ერაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ერაძე

ერაძე გიორგი პავლეს ძე - (დ. - 1882, სოფ. დირბი, გორის მაზ. - გ. - 1971, ლევილი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომისა და მომარაგების მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. სოციალ-დემოკრატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში, დაწყებითი განათლება თბილისში, სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, შემდგომში სწავლობდა დურგლის პროფესიას თბილისის სახელოსნო სასწავლებელში. აქტიურად თანამშრომლობდა პროფესიულ გაერთიანებებთან. მუშაობდა სხვადასხვა ქარხანასა და ფაბრიკაში თავისი პროფესიით. იყო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების წევრი ბათუმსა და თბილისში. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში, აქვეყნებდა სტატიებს მუშათა მძიმე სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

1907 ტფილისის კომიტეტის მანდატით იმყოფებოდა რსდმ პარტიის V (ლონდონის) ყრილობაზე. თავისი პოლიტიკური აქტიურობის გამო ხშირად ხდებოდა მეფის რეჟიმის ინტერესის საგანი, 1909 და 1910 წელს დააპატიმრეს. 1910-იან წლებში მუშაობდა თბილისის ტრამვაიში, იყო ადგილობრივი პროფკავშირული გაერთიანების მეთაური. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შედიოდა ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს შემადგენლობაში.

1917 წლის ნოემბერში, საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფოებრივ და პარტიულ საქმიანობაში. პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით, პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს რეგიონებში. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1918-1919 წლებში შრომის მინისტრის ამხანაგის (მოადგილის) პოსტს იკავებდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა შრომითი დავების მოგვარების საქმეში. 1919 წლის ბოლოს დაინიშნა შრომისა და მომარაგების მინისტრად, დაეკისრა მძიმე მოვალეობა - ქვეყნის ფარგლებში სასურსათო კრიზისის დაძლევისათვის მუშაობა. ოპოზიცია ერაძისა და მისი სამინისტროს საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებდა, მწვავე სასურსათო კრიზისზე სამთავრობო და სოციალ-დემოკრატიული პრესაც ხშირად წერდა

დამფუძნებელი კრების მიერ მინიჭებული მანდატით 1921 წლის მარტში გიორგი ერაძე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს, დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის და ლევილის ქართული მამულის მართველი საზოგადოების წევრი. 1949-1970 წლებში იყო ლევილის ქართული მამულის საზოგადოების მმართველი. აქტიური წვლილი შეიტანა ლევილის მამულის განვითარებაში და მთავრობის არქივის შენახვის საქმეში. ლევილში ცხოვრებისას თავს სოფლის მეურნეობით და ფიზიკური შრომით ირჩენდა. გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, „უცხოეთის ცის ქვეშ“, ტ. III, 1993;
  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 108, 109;
  • თსუ ბიბლიოთეკა, მამია და ქრისტინე ბერიშვილების კოლექცია. დოკ. სდრ-727/ბერ-720, სდრ-146/ბერ-139;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №126.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გიორგი ერაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები