ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი ექვთიმე

ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი)ეპისკოპოსი ექვთიმე, ერისკაცობაში ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი დაიბადა 1845 წელს თბილისში. 1861-1864 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1865 წელს დანიშნეს სემინარიის მასწავლებლად, სადაც მოღვაწეობდა 1873 წლამდე. რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება ნაკლებად ენდობოდა ქართველებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესტატე ელიაშვილში მათ დაინახეს რუსეთის ერთგული ადგილობრივი წარმოშობის „ინოროდცი“, ამიტომ 1873 წელს დანიშნეს სემინარიის ზედამხედველის თანაშემწედ და აკურთხეს მღვდლად. ამავე დროს იგი განაწესეს თბილისის წმიდა მარინეს ეკლესიის დეკანოზის თანაშემწედ (წმიდა მარინეს ეკლესია მოქმედი იყო 1938 წლამდე და მდებარეობდა ე.წ. კომუნარების ბაღში. იგი დაანგრიეს 1938 წელს ს.ვ.).

1873-1880 წლებში მამა ესტატე საღვთო სჯულს ასწავლიდა წმიდა ნინოს ქალთა სასწავლებელში, 1880-1891 წლებში თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში საღვთო სჯულსა და საეკლესიო ისტორიას.

1884 წლიდან სიონის ტაძრის დეკანოზია, საიდანაც 1902 წელს გადაყვანილ იქნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. ამ დროს ქაშუეთის ძველი ეკლესია დაანგრიეს და აშენდა დროებითი ეკლესია. 1903 წლის 23 ნოემბერს დეკანოზმა ესტატე ელიაშვილმა მოახერხა ეგზარქოსის დარწმუნება ახალი დიდი ეკლესიის აშენების აუცილებლობაში, აიღო სესხი, გაათხრევინა საძირკველი და შეუდგა ახალი ტაძრის მშენებლობას. 1903 წლის ოქტომბერში დეკანოზი ესტატე ბერად აღიკვეცა და უწოდეს სახელი ექვთიმე, იმავე წლის ნოემბერში აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად. 1905 წელს ეპისკოპოსი ექვთიმე გადაყვანილ იქნა გორის ეპარქიის მართველად. 1905 წლის 16 ნოემბერს იმპერატორს წარუდგინეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერდნენ ეპისკოპოსები პეტრე (კონჭოშვილი), ლეონიდე (ოქროპირიძე), გიორგი (ალადაშვილი), ექვთიმე (ელიაშვილი). ბუნებრივია რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და დაიწყო ზეწოლა ხელისმომწერებზე. ეპისკოპოსმა ექვთიმემ რუსეთის ხელისუფლების წინაშე აღიარა თავისი შეცდომა და გაემიჯნა ავტოკეფალურ მოძრაობას.

მას თავისი ასეთი საქციელის გამო საქართველოში აღარ ჩამოესვლებოდა. 1906 წლის 8 ნოემბერს თხოვნა შეიტანა იმპერატორის სახელზე გადაეყვანათ რუსეთის შიდა გუბერნიის ნებისმიერ ეპარქიაში, 10 ნოემბერს დააკმაყოფილეს მისი თხოვნა და გადაიყვანეს ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნიის ბალახნინის ეპისკოპოსად.

1909 წლის 29 მაისს იგი გადადგა ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან და დაინიშნა მოსკოვის ზაიკონოსპასკის მონასტრის წინამძღვრად. გარდაიცვალა 1918 – წელს და დაიკრძალა იქვე. „იყო კაცი ფრიად ნიჭიერი, მშვენიერი მწირველ-მლოცველი, საეკლესიო წიგნების საოცარი მკითხველი და ჩინებული მქადაგებელი, მაგრამ: მეტისმეტად მფრთხალი“ (უწმიდესი კალისტრატე).

იხილე აგრეთვე

ექვთიმე (ეპისკოპოსი)

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები