ერისთავი კონსტანტინე (მწერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერისთავი კონსტანტინე (კოწია) – (1859 – 1931), პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ქართველი დენდი. ფრანგი ტურესის პანსიონში სწავლისა (1871 – 1873) და პეტერბურგის, ავსტრიის მოვლის შემდეგ, ქუთაისის ცხენოსანთა რაზმის შემადგენლობაში იბრძოდა რუსეთ-ოსმალეთის ფრონტზე, საქართველოს სამხრეთის პროვინციების დაბრუნების იმედით. ბათუმში ხელმძღვანელობდა მუსლიმან ქართველთა ათეულს, ოზურგეთში თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1878 წლიდან. ავტორია კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის პოპულარულ სიმღერად ქცეული ლექსისა: „ერთხელ ვიხილე ბაღში ყვავილი“ (კინოფილმი „ქეთო და კოტე“). მისი კრებული „ლექსნი“ 1887 წელს დაიბეჭდა თბილისში. 1904 წელს ქუთაისში დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული დრამატული ფანტაზია „ბრმა“. ეს პიესა 1905 წელს აქვე გამოვიდა წიგნად. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქუთაისში ქართული დრამატული საზოგადოების დაარსებაში. წლების მანძილზე იყო ამ საზოგადოების თავმჯდომარე. 1926 წელს დაწერა კინოსცენარი „ლაზისტანის უკანასკნელი მფლობელი“ – სამუსლიმანო საქართველოს ყოფა-ცხოვრებაზე. ამავე თემას ეხება მისი მოთხრობა „ყან ალმალი“ (1930). მთავარი როლი აქვს შესრულებული ალექსანდრე წუწუნავას ფილმში „ჯანყი გურიაში.“ დაკრძალულია თბილისში, ვერის ახალ სასაფლაოზე.


* * *
ერთხელ ვიხილე ბაღში ყვავილი,
მხმარი, უსუნო, გავსილი სილით,
შენგნით უმიზნოდ ის მოწყვეტილი
და დაგდებული იქვე სიცილით.
აგრეთვე მეცა შენ მომიჯადე
გული უმანკო, უცადი, ჩჩვილი,
თურმე ხუმრობით გსურდა გეცადე,
შემდეგ დამაგდე, ვით ის ყვავილი.
ხშირად მსურს, სატრფოვ, რომ დაგაყვედრო,
გკითხო, თუ რისთვის იცელქე აგრე;
რად მომიწამლე სარწმუნოებს,
რისთვის მოსწყვიტე ყვავილი ადრე?
ყვავილი კიდევ იყვავილებდა,
გაახარებდა მასზე მჯდარ ბულბულს,
მეც ყმაწვილს ვინმე შემიყვარებდა, –
აწი რა ვუყო ჩემს დამსხვრეულ გულს?


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები