ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე)

ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე)ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდილაძე, დაიბადა 1877 წლის 12 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში, მედავითნის ოჯახში. სიღნაღის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეხმარებ მამას ეკლესიაში. 1893-1898 წლებში სიონის საკათედრო ტაძრის მორჩილია. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლე გალობას.

1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ხელი დაასხა მღვდლად. 1918 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის მიერ გამწესებულ იქნა ვაჩნაძიანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. 1925 წელს მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი) მიერ დადგენილ იქნა თელავის მაზრის სოფელ შილდის მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის.

1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში და გაგზავნა ახმეტაში, 1952 წლიდან დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესია. 1958 წლის 8 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ II ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. 1962 წლის 7 ოქტომბერს მეუფე დავითი ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს. „ალავერდობის დღესასწაულზე წირვის დროს ტაძარში შემოვიდნენ ახმეტის აღმასკომის თავმჯდომარე მაღლაკელიძე მილიციელების თანხლებით და შეტევით მომმართა: როგორ გაბედე ალავერდში ჩამოსვლა და ტაძარში შემოსვლა. მე ვუპასუხე, მე ალავერდის ეპისკოპოსი ვარ დ ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება-თქო... მათ უნდოდათ წირვა შემეწყვიტა და გავსულიყავი ტაძრიდან, მაგრამ როდესაც დაინახეს მაგრად დავუდექი და წირვის შეწყვეტას არ ვაპირებდი, ბოლოს მაღლაკელიძემ მითხრა, შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და არ გაპატიებთ, მაგრამ როცა წირვა დაამთავრებთ დაუყოვნებლივ დატოვე ალავერდის ტაძარიო“. ასეთ მძიმე პირობებში უხდებოდა მას თავისი მღვდელმთავრული მოვალეობის აღსრულება. ეპისკოპოსი დავითი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილში, 86 წლის ასაკში. დაიკრძალა თელავის საერო სასაფლაოზე, საიდანაც 1995 წელს ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით გადასვენებულ იქნა ალავერდის საკათედრო ტაძარში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები