ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი ტარასი

ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი)ეპისკოპოსი ტარასი, ერისკაცობაში იაკობ გიორგის ძე კანდელაკი.

დაიბადა 1871 წელს გორის მაზრის სოფელ კოხტისხევში. ყმაწვილი იაკობი მშობლებმა თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც 1890 წელს დაასრულა, შემდეგ სწავლობდა ქვათახევის სამონასტრო სკოლაში. 1891 წლის 4 აგვისტოდან ამავე მონასტრის მედავითნეა. 1899 წლის 6 აპრილიდან პირადი თხოვნით გადაყვანილ იქნა ჰერეტის ოლქის სამრევლოში სოფელ ქოთუჭალის ეკლესიის მედავითნედ. ახალგაზრდა იაკობი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ინგილოთა შორის, ეხმარებოდა მათ.

1900 წლის თებერვლიდან იაკობ კანდელაკი გადმოყვანილ იქნა ალავერდის ეპარქიაში, იმავე წლის 4 მაისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა ბერად აღკვეცა ალავერდის მონასტერში და უწოდა სახელად ტარასი, 16 მაისს ყოვლადუსამღვდელოესმა კირიონმა შუამთის მონასტერში აკურთხა იეროდიაკვნად, 17 მაისს – მღვდელმონაზვნად და დაინიშნა შუამთის მონასტრის იკონომოსად. 1902 წელს დაჯილდოებულ იქნა საგვერდულით. 1900 წლის 22 ივლისიდან არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა ალავერდისა და თეთრი გიორგის ეკლესიების იკონომოსად. 1902 წლის 25 ოქტომბრიდან იგი გადაყვანილ იქნა წმიდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად ხირსაში. არქიმანდრიტი ტარასი იყო ეპისკოპოს კირიონის ერთგული თანაშემწე და თანამებრძოლი. 1903 წლის 4 სექტემბრიდან, როდესაც ეპისკოპოსი კირიონი გადაყვანილ იქნა ხერსონისა და ოდესის ეპარქიაში, არქიმანდრიტი ტარასი თან გაჰყვა მეუფეს და ასრულებდა აღნიშნული ეპარქიის ხაზინადარის მოვალეობას. 1904 წლის 10 ივნისიდან ორიოლის ეპარქიის იკონომოსია, 1904 წლის 30 ივლისიდან შეთავსებით მუშაობდა ორიოლის საეკლესიო არქეოლოგიური მუზეუმის გამგედ. 1906 წელს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს კირიონთან ერთად მოღვაწეობდა სოხუმის ეპარქიაში. იგი ეპარქიის ქართველ მოღვაწეთა, დიაკონთა და მედავითნეთა კურთხევის მისიას ხელმძღვანელობდა, ამავე დროს დიდ დახმარებას უწევდა უპოვარ ადამიანებს, ქვრივ-ობლებს. არქიმანდრიტი ტარასი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 20 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კირიონ II-ის მიერ დანიშნულ იქნა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვრად. 1918 წლის 26 ივნისს,დილის 5 საათზე არქიმანდრიტი ტარასი უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-სთან ერთად გაემგზავრა მარტყოფის მონასტერში, 11 საათზე ჩავიდნენ მარტყოფში, მცირედ დაისვენეს, პატრიარქი შეუდგა მუშაობას (ამ დროს იგი „საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“-ს ქართულ ვარიანტს ასწორებდა). გათენდა 27 ივნისი. უწმიდესი პატრიარქი წესისამებრ დილის 5 საათზე დგებოდა, გახდა 6 საათი, პატრიარქის ოთახიდან არავითარი ხმა არ ისმოდა... შეაღეს მისი საძინებლის კარები... პატრიარქი კირიონ II სისხლში ცურავდა. იქვე ეგდო მისი ბრაუნინგი... ყველას თავზარი დაეცა, ვინ შევიდა მალულად პატრიარქის ოთახში ისე, რომ წინა ოთახში მყოფმა არქიმანდრიტმა ტარასიმ და მისმა თანმხლებმა ვასილ კბილაშვილმა ვერ გაიგეს ბრაუნინგის გასროლის ხმა? ეს კითხვები პასუხგაუცემელ კითხვებად დარჩა. არქიმანდრიტი ტარასი დაუყოვნებლივ თბილისში გამოემგზავრა და მომხდარი ტრაგედიის შესახებ შეატყობინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს.

1925 წლის 25 ოქტომბერს არქიმანდრიტი ტარასი ეპისკოპოს იოანეს (მარღიშვილი) მიერ დაინიშნა სოფელ საქობიოს წმიდა სტეფანეს ეკლესიის წინამძღვრად. ბოდბეს ეპისკოპოსად სტეფანეს (კარბელაშვილი) დადგენის შემდეგ ურთიერთობა ახალ მღვდელმთავარსა და არქიმანდრიტ ტარასის შორის დაიძაბა. იგი არ ემორჩილება მღვდელმთავარს. დაპირისპირების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტფორე III-მ, რომელიც 1918 წლის შემდეგ დაუახლოვდა არქიმანდრიტ ტარასის, იგი გადმოიყვანა თბილისის კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვრად, ხოლო 1931 წლის 29 ნოემბერს გადაიყვანა ქ. ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვრად. ვლადიკავკაზის ქართველობისათვის ეს ეკლესია ქართულ სკოლასთან ერთად სამშობლოსთან სულიერი კავშირის საშუალება იყო.

არქიმანდრიტი ტარასი ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას მაგრამ წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაძლიერდა. 1933 წელს არქიმანდრიტი ტარასი შექმნილი პრობლემების შესახებ დაწვრილებით წერდა უწმიდეს კალისტრატესადმი გამოგზავნილ წერილში – გვავიწროებენ, უნდათ ქალაქის განაპირა ადგილზე გაგვყარონო. 1933 წლის 25 ივლისს ვლადიკავკაზის ქართველობა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატესადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდნენ: „გვართმევენ შენობას, ქუჩაში გვერეკებიან, დაგვანებონ თავი, თუ არა დავიფანტებით აქაური ქართველობა უცხო მხარეში და მთლად რჯულზედ აგვაღებინებენ ხელს. ისედაც გულშეწუხებულთ და გადარჯულებული. თვით ჩვენი მღვდელიც არქიმანდრიტი ტარასი აღარ დადგება აქ და სხვა მღვდელს ვერ მოვითხოვთ და რომ მოვითხოვთ კიდეც სად წავიყვანოთ, თუკი ეკლესია აღარ გვექნება“.

1933 წლის იანვარში არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა ვლადიკავკაზის ნინოს სახელობის ეკლესიაში მონათლა პატარა ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი ჭაბუკის ნათლია იყო მონაზონი ზოილე დვალიშვილი... 1938 წლის 24 თებერვალს როცა მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, გააუქმეს ვლადიკავკაზის ქართული არქიმანდრიტი ტარასი დაბრუნდა სამშობლოში. თუმცა არც აქ იყო მშვიდობა, ქალაქ თბილისის ფინგანის გამგე უწმიდეს კალისტრატეს წერდა, რომ საჭირო სასწრაფოდ დაებეგრათ არქიმანდრიტი ტარასი. 1938 წლის 27 მარტს არქიმანდრიტი ტარასი დაინიშნა სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ. იგი 1939 წლის 19 მარტს აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი ტარასი წირავდა სვეტიცხოვლის ტაძარში. 1945 წლის 10 ოქტომბერს დაჯილდოვდა კუნკულ-ბარტყულზე თვლიანი ჯვრით. რაც უფრო ემატებოდა ასაკი, ჯანმრთელობას უჩიოდა, ხშირად ავადმყოფობდა. გარდაიცვალა 1951 წელს, დაკრძალეს სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ტარასი (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები