით);
  • პარციალური გულყრა მეორადი გენერალიზაციით
გენერალიზებული გულყრა ფოკალური დასაწყისის გარეშე
  • ტონურ–კლონური;
  • მიოკლონური;
  • ატონური;
  • აბსანსი;
  • არაკლასიფიცირებული.
მარტივი პარციალური გულყრები

ამ ტიპს განეკუთვნება ჯექსონის გულყრები, სხვადასხვა მოტორული და სენსორული, ნაკლებად ფორმირებული გულყრები. ცნობიერება არ არის შეცვლილი. გულყრის შემდეგ ფოკალური ნევროლოგიური და კოგნიტური დისფუნქცია შეიძლება გაგრძელდეს გაურკვეველი ვადით.

რთული პარციალური გულყრები

კომპლექსური პარციალური გულყრების დროს ალო და აუტოფსიქიკური ცნობიერება შეცვლილია. პიროვნებას აღენიშნება მთელი რიგი „ფსიქიატრიული“ სიმპტომები (იხილე ცხრილი), რასაც წარსულში „ფსიქომოტორულ ეპილეფსიას“ უწოდებენ. ამ ნიშნების გამო ეპილეფსია ფსიქიატრებისთვისაც მნიშვნელოვანია; ხშირად საჭიროა მათი სხვა ფსიქიკური აშლილობებისგან დიფერენცირება. მეორადი გენერალიზაციის განვითარებამდე პაციენტი გონებას არ კარგავს. მიუხედავად ამისა, იგი კონტაქტისთვის მიუწვდომელია და მოგვიანებით უჭირს გადატანილი მდგომარეობის გახსენება და აღწერა. გულყრების უმრავლესობა, უფრო ხშირად, საფეთქლის წილში აღმოცენდება, ამიტომ იყენებენ ტერმინს „საფეთქლის წილის ეპილეფსია“, მაგრამ ეს არ არის შესაბამისი ტერმინი, ვინაიდან რთული პარციალური გულყრა შეიძლება შუბლის წილში ან სხვა უბნებშიც აღმოცენდეს. ასეთ შემთხვევებში გულყრები შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს ფუნქციურად, რადგან მას ხშირად თან ახლავს უცნაური პოზები, ნაწილობრივ მიზანმიმართული მოძრაობები და რთული მოტორული ქცევები. საფეთქლის წილის რთული პარციალური გულყრები, ჩვეულებრივ, იწყება აურით, რომელსაც ყნოსვითი, გემოვნებითი, აუდიტორული, ვიზუალური ან სომატური ჰალუცინაციების სახე აქვს. განსაკუთრებით ხშირია „ეპიგასტრული (ვისცერული) აურა“ - კუჭის მიდამოდან კისრის არემდე აღმავალი უცნაური, არასასიამოვნო (ბუყბუყის) შეგრძნება.

პაციენტს შეიძლება ჰქონდეს უცნაური აზრები და ემოციები, მათ შორის „ნაცნობის” déjà vu (უკვე ნანახის) ან „უცნობის“ jamais vu (არასდროს ნანახის) ინტენსიური შეგრძნება, დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია ან, იშვიათად, გადატანილის ცოცხალი ჰალუცინაციები („გამოცდილების ფენომენი“ experiential phenomena). გულყრის განვითარების თანმიმდევრობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სტერეოტიპულობით გამოირჩევა, რისი გათვალისწინებაც დიაგნოსტიკურად მნიშვნელოვანია. სრული იქტალური (ეპილეფსიურ შეტევასთან დაკავშირებული) ფაზა, ჩვეულებრივ, 1-2 წუთი გრძელდება. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, პაციენტმა, შეიძლება, მხოლოდ აურა გაიხსენოს. კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე ეპილეფსიურმა სტატუსმა, შესაძლოა, ერთი გახანგრძლივებული გულყრის ან მრავალი სწრაფად მონაცვლე გულყრის ფორმა მიიღოს. დროში გაჭიანურებული ავტონომიური ქცევითი დარღვევები შეიძლება შეცდომით დისოციაციურ ფუგად ან სხვა ფსიქიკურ დაავადებად მივიჩნიოთ.

კომპლექსური პარციალური გულყრების კლინიკური ნიშნები
სფერო ნიშნები
ავტონომიური და ვისცერული „ეპიგასტრული აურა“, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, სისხლის მოწოლა, სხვაუსიამოვნო შეგრძნებები სხეულში
პერცეპტუალური შეცვლილი აღქმა, სმენითი, მხედველობითი ყნოსვითი, გემოვნებითი, სომატური ჰალუცინაციები, déjà vu, jamais vu
კოგნიტური მეტყველების, აზროვნებისა და მეხსიერების, დარღვევები, დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია
აფექტური შიში, შფოთვა, ზოგჯერ ეიფორიული ან ექსტაზური მდგომარეობა
ფსიქომოტორული ავტომატიზმები, მანჭვა და სხეულის სხვა მოძრაობები, განმეორებადი ან უფრო რთული, სტერეოტიპული მოძრაობები
აბსანსები

აბსანსის ძირითადი მახასიათებელია ცნობიერების უცბად დაკარგვა, რაც იწყება მოულოდნელად, აურის გარეშე, გრძელდება რამდენიმე წამი და უეცრად მთავრდება. მარტივი ავტომატიზმები (მაგ., ქუთუთოების თრთოლა) ხშირად თან ახლავს შეტევას. პოსტიქტალური დარღვევები, ჩვეულებრივ, არ აღინიშნება. დიაგნოზისა და მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი აბსანსი რთული პარციალური გულყრისგან განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი უფრო ხანგრძლივია, შეტევის დროს განვითარებული ავტომატიზმები უფრო კომპლექსური ხასიათისაა; გამოჯანმრთელება უფრო ნელა ხდება და მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტმა შეიძლება აურა გაიხსენოს. ბავშვებში განვითარებულ აბსანსებს წინათ „petit mal“ ეწოდებოდა. იგი კლასიკურად ასოცირდება ეეგზე წამში 3 „პიკ ტალღის“ არსებობასთან.

გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები

გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა არის კარგად ცნობილი კრუნჩხვითი შეტევა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოულოდნელი დასაწყისი, ტონური და კლონური ფაზები და სხვადასხვა (რამდენიმე საათის) ხანგრძლივობის კრუნჩხვისშემდგომი პერიოდი. შეტევის შემდეგ პაციენტი დეზორიენტირებულია, მთვლემარე ან ღრმა ძილის მდგომარეობაში იმყოფება. კრუნჩხვის დროს შეიძლება იყოს უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია; საშიშია ენის მოკვნეტა ან სხვა სახის თვითდაზიანება. პოსტიქტალურ პერიოდში შესაძლოა დელირიუმის განვითარებაც, რაც შეიძლება დიაგნოსტიკური შეცდომის მიზეზი გახდეს, თუ კრუნჩხვის ეპიზოდის მოწმე არავინაა. გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრის განვითარებას შეიძლება წინ უძღოდეს პარციალური გულყრა (რაც შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს), რომელიც თავის ტვინის ლოკალურ დაზიანებაზე მიუთითებს. აუცილებელია პირველადი და მეორადი გენერალიზებული გულყრების ზუსტი დიაგნოსტიკა, რადგან ისინი განსხვავდებიან თავიანთი მნიშვნელობით და სხვადასხვა მიდგომას საჭიროებენ.

მიოკლონური, ატონური და სხვა სახის გულყრები

არსებობს რამდენიმე ტიპის გულყრა, უპირატესად, მოტორული სიმპტომებით. მათ მიეკუთვნება მიოკლონური კრუნჩხვები - ძირს დაცემის შეტევები კუნთთა ტონუსის გამოხატული სისუსტით. ასეთი გულყრების შემთხვევებში პაციენტები იშვიათად ხვდებიან ფსიქიატრთან.

ეპილეფსიის ეპიდემიოლოგია

ბრიტანეთში დაადგინეს, რომ ეპილეფსიის გავრცელების სიხშირე მოზრდილებში დაახლოებით 6 კაცია 1000 სულ მოსახლეზე. დაავადება უპირატესად ადრეულ ბავშვობაში იწყება. ეპილეფსიის განვითარების შემდეგი პიკები მოდის მოზარდობის ასაკსა და 65 წლის ზემოთ. ეპილეფსიას, ჩვეულებრივ, ხანმოკლე მიმდინარეობა აქვს და ქრონიკული მდგომარეობა პაციენტთა მხოლოდ მეხუთედს აღენიშნება. ეს ნიშნავს, რომ პაციენტები, რომლებიც კლინიკებს რეგულარულად აკითხავენ, ეპილეფსიით დაავადებულთა საერთო რაოდენობის მცირე ნაწილს წარმოადგენენ. მათ შორის არიან პირები, რომლებსაც გამოხატული სამედიცინო და სოციალური პრობლემები აქვთ. ბავშვობაში განვითარებული ეპილეფსია უფრო ხშირად ასოცირებულია კოგნიტურ დაქვეითებასთან.

ეპილეფსიის ეტიოლოგია

დაავადების დაწყების ასაკი ეტიოლოგიური ფაქტორის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მაგ., ახალშობილებში განვითარებული ეპილეფსიის მიზეზებია სამშობიარო ტრავმა, თანდაყოლილი ტვინის მალფორმაციები და მეტაბოლური დარღვევები. ბავშვებში ფებრილური კრუნჩხვები, განსაკუთრებით status epilepticus, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია მოგვიანებით პარციალური გულყრების განვითარებასთან, რასაც ჰიპოკამპის დაზიანება განაპირობებს (ჰიპოკამპური სკლეროზი). არსებობს მზარდი მონაცემები გენეტიკური მუტაციის შედეგად განვითარებული ეპილეფსიის შესახებ. თუმცა, ეს შემთხვევები ეპილეფსიით დაავადებულთა საერთო რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილია (Gutirriez-Delicado and Serratosa, 2004). მოზრდილებში გამოვლენილი მიზეზებია: ცერებროვასკულური დაავადებები, თავის ტვინის სიმსივნეები, ქალა-ტვინის ტრავმა, ნეიროდეგენერაციული დაავადებები. ალკოჰოლისა და ნარკომოხმარების ფაქტები ყოველთვის სათანადოდ უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. კრუნჩხვითი ზღურბლი შეიძლება დაქვეითდეს, თუ გამოვიყენებთ სხვადასხვა პრეპარატს, მაგ., ანტიფსიქოზურ პრეპარატებსა და ანტიდეპრესანტებს. ანტიკონვულსიური მოქმედების წამლების, კერძოდ, დიაზეპამისა და ალკოჰოლის უცბად მოხსნამ, შეიძლება ხელი შეუწყოს გულყრების და, ზოგჯერ, ეპილეფსიური სტატუსის განვითარებას.

ეპილეფსიის სოციალური ასპექტები

ცხოვრების ხარისხზე ეპილეფსიის გავლენა კორელირებს დაავადების სიმწვავესა და ტვინის სტრუქტურული პათოლოგიის არსებობასთან. ეპილეფსიის მიმართ არსებული სტიგმა და მასთან დაკავშირებული სოციალური იზოლაცია მტკივნეული საკითხია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრებაზე. მით უფრო, რომ ძნელია გულყრის განვითარების წინასწარ პროგნოზირება, რაც ზრდის შიშისა და დაუცველობის განცდას. კონსულტირებისას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტისა და მისი ოჯახისთვის ეს სენსიტიური თემებია და უნდა ვეცადოთ გავუქარწყლოთ მათ ეპილეფსიასთან დაკავშირებული მცდარი შეხედულებები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს პიროვნების სოციალურ ჩართულობას, მართვის მოწმობის უფლებაა. ბრიტანეთში მართვის ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია, რომ ეპილეფსიის მქონე პიროვნება, არანაკლებ ერთი წლის მანძილზე, გულყრებისგან თავისუფალი იყოს (მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს). იმ პირებს, რომლებსაც გულყრა მხოლოდ ძილში უვითარდებათ, მართვის მოწმობა ეძლევათ მას შემდეგ, რაც დადასტურდება მდგომარეობის სტაბილურობა სამი წლის მანძილზე.

ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე, ეპილეფსიას ხშირად, კრიმინალურ ქმედებებს უკავშირებენ (Toone, 2000). თუმცა, ეს, შესაძლოა, ეპილეფსიაზე არსებული კიდევ ერთი მითი იყოს, ვინაიდან პატიმრებს შორის ეპილეფსიის შემთხვევების რაოდენობა, ზოგად პოპულაციასთან შედარებით, არ არის გაზრდილი (Fazel el al, 2002).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები