ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი პიროსი

პიროსი - ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე, (XI.1874, დისევი, გორის მაზრა - 28.IV.1922, თელავი.) - ეპისკოპოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

7 წლის ასაკში მამამ მიაბარა ალავერდის მონასტერში, სადაც მიიღო დაწყებითი სასულიერო განათლება თავის პაპასთან, მღვდელ-მონაზონ სილვესტერთან (ცნობილი თავისი მკაცრი ცხოვრებით), რომელიც იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმა. მალე ის შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ, 1890 წელს გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1893-1994 სასწავლო წლებში გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა 1896 წელს. იმავე წელს შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში და 1900 წელს დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. 1900 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პიროსი, ამავე დროს აკურთხეს ჯერ იეროდიაკვნად, შემდეგ - მღვდელ-მონაზვნად; 1900 დაინიშნა კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტორად, 1902 წლის 10-17 მაისს სინოდის დადგენილებით დაინიშნა გორის სასულიერო სასწავლებლების უფროსის თანაშემწედ, 1905 წლის 9 ივლისს – მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად, 1907 წელს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, 1909 წლის 29 მაისის წმ. სინოდის დადგენილებით დაინიშნა საქართველოს იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვრად; 1915 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა ალავერდის ეპისკოპოსად, 1916 წლის 15 იანვარს მოხდა კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში ალავერდის ეპისკოპოსად.

მსახურობდა იმერეთის ეპარქიაშიც, დაინიშნა მონასტრების კეთილმოწესედ და პირთა გამოსაცდელი კომისიის თავმჯდომარედ, რომელთაც ეკავათ მღვდელმსახურებისა და მედავითნეთა ადგილები, ხოლო საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარის ამხანაგის და ქართულ ენაზე საეკლესიო და საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემის კომიტეტის თავმჯდომარე, სინოდალურ კრებასთან არსებული ღვთისმშობლის საძმოს თავმჯდომარე „საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის“ რედაქტორი და სხვა. 1916 წლის 24 მარტს დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში მესამე ქორეპისკოპოსად; 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კათედრაზე სახელწოდებით „ალავერდელი“. 1922 წლის 23 აპრილ დაემართა დამბლა. გარდაიცვალა 1922 წლის 28 აპრილს თელავში, დაკრძალეს 30 აპრილს ალავერდის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოს პეტრეს საფლავის მარცხნივ, წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, რომელიც ალავერდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით იქნა გაგზავნილი.


ლიტერატურა

გ. მაჩურიშვილი, ალავერდის ეპარქია 1917-2007 წლებში, თბ., 2009.

წყარო

იხილე აგრეთვე

მათე ოქროპირიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები