ერთობა (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთობა - (15.III.1917 - 16.III.1921, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) - ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული გაზეთი. გამოდიოდა „თანამედროვე აზრის“ (1915-1917) ნაცვლად. 1918 წლის 26 ნოემბრიდან იწოდებოდა, როგორც „ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა“.

გაზეთს თავდაპირველად რედაქტორობდა ვლ. ბობოხიძე, 1920 წლის ივლისიდან კი – ლევან ნათაძე. იბეჭდებოდა „რუხაძის სწრაფლმბეჭდავ სტამბაში”; 1917 წლის 1 ივლისიდან - „ერთობის“ სტამბაში. გაზეთმა 1918 წლის 28 იანვრიდან შემოიღო ყოველკვირეული სატირულ-იუმორისტული ფურცელი „ეშმაკის მათრახი“. 1921 წლის თებერვალში მთავრობის მიერ თბილისის დატოვების გამო „ერთობის“ ბოლო ნომრები ქუთაისსა და ბათუმში გამოვიდა.

პარტიული გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაზეთი იდეოლოგიური მიზანდასახულობით შერჩეული, მეტწილად ინფორმაციული ხასიათის მასალით შემოიფარგლებოდა. თუმცა გვხვდება ანალიტიკური პუბლიკაციებიც, რომელთა უმრავლესობა სარედაქციო თვალსაზრისს გამოხატავდა და მენშევიკური ხელისუფლების იდეური მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებდა. მათი უმრავლესობა ხელმოუწერელი იყო.

მიუხედავად ოპერატიულ ჟანრთა პრიმატისა, იბეჭდებოდა განსხვავებული თემატიკის პუბლიკაციებიც, რომლებიც სხვადასხვა რუბრიკის ქვეშ ერთიანდებოდა. „ერთობის“ გამოცემა დაკავშირებულია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასთან და, შესაბამისად, გაზეთში უამრავი მასალა გვხვდება ამ საკითხთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობას ეძღვნება, მაგალითად, ნოე ჟორდანიას წერილი „დემოკრატია და საქართველოს სახელმწიფოს ორგანიზაცია“ (1918, №181-184,192-193).

დიდი ყურადღება ეთმობა პარლამენტის საქმიანობას, ხშირად ქვეყნდება სხდომის ანგარიშები, მომხსენებელთა ვრცელი სიტყვები და ა.შ. გაზეთი ინტენსიურად აშუქებს აგრეთვე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობას და ხშირად აქვეყნებს პარტიის ყრილობების ვრცელ ანგარიშებს. მომეტებულ ინტერესს იჩენს რუსეთში მოღვაწე ქართველებისადმი, განსაკუთრებით, ირაკლი (კაკი) წერეთლისადმი. ბეჭდავს მათი საჯარო გამოსვლის ტექსტებს. მაგ., ვრცელი პუბლიკაციებით აღინიშნა კაკი წერეთლის ჩამოსვლა თბილისსა და ბათუმში (1917, №162), რასაც ვარლამ რუხაძემ ორი ლექსიც მიუძღვნა (1917, №168). გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ მოვლენებს. ამ მიზნით შემოღებული იყო რუბრიკები: „დიდი რევოლუცია“, „დეპეშები“, „რევოლუცია პროვინციაში“. მათ ქუდქვეშ უმთავრესად იბეჭდებოდა წერილები, რომლებიც რუსეთში მომხდარ რევოლუციას, მუშათა მოძრაობასთან დაკავშრებულ სიახლეებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხებოდა (მაგ.: „რომანოვების დინასტია“ (№1, 1917), „რევოლუციონერები ნაციონალისტთა სამოსში“ (№3, 1917), „ნიკოლოზ რომანოვის გადასახლება ციმბირში“ (№110, 1917), „თავისუფლება და მშვიდობიანობა“ (№3, 1918) და სხვ.).

„ერთობამ“ უამრავი პუბლიკაცია მიუძღვნა რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის პერიპეტიებს, ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების აღებას. გაზეთი ოქტომბრის რევოლუციას „სამხედრო შეთქმულებას“ უწოდებს და დაუნდობლად აკრიტიკებს ბოლშევიზმს. ამ პათოსითაა განმსჭვალული წერილები: „რევოლუციის დაფასება“ (1917, №85) „ბოლშევიზმის სიმართლე“ (1917, №89) „ბოლშევიზმი და ანარქია“ (1917, №199), „ბოლშევიზმის დემაგოგია“ (1917, №200), „ბოლშევიკები და პრესის თავისუფლება“ (1917, №205) და სხვ. გაზეთის კრიტიკა მიმართული იყო სხვა პარტიების წინააღმდეგაც. მათ რიცხვში იყვნენ დაშნაკელები (მაგ., „დამარცხებულთა ბანაკში“ - 1917, №5), სოციალ-ფედერალისტები (მაგ., „კიდევ ფედერალისტები“ - 1917, №4). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რუბრიკა „პრესა“, რომელიც „ერთობის“ თანადროული პერიოდიკის, ძირითადად პარტიული გამოცემების, კრიტიკას ისახავდა მიზნად. მათთან გამართული მწვავე იდეოლოგიური პოლემიკა, არცთუ იშვიათად, წვრილმან კინკლაობაში გადაიზრდებოდა ხოლმე (საინტერესოა ასევე ე.წ, „ყვითელი პრესის“ კრიტიკა, რომელიც გაზეთმა ამავე სახელწოდების წერილში შემოგვთავაზა - „ერთობა“, 1919, N149).

გაზეთში წარმოდგენილი მხატვრულ-პუბლიცისტური პროდუქციაც პოლიტიკურ ამოცანას პასუხობდა და სოციალ-დემოკრატიულ იდეებს ემსახურებოდა. ნაკლებად გვხვდება მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები. ძირითადად იბეჭდება ლექსები, უმთავრესად სოციალურ თემატიკაზე, ან კონკრეტული სადღესასწაულო თარიღებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები (მაგ., 1919 წლის 1 მაისის აღსანიშნავად, ამ დღის ნომერში გამოქვეყნდა ა. აბაშელის, გ. ქუჩიშვილისა და სხვათა ლექსები). გაზეთმა გააშუქა დავით კლდიაშვილის იუბილე, რომელიც სახელმწიფო თეატრში ჩატარდა (1920, №31).

ძალზე იშვიათია პროზაული თხზულებები (მაგ.: ი. წერეთლის ესკიზი „ახალი წლის ღამე“ (1918, №1); გ. მაჩაბლის მოთხრობა „სიკვდილი“ (1918, №214); ე. მალაქიაშვილის მოთხრობა „ერთი ქალის აზრები“ (1919, №184). გარდა ერთეული შემთხვევისა, თითქმის მივიწყებულია კულტურის საკითხები. ასეთივე ვითარებაა განათლების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებთაც. თითქმის არ გვხვდება ახალგახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული პუბლიკაციები. გამონაკლისია წერილი „სტუდენტთა შორის“, რომელსაც პოლიტიკური შეფერილობა აქვს („ერთობა“, 1919, №70).

გაზეთი ეხება რელიგიურ თემატიკასაც. სტატიაში „აღდგომა“ (1917, №16) საუბარია ამ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობაზე. გაზეთი ღიად ემხრობა სეკულარიზმის იდეას. მისი აზრით, ეკლესია სახელმწიფოსგან უნდა გაიმიჯნოს, რადგან რწმენა პირადი საქმეა (1918 №99).

„ერთობა“ თავის ფურცლებზე დიდ ადგილს უთმობს როგორც მთლიანად ამიერკავკასიაში, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას (მაგ., გაზეთმა დიდი ადგილი დაუთმო დუშეთის აჯანყებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული („აჯანყების ლიკვიდაცია“ - 1918, №146); ასევე, აფხაზეთში მიმდინარე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს („აფხაზეთის საკითხი“ - 1919, №152), სინანულით აუწყებს მკითხველს ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის დაპყრობის ამბავს („ბოლშევიკური გადატრიალება ბაქოში“ (1920, №95) და საქართველოს მიმართ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ აფრთხილებს მას („წითელი არმიის კავკასიასთან მოახლოების გამო“(1920, №4). გარდა ზემომოხმობილისა, გაზეთში წარმოჩენილია თანადროულობის სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენები: საზეიმოდაა აღნიშნული დასავლეთის სახელმწიფოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის ფაქტი, საქართველოს დამოუკიდებლობის სამივე წლისთავი; ყველა ის საგულისხმო მოვლენა, რასაც ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

მანანა შამილიშვილი

ლიტერატურა

  • გაზ. „ერთობა“, 1917-1921;
  • შ. გაგოშიძე, „ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (XX საუკუნის 20-იანი წლები)“, ნაკ. 1, თბ., 2004;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947.

იხილე აგრეთვე

საქართველოს გაზეთები

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები