ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანე (ეპისკოპოსი) კარბელაშვილი

სტეფანე - (ერისკაცობაში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილი) - (I.1853, ქვემოჭალა, გორის მაზრა – 8.IV.1936, თბილისი) - ეპისკოპოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. მამა - გრიგოლი ქართული საეკლესიო გალობის ჩინებული მცოდნე და შემსრულებელი იყო. ვასილმა და მისმა ძმებმა ბავშობიდანვე ოჯახში შეისწავლეს ქართული სასულიერო გალობის ქართლ-კახური კილო. ექვსი წლის ასაკში დედამ დააწყებინა „დავითნის” კითხვა. საოჯახო განათლების მიღების შემდეგ ვასილი სწავლის გასაგრძელებლად გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1864 წელს ვასილი თავის ძმებთან - ანდროსა და პოლიევქტოსთან ერთად პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე ხალხური სიმღერების რეპერტუარით და მოწონება დაიმსახურა. 1867 წელს ვასილი ძმებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და ჩაირიცხა სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, პარალელურად, 1879 წლიდან სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სკოლაში. 1881 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; 1881 ქართული ენის მასწავლებელი იყო თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; ერთი წლის შემდეგ შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. 1883 წელს აკურთხეს თბილისის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდლად, ამავე დროს ასრულებდა მღვდლის მოვალეობას თბილისის 1 სამხედრო ჰოსპიტალში. მალე თავისივე თხოვნით გადაიყვანეს ნუხის 3-კლასიან საქალაქო სასწავლებელში, ამავე დროიდან არის ნუხის სამწმიდათა ეკლესიის წინამძღვარი. 1888-1890 წლებში, ეგზარქოს პალადის განკარგულებით, გადმოიყვანეს თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში. დააარსა მოსასვენებელი სახლი შორიდან მოსულ მლოცველთათვის. წმ. ბარბარეს ეკლესიასთან გახსნილი ჰქონდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა 40 ბავშვისათვის, რომელთათვისაც გამოყოფილი ჰქონდა 2 ოთახი საკუთარი ბინიდან და ინახავდა საკუთარი ხარჯით. 1893-99 წლებში იყო მასწავლებელთა საზოგადოების სკოლის სჯულის მასწავლებელი და სახალხო სასწავლებელთა დირექციის წევრი. 1899 წელს აირჩიეს საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. 1903 წლის თებერვლიდან გადაიყვანეს ქ. შემახიის ეკლესიაში. 1904 გადაიყვანეს გორის ტაძრის მეორე მღვდლის ადგილზე, ამავე დროს ასრულებდა სანთლის ქარხნის მმართველის მოვალეობას; 1904-1906 წლებში განაგებდა საეკლესიო ნივთების მაღაზიას. 1905 წელს თავისივე თხოვნით ეგზარქოსმა ალექსიმ დანიშნა თბილისის სამების ტაძრის წინამძღვრად. ტაძრის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს და რუსულ-ქართულ გალობას.

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I, II, III, IV საეკლესიო კრების მუშაობაში. 1919 აიყვანეს დეკანოზის ხარისხში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ვასილ კარბელაშვილი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას და ყველაფერს აკეთებდა მასთან საერთო ენის გამოსანახავად. 1922 წელს გადაიყვანეს კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში. 1925 წელს აღიკვეცა ბერად სტეფანეს სახელით. 1925 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ბოდბის ეპისკოპოსად. 1928 წელს გაათავისუფლეს ბოდბის ეპისკოპოსობიდან და გადაიყვანეს ალავერდელად. 1929 გაათავისუფლეს ალავერდის ეპისკოპოსობიდან; 1930 წლის 1 იანვარს დროებით დაინიშნა კარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდლად; 1934 წლის 6 აგვისტოს, პირადი თხოვნის საფუძველზე, ავადმყოფობის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა კალისტრატემ გაათავისუფლა კარის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრობიდან. დაკრძალულია წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ს. ანდღულაძე, ეპისკოპოსი სტეფანე ბოდბელი (ვასილ კარბელაშვილი), თბ., 2006;
  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვასილ კარბელაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები