ერთა ლიგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთა ლიგა - 1919 წელს მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნა, როგორც ვერსალის საზავო ხელშეკრულების სისტემის ნაწილი. მისი დამფუძნებელი იყო 44 ქვეყანა.

I მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა წარმოდგენა, რომ საყოველთაო მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდებოდა სახელმწიფოთა შორის დიალოგის და საერთაშორისო წესების უზენაესობის დამკვიდრებით.

ერთა ლიგის მუშაობას ხელმძღვანელობდა გენერალური მდივანი (გენერალური სამდივნოს საშუალებით). ერთა ლიგის ჟენევაში მდებარე მთავარი მმართველი ორგანოები იყო:

1. საბჭო - შედგებოდა 4 მუდმივი (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია) და 4 არჩევითი წევრისგან. 1934 ერთა ლიგაში მიიღეს სსრკ, რომელიც აგრეთვე გახდა საბჭოს მუდმივი წევრი 1939 წლამდე, როდესაც ფინეთთან ომის დაწყების გამო გარიცხეს ლიგიდან. საბჭოს ფუნქცია იყო, კონფლიქტის დროს შეესრულებინა მედიატორის როლი, გაენეიტრალებინა აგრესორი ეკონომიკური სანქციების გზით.

2. ასამბლეა - მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველი მცდელობა. ასამბლეაზე განიხილებოდა სხვადასხვა სახის მსოფლიომპრობლემები და მიიღებოდა გადაწყვეტილებები. თითოეულ ქვეყანას ჰქონდა ერთი ხმა. ნებისმიერ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, ვეტო დაედო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. ამ ერთი შეხედვით დემოკრატიულმა პრინციპმა არაქმედითი გახადა ერთა ლიგა, ვინაიდან მნიშვნელოვანი საკითხები ხშირად იბლოკებოდა.

3. საერთაშორისო სასამართლო - მდებარეობდა ქ. ჰააგაში. შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული 15 მოსამართლისგან და განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს.

ამის გარდა, ერთა ლიგას გააჩნდა სხვა სტრუქტურებიც: სამანდატო კომისია - დიდ ქვეყნებს სამანდატოდ უნაწილებდა I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიისთვის ჩამორთმეულ კოლონიებს. აკონტროლებდა სამანდატო მმართველობას.

უმცირესობათა კომისია - იცავდა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს.
განიარაღების კომისიამ - აკრძალა მომწამვლელი გაზის გამოყენება ომის დროს და მოუწოდა ერთა ლიგის წევრ ქვეყნებს შეიარაღების შემცირებისკენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - მისი მიზანი იყო, ერთობლივი ძალისხმევით დაეძლიათ I მსოფლიო ომის დროს და შემდგომში გავრცელებული გადამდები დაავადებები. ახორციელებდა ახალი მედიკამენტების შექმნის, ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა აქტუალურ პროგრამებს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - ადგენდა შრომის პირობების, უსაფრთხოებისა და ადეკვატური ანაზღაურების სტანდარტებს.
ლტოლვილთა ორგანიზაცია - ზრუნავდა I მსოფლიო ომის დროის სამხედრო 139 ტყვეთა რეპატრიაციისა და უსახლკაროდ დარჩენილ ლტოლვილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.

ერთა ლიგას ჰქონდა სხვა კომიტეტებიც, რომლებიც ზრუნავდნენ: ქალთა უფლებების დაცვაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურდა ფინანსურ პრობლემებზე.

რწმენა, რომ მშვიდობა ყველა სახელმწიფოს საერთო ინტერესი და სურვილია და რომ ყველა პოტენციური კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლება, იდეალისტური და უტოპისტური იყო. იდეალისტური ილუზიების უმაღლესი მწვერვალი იყო 1928 წლის 27 აგვისტოს 15 სახელმწიფოს, მათ შორის აშშ, გერმანიის, იაპონიის და ინდოეთის მიერ პარიზში ხელმოწერილი ბრიან-კელოგის პაქტი. ამ პაქტის მიხედვით, მიუღებლად ცხადდებოდა საერთაშორისო წინააღმდეგობების დაძლევა ომის მეშვეობით. ყველა სადავო საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრილიყო.

1932 აშშ-ის მთავრობის მიერ მიღებული სტიმსონის დოქტრინის მიხედვით, აშშ უარს აცხადებდა ძალის ნებისმიერი გამოყენებით შეძენილი ტერიტორიების დიპლომატიურ ცნობაზე. ამ დადგენილებების რეალობად ქცევა შეუძლებელი აღმოჩნდა. 20-იან წლებში ერთა ლიგამ მართლაც შეძლო რამდენიმე კონფლიქტის ეფექტურად მოგვარება, მაგრამ 30-იანი წლების მოუგვარებელმა კონფლიქტებმა (იაპონიის აგრესია მანჯურიაში, გერმანიის მიერ რაინის ოკუპაცია, იტალიის მიერ ეთიოპიის ოკუპაცია, ესპანეთის სამოქალაქო ომი, გერმანიის აგრესია ჩეხოსლოვაკიასა და ავსტრიაზე) აზრი დაუკარგა ერთა ლიგის არსებობას და მსოფლიო ახალ მასშტაბურ ომში ჩაითრია. 1941 წელს ერთა ლიგის გენერალური ასამბლეის უკანასკნელი სხდომა გაიმართა. ხოლო 1946 წლის აპრილში ერთა ლიგამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და ასპარეზი თავის მემკვიდრეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაუთმო.

ერთა ლიგა და საქართველო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცდილობდა, ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო და ამით დაეცვა თავისი უსაფრთხოება. 1919 წლის 21 მაისს და 1920 წლის 1 სექტემბერს საქართველოს დელეგაციამ (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე) სპეციალური მემორანდუმით მიმართა ერთა ლიგას. მემორანდუმში საქართველოს მთავრობა ითხოვდა ერთა ლიგის წევრად საქართველოს მიღებას. ეს თხოვნა გაიმეორა 1920 წლის სექტემბერში დასავლეთ ევროპაში საგანგებოდ მივლინებულმა საქართველოს კიდევ ერთმა სამთავრობო დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით.

1920 წლის 15 ნოემბერს ჟენევაში მუშაობა დაიწყო ერთა ლიგის პირველმა სესიამ. დღისწესრიგის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო რიგ სახელმწიფოთა, მათ შორის საქართველოს, გაერთიანება ლიგაში. ეს საკითხი დაევალა მეხუთე განსაკუთრებულ კომისიას 36 წევრის შემადგენლობით. კომისია მუშაობდა ჩილელი დელეგატის ანტონიო ჰონელუსის თავმჯდომარეობით. კომისიამ წარმოადგინა ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა გაწევრიანების საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. საქართველოს საკითხი, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასა და კოსტა-რიკასთან ერთად, განსახილველად მესამე ქვეკომისიას გადაეცა. 1920 წლის 16 დეკემბერს ერთა ლიგაში საქართველოს მიღებას ხმას აძლევდა 24 სახელმწიფო, არჩევისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ 16 დელეგატის ხმა.

საქართველოს სასარგებლოდ ხმა მისცა 10-მა სახელმწიფომ: სამხრეთ აფრიკამ, ბოლივიამ, კოლუმბიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, პარაგვაიმ, სპარსეთმა, პორტუგალიამ, შვეიცარიამ და ჩილემ;

წინააღმდეგი გამოვიდნენ:ავსტრალია, კანადა, კუბა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ზელანდია, ნიდერლანდები, ჩეხოსლოვაკია, დანია;

თავი შეიკავეს: ბელგიამ, პოლონეთმა, შვეციამ, რუმინეთმა

საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა. უარის თქმის ძირითადი მოტივი იყო ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების უზრუნველყოფა. ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.

ბონდო კუპატაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები