ერისთავი გიორგი (დრამატურგი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ერისთავი

ერისთავი გიორგი − (ფსევდონიმი: „გლუხარიჩი“), (1813-1864), დრამატურგი, პოეტი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ — მოსკოვის კერძო პანსიონში. 1827 წ. დაიწყო სამხედრო სამსახური. 1832 წ. შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს ქ. ვილნოში (ვილნიუსში), სადაც ქვეითთა დივიზიაში გაამწესეს. აქ შეისწავლა პოლონური ენა და დაუახლოვდა მოწინავე პოლონელთა ოჯახებს.

გადასახლებაშივე გაიცნო და დაუმეგობრდა გ. ორბელიანს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1842) მსახურობდა სხვადასხვა ქალაქებში მაზრის უფროსის თანაშემწედ და უბნის მოსამართლედ. იყო ნამდვილი წევრი „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა“ და „სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოებისა“. 1849 წ. გ. ერისთავი თავს ანებებს სამსახურს და მთლიანად ლიტერატურულ საქმიანობას ეძლევა.

შემოქმედება

მისი პირველი თხზულებებიდან ჩვენამდე მოაღწია პოემა „ოსურმა მოთხრობამ“, რომელიც არასრული სახით დაიბეჭდა „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანიში“ (1832), ხოლო დასრულებული, სათაურით „ზარე და ყანიმათ“, „ცისკარში“ (1853). პოემაში ისტორიული წარსულის ფონზე ავტორი აშუქებს აწმყოს მტკივნეულ საკითხებს, რითაც სამოციანელთა წინამორბედად გვევლინება. ამ თხზულებაში თავს იჩენს 1832 წ. შეთქმულების მონაწილეთა შეხედულებები.

გ. ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროვნულ-პატრიოტული და სატრფიალო მოტივები, რომანტიკული განწყობილებები. სოციალური შინაარსის სატირულ ლექსებსა და კომედია-პოემაში „შეშლილი“ ასახულია მაღალი საზოგადოების ზნეობრივი გადაგვარება, დაპირისპირებულია მეშჩანთა და ინტელიგენტთა წრეები, აღძრულია პოეტის დანიშნულების საკითხი და ნაჩვენებია მისი მძიმე ხვედრი იმდროინდელ საზოგადოებაში.

უფრო მნიშვნელოვანია გ. ერისთავის დრამატული ნაწარმოებები, რომლებმაც სათავე დაუდეს ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, საფუძველი ჩაუყარეს ქართულ თეატრს. კომედია „გაყრის“ (1849) დადგმით (1850 წ. 2 იანვარი) საფუძველი ჩაეყარა ქართულ პროფესიულ თეატრს, რომელსაც წლების განმავლობაში (1850-54) თავადვე ხელმძღვანელობდა. გ. ერისთავის კომედიები საყოფაცხოვრებო და სოციალურ- პოლიტიკური ხასიათისაა. „დავაში“ (1840), „ძუნწში“ (1850), „გაყრაში“, „წარსული დროების სურათებში“ კოლორიტულად არის ნაჩვენები სავაჭრო კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებით ფეოდალურ- ნატურალური მეურნეობის რღვევისა და თავად-აზნაურთა დეგრადაციის სურათი.

გ. ერისთავს, როგორც კომედიოგრაფს, ქართულ მწერლობაში წინამორბედი არ ჰყოლია. მისი გზის გამკვალავნი იყვნენ პუშკინი, გრიბოედოვი, გოგოლი; კარგად იცნობდა ევროპელ დრამატურგებსაც.

თარგმანები

გ. ერისთავს თარგმნილი და გადმოკეთებული აქვს პიესები „თილისმის ხანი“, „ყვარყვარე ათაბაგი“, გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“, ნ. ხმელნიცკის, ნ. ლეონტიევის, ნ. კულიკოვის, ჰალმის დრამები; თარგმნა აგრეთვე მიცკევიჩის სონეტები, შილერის, პეტრარკას, ჰიუგოს, ბერანჟეს, პუშკინის, ლერმონტოვის, სოლოგუბის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის ნაწარმოებები, რომლებიც იბეჭდებოდა მისი ინიციატივით დაარსებულ „ცისკარში“ (1852–53). მანვე კ. ლაფჩინსკისთან ერთად 1850- 54 წწ. პოლონურად (1850-54 წწ.) პროზაულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ (გამოქვეყნდა ჟურნალ „ბიბლიოტეკა ვარშავსკაში“ 1863 წ.).

1862 წ. გ. ერისთავმა ევროპაში იმოგზაურა და თავის შთაბეჭდილებები აღწერა დღიურებში „ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისიდგან“. გ. ერისთავის მიმდევრები იყვნენ დრამატურგები ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე.


თხზულებანი

  • პიესები, 1950;
  • თხზულებანი, 1966.[[1]]

ლიტერატურა

  • კ. აბაშიძე, ეტიუდები, II, თფ., 1911 [[2]];
  • ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, I, 1954 [[3]];
  • მ. ზანდუკელი. ახალი ქართული ლიტერატურა, II, 1962 [[4]];
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, III, 1969 [[5]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები