ერირეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერირეჲ (ბალყ.-ყარაჩ. Эрирей) – მარცვლეულის ლეწვის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. ზოგიერთი ლოცვის ტექსტებში ერქლის ვაჟად იწოდება. მის სახელობაზე მღეროდნენ საგაზაფხულო თესვის პროცესში და შემოდგომით კალოზე მარცვლეულის ლეწვის დროს. ვიდრე ლეწვას შეუდგებოდნენ, ჯერ ერირეჲს მსხვერპლს შეწირავდნენ და საწესო სუფრას გაშლიდნენ. მუშაობას მზის ჩასვლისთანავე იწყებდნენ. პირველ ძნასა და მხვნელთა მწვანე დროშას, რომელსაც დიდრქიანი ჯიხვის გამოსახულება ამშვენებდა, კარგად სახილველ ადგილზე აღმართავდნენ. ახალი მოსავლით დაყენებული ბოზათი სავსე თასს მიართმევდნენ თამადას, რომელიც ერირეჲს სადიდებელს იტყოდა:

კეთილშობილო ერირეჲ,
გულუხვო ერირეჲ,
მოგვეცი ბევრი მარცვალი,
რათა თასები ცარიელი არ იყოს,
რათა შიმშილს არასოდეს განვიცდიდეთ.
ან კიდევ:
ოჲ, ერეჲდ, ერეჲდ
ბარაქიანი ჰყავი ყანები, ოჲ!
ეჲ, ერეჲდ, ერეჲდ,
ყანებს უყურადღებოდ არ დავტოვებთ!

ერირეჲსათვის მიძღვნილ სხვა სადიდებლებში იგი ჭექა-ქუხილის ღვთაებასთან – ჩოფასთან -ერთად იხსენიება:

წარმოთქვამ ერირეჲს – ეს ბარაქაა,
ღატაკი შეწევნა – მადლია.
ერირეჲ ჩოფა, ერირეჲ ჩოფა!

ჩოფა-თოჲს დღეობის დროსაც ერირეჲსა და ჩოფას მიმართავდნენ:

ცის დედა – თეირის მსახური,
მიწის დედა – თეირის მსახური,
წყლის დედა – თეირის მსახური,
ცეცხლის დედა – თეირის მსახური,
ელჲარი შოფა, უა-ა, ელჲარი შოფა,
არირეჲ, არირეჲ, ირეჲ არირეჲ,
არირეჲ ამბობს, შოფა მღერის:
„შოფა არირეჲ, შოფა არირეჲ“.
ცის ღმერთი – დიდი ღმერთი,
უა, უა, ჩემო ღმერთო ელეჲ,
უა, უა, შოფასთა ვიწყებ სვლას,
შოფას კალო აქვს,
არირეჲს ძალა აქვს,
იქ ჩვენ საკვები გვაქვს,
იქ, სადაც საკვებია – მოდგმა გრძელდება,
არირეჲ ამბობს, შოფა მღერის:
„შოფა არირეჲ, შოფა არირეჲ“.

გარდა სიმღერებისა, ერირეჲს ეძღვნებოდა სპეციალური ცეკვა – „ერირეჲ“, რომლის რამდენიმე ვარიანტია ცნობილი.


ლიტერატურა

  • Ортабаева Р. А.-К. Карачаево-балкарские народные песни. Традиционное наследие. Черкесск, 1977;
  • Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Малкондуев Х. Х. Обрядово-мифологическая поэзия балкарцев и карачаевцев. Жанровые и художественно-поэтические традиции. Нальчик, 1996;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები