ერიქსონი ერიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერიქსონი ერიკ

ერიქსონი ერიკ - Erikson Erik, Эриксон Эрик, 1902–1994

ამერიკელი ფსიქოლოგი და სოციოლოგი, ეგოფსიქოლოგიის ერთერთი მთავარი წარმომადგენელი, ფსიქოისტორიის შემქნელი. ახალგაზრდობა გაატარა გერმანიაში. გატაცებული იყო ფერწერით. 1927-1933 წლებში სწავლობდა ვენის ფსიქოანალიზურ ინსტიტუტში და გადიოდა პირად ფსიქოანალიზს ა. ფროიდთან. 1933 წელს, გერმანელი ნაცისტების მიერ ავსტრიის დაპყრობის შემდეგ, გადასახლდა ოჯახით აშშ-ში. თავდაპირველად ცხოვრობდა და მუშაობდა ბოსტონში, სადაც ეწეოდა პრაქტიკას ბავშვის ფსიქოანალიზის მიმართულებით ჰარვარდის სამედიცინო კლინიკაში. ამ დროს დაამყარა პირადი და თანამაშრომლობითი ურთიერთობა გამოჩენილ მეცნიერებთან: ჰ. მიურეისთან, კ. ლევინთან, რუთ ბენედიქტთან, მარგარეტ მიდთან. შემდგომში ერიქსონი წარმატებით მოღვაწეობდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში (იელი, ბერკლი, ჰარვარდი). სამსახურიდან გადადგომის შემდეგაც (1970), გარდაცვალებამდე განაგძობდა აქტიურ მოღვაწეობას ერიქსონის ცენტრში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) და წიგნების წერას.

ერიქსონის პირველი წიგნი, რომელმაც ავტორს - ეგოფსიქოლოგიის წამყვან მკვლევარს - საყოველთაო აღიარება მოუტანა, იყო „ბავშვობა და საზოგადოება” (1950). წიგნი 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და მასში გადმოცემულია ერიქსონის ეპიგენეზური თეორიის ძირითადი შინაარსი. 1956 წელს გამოიცა წიგნი „ლუთერის ახალგაზრდობა”, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ დარგს - ფსიქოისტორიას. შემდგომი წიგნი ამ დარგში - „განდის ჭეშმარიტება” (1969) - აღინიშნა პულიტცერის პრემიით, რითაც ავტორის სამწერლო ნიჭიერებაც დაფასდა. ამის გარდა, ერიქსონმა ფსიქობიოგრაფიის განხრით იკვლია მ. გორკის, ვ. ვილსონის, ზ. ფროიდის, ბ. შოუს, თ. ჯეფერსონისა და ა. ჰიტლერის პიროვნებები.

ერიქსონის ფსიქოლოგიური შეხედულებები დაფუძნებულია თავისთავთან მუდმივ იგივეობად განცდილი ფსიქოსოციალური იდენტურობის ცნებაზე. იდენტურობის ჩამოყალიბება არსებითად პიროვნების, მეობის ჩამოყალიბებაა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს და რვა სტადიას გაივლის {ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები}. ერიქსონი ნაწილობრივ ზ. ფროიდის მიმდევარი იყო, არ კარგავდა კავშირს ფსიქოანალიზთან, რომლის პოზიციებდან გამოიკვლია ურთიერთკავშირი სოციალურ რყევებსა (ომები, რევოლუციები და სხვა) და მასობრივ ნევროზებს შორის. მაგრამ ერიქსონი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებდა არა ქვეცნობიერს, არამედ ცნობიერ მეობას (ამიტომაც უწოდა თავის თეორიას „ეგოფსიქოლოგია”); აგრეთვე, არ იფარგლებოდა ბავშვობით. ამაშია არსებითი განსხვავება კლასიკურ ფსიქოანალიზსა და ერიქსონის თეორიას, ეპიგენეზური თეორიას შორის.

ერიქსონი, როგორც პრაქტიკოსი, მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტირებისა და ფსიქოანალიზის ფარგლებში. ფსიქოთერაპიული საქმიანობის აზრს იმაში ხედავდა, რომ აღედგინა ავადმყოფის იდენტურობის განცდა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები