ეპისტოლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპისტოლე - (ბერძნ. epistolē. წერილი) სპეციფიკური ლიტერატურული ჟანრის თხზულება, რომელიც ქრისტიანობის ჩამოყალიბების ადრეულ ხანაში გულისხმობდა ეპიკური შინაარსის (უპირატესად ავტორის აზრის, იდეის და არა თხრობითი ამბის) გადმოცემას ლირიკული უშუალობით, როდესაც უშუალო კავშირია დამყარებული ავტორსა და ადრესატს შორის. ყოველი ეპისტოლე გამიზნულია მხოლოდ გარკვეული ადრესატისა (იქნება ეს ერთი პიროვნება თუ მთელი ჯგუფი, წრე) და განსაზღვრული მომენტისათვის. ესაა ერთგვარი „ღია წერილი“, რომელიც გადმოსცემს ავტორის შეხედულებებს ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე. ამიტომ, ეპისტოლე მტკიცებითი და დამრიგებლური ხასიათისაც არის. ქართულში ეს სიტყვა შემოსულია V ს-იდან, როცა ბიბლიის სხვა ნაწილებთან ერთად ითარგმნა ამ ხასიათის თხზულებებიც. მოღწეულია უძველესი ქართული თარგმანები პავლე მოციქულის №4 ეპისტოლისა და 7 ე. წ. კათოლიკე ეპისტოლისა (იაკობის, პეტრესი და იოანესი). X-XI სს-ებიდან ეპისტოლეს, „მოკითხვათა და საქმეთათვის მინაწერის“ ანუ საზოგადოდ „წერილის“, შინაარსს გამოხატავდა წიგნი. მაგ., სამოელ ქართლის კათალიკოსი იოვანე საბანის ძეს სწერს: „აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი“. გიორგი მერჩულის სიტყვებით, ბაგრატ კურაპალატმა საბა იშხნელთან „მსწრაფლ დაწერა წიგნი“. „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიც ერთმანეთს „წიგნებს“ სწერენ. სალიტერატურო ქართულში ეპისტოლეს ორივე – ძვ. და ახ. მნიშვნელობაშემორჩა.

კ. დანელია



ლიტერატურა

  • დანელია კ., ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები, თბ., 1983.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები