ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი ქრისტეფორე

ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე)ეპისკოპოსი ქრისტეფორე, ერისკაცობაში ომარ იასონის ძე წამალაიძე, დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს ყაზბეგის რაიონ სოფელ სიონში მოსამსახურის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა სოფელ სიონის საშუალო სკოო სწავლა განაგრძო თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში რომელიც დაასრულა 1962 წელს. 1966-1974 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე.

1962-1964 წლებში მშობლების მძიმე ავადმყოფობის გამო თავის მშობლიურ სოფელ სიონშია და მუშაობს სოფლის მეურნეობაში.

1964-1965 წლებში მუშაობდა საქართველოს სამხედრო გზის საექსპლოატაციო განყოფილებაში, 1965-1968 წლებში – უფროს ოსტატად სამხედრო გზის განყოფილებაში 1969-1971 წლებში თბილისის ელექტორშემდუღებელ ქარხანაში საწყობის გამგედ, 1971-1972 წლებში ამავე ქარხნის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1972-1973 წლებში – ქარხნის უფროს ეკონომისტად, 1973-1975 წლებში ეკონომიკური ჯგუფის უფროსად, 1975-1977 წლებში „ცეკავშირის“ ფინანსურ-ეკონომიკური დაგეგმარების განყოფილებაშია, 1977-1978 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური განყოფილების უფროსის მოადგილეა.

1978 წლის აპრილიდან დეკემბრამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს სამეურნეო განყოფილების უფროსია.

1978 წლის დეკემბერში ომარ წამალაიძე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1979 წლის იანვარში – მღვდლად. 1979 წლის აგვისტოში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ქრისტეფორე. მიიღო არქიმანდრიტის წოდება. 19 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დადგენილ იქნა მესხეთ-ჯავასეთის ეპარქიის მმართველად. 20 აგვისტოს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა არქიმანდრიტ ქრისტეფორეს ეპისკოპოსად კურთხევა. ეპისკოპოსი ქრისტეფორე უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დანიშნა ქორეპისკოპოსად.

1980 წლიდან იგი განაგებდა ნიკორწმინდის ეპარქიას, ხოლო 1981 წლიდან 1992 წლამდე მარგვეთის ეპარქიას. ეპისკოპოსი ქრისტეფორე აქტიურად მონაწილეობდა XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო ყველა საპროტესტო გამოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიტინგებზე მგზნებარე დეკლამატორი. 1992-1995 წლებში განაგებდა აგარაკ-წალკის ეპარქიას. 1995 წლის 5 აპრილიდან ეპისკოპოსი ქრისტეფორე განაგებდა ურბნისისა და რუისის ეპარქიას, სადაც მოხდა სერიოზული დაპირისპირება მრევლსა და მმართველ მღვდელმთავარს შორის. 1995 წლის 31 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ურბნისისა და რუისის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი მმართველი ეპისკოპოსის ქრისტეფორე (წამალაიძე) დარღვევათა შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, რათა მისი მოქმედებანი არ იყოს დამაბრკოლებელი მართლმადიდებელი მრევლისათვის, განთავისუფლდეს ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან და გადაყვანილ იქნას ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად. 1995 წლის 17 სექტემბერს წმიდა სინოდი კვლავ დაუბრუნდა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხს და დაადგინა: „წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევის გამო წმიდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულებელყოფისათვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისათვის და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისათვის ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე გამოყვანილ იქნა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქიის მმართველობა და აეკრძალა მდვდელმოქმედება“. მოუნანიებლობის შემთხვევაში წმიდა სინოდი დაემუქრა განკვეთით. 2000 წლის 14 დეკემბერს წმიდა სინოდმა კიდევ ერთხელ განიხილა მდვდელმოქმედება აკრძალულ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდისადმი და პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილ მარგველ მიტროპოლიტ კონსტანტინეს მიერ მისთვის დასმულ კითხვებზე. ვინაიდან პასუხები შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას განიკვეთა სამღვდელო ხარისხიდან.“


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ქრისტეფორე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები